გილოცავთ მასწავლების ეროვნულ დღეს!
მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება წინ გადადგმული ნაბიჯია, მასწავლებლის ავტორიტეტის ასამაღლებლად. წავიდა ის დრო, როდესაც განათლების სისტემაში არსებულ ყველა ნაკლოვანებას მასწავლებლებს აბრალებდნენ.

უკანასკნელ წლებში, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა პროფესიის პრესტიჟის ამღლების მიზნით. გაუმჯობესდა მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობები. სამწუხაროდ, საბოლოო მიზნამდე - ღირსეული ადგილი დაიკავოს მასწავლებელმა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!

რა როლს ასრულებდა მასწავლებელი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად მაღალი ნდობით სარგებლობდა საერთო სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ამის უამრავი მაგალითია ჩვენს ისტორიაში. მოვიყვან მხოლოდ ერთს: 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრების წევრთა 18% პედაგოგი იყო და ეს ტენდენცია პირველი რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში შენარჩუნდა.

მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესება სიმბოლურია. იგი უკავშირდება დიდი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერული პედაგოგიკის დამფუძნებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.

მასწავლებლის ეროვნული დღე, სიამაყესა და სიახარულთან ერთად, პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ მასწავლებელს. და, თუ გვინდა, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე გადაიქცეს რეალურ საერთო სახალხო დღესასწაულად, მაშინ მასწავლებლებმა გაათმაგებული ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. ამის პოტენციალი მასწავლებლეთა საზოგადოებაში არის!

ღრმად გვწამს, მასწავლებლები გაართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი დღენიადაგ ვიზრუნებთ თქვენი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული უფლებების დაცვისა და გაუმჯობესებისათვის!

გილოცავთ!