2023-2024 აკადემიური წლის დასაწყისში, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფკავშირის საქმიანობის პოპულარიზაციისა და პროპაგანდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა რეგიონალური შეხვედრები - ,,ახალი სასწავლო წელი და პროფკავშირის ამოცანები”
მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავის, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების 200-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
გურჯაანის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ახალი აკადემიური სასწავლო წლის გამოწვევების შესახებ პროფკავშირის ხედვა და მიდგომები გააცნო. მან ისაუბრა მასწავლებელთა პირობების გაუმჯობესებისათვის სპმთპ-ის ინიციატივებზე, რაც წარდგენილია განათლების სამინისტროში. მაია კობახიძემ განმარტა სპმთპ-ის უფლებამოსილება დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისა და არჩევნების პროცესებთან მიმართებაში.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა პირველადი პროფკავშირების განსაკუთრებული როლი: ,,ინიციატივები უნდა მოდიოდეს თქვენგან! ჩვენ საერთო პრობლემებზე ვმუშაობთ და ინდივიდუალურ საკითხებზე თქვენ უნდა იაქტიუროთ. ესაა პროფკავშირის არსი და პრინციპული განსხვავება პროფკავშირსა და სხვა ორგანიზაციებს შორის!”
სკოლების თვითმართველი ორგანოების - სამეურვეო საბჭოებისა და დისციპლინური კომიტეტების ფუნქციებზე და დარღვევებზე საუბრისას მაია კობახიძემ დასძინა:
,პრაქტიკაში დავამკვიდრეთ, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, დისციპლინური კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს განხილვებში ჩვენი იურისტების ჩართვა! სკოლის თვითმმართველმა სტრუქტურებმა ობიექტურად უნდა შეისწავლონ მასწავლებლის სავარაუდო გადაცდომა. ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სკოლის სტრუქტურები უკრიტიკოდ და უპირობოდ ასრულებენ დირექტორთა მოთხოვნას. მივმართავთ სასამართლოს, არაობიექტურად დაკისრებული სახდელების თაობაზე და სასამართლო ადასტურებას სკოლის უკანონო გადაწყვეტილებებს. დისციპლინური კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს წევრებს, რბილად რომ ვთქვთ უხერულება უმდა ექმნებოდეთ! მოგიწოდებთ, ნუ გეშინიათ! ახლა სხვა ეტაპზე ვართ! რაც დავაყენეთ ყველა საკითხი გადაიჭარა! განვასხვაოთ ერთმანეთისგან დაპირისპირება და ინტერესების დაცვა! თანამშრომლობა და დაქვემდებარება! მეგობრობა და კოლეგიალობა!”
სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში პედაგოგთა დაცვის ეფექტური მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობასთან მიმართებაში, დისციპლინური კომიტეტების, სამეურვეო საბჭოების წევრებისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერების მონაწილეობით, უკანონო გადაწყვეტილებების თავიდან აცილების მიზნით, ჩატარდება სემინარები და სწავლება.
მაია კობახიძემ სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარის როლანდ ხოჯანაშვილის კოორდინაციით და გაგრძლედება რეგიონალური და ეროვნული კონფერენციები, თემაზე ,,პირადი პრაქტიკის კოლეგებისთვის გაზიარება”ეს დაეხმარება მასწავლებლებს პროფესიული ვალდებულებების შესრულებაში.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარობდა. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერებმა და აქტივმა საინფორმაციო მასალები მიიღეს, დააყენეს აქტუალური საკითხები და წინადადებები შემდგომი რეაგირებისათვის.