1. მიზეზი;
2. დევნის მეთოდები;
3. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირება;
4. დირექტორის გადაწყვეტილება სამინსიტროს გაფრთხილების შემდეგ.
მიზეზი:
2021 წლის 14 სექტემბერს, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ გაათავისუფლა 4 მასწავლებელი. სამი მასწავლებლის მოთხოვნით მივმართეთ სასამართლოს. მასწავლებელთა უფლებებს იცავდა სპმთპ-ის იურისტი. ყველა ინსტანციის სასამართლოებმა გათავისუფლებები ცნო უკანონოდ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დირექტორის უკანონო და თვითნებური ქმედების გამო სკოლას დაეკისრა 100 000 (ასი ათასი) ლარზე მეტი განაცდური. სასამართლოების მიმდინარეობის პერიოდში ,,შეურაცხყოფილმა“ დირექტორმა მთავარ დამნაშავედ მიიჩნია სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ბარისაშვილი.
დევნის მეთოდები:
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა პროფკავშირის მიმართ ბრალდებებს, რომ პროფკავშირს არ გვაქვს უფლება სასამართლოში დავიცვათ მასწავლებლები, პროფკავშირმა მივაყენეთ ზარალი სკოლის ბიუჯეტს და სხვა. ამის პარალელურად დირექტორი კაკაბაძე ზეწოლებს ახდენდა პროფკავშირის წევრ მასწავლებლებზე და მათი უკეთ დაშინების მიზნით დაიწყო უწყვეტი ციკლი დისციპლინური სხდომების, პროფკავშირის წევრი მასწავლებლების ,,გადაცდომებზე“, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა მასწავლებლებზე სახდელების დაკისრებით.
1. განრისხებული დირექტორისთვის განსაკუთრებული შეტევების ობიექტი გახდა თამარ ბარისაშვილი, რომელსაც 2023 წლის 21 თებერვალს დააკისრა დისციპლინური სახდელი - „შენიშვნა“, ჯეო კლასის 15 წუთით გამოყენებისათვის, სადაც შედგა ონ-ლაინ შეხვედრა სპმთპ-ის ხელმძღვანელებსა და 24-ე საჯარო სკოლის პროფაქტივთან. ამ შეხვედრაში თავად თამარ ბარისაშვილს მონაწილეობა არ მიუღია. ,,პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ,,დამსაქმებლის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია, არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის საჭირო პირობები, გადასცეს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისათვის სათავსები, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე“. თამარ ბარისაშვილის დისციპლინური სახდელი ,,შენიშვნა“ გავასაჩივრებულია სასამართლოში.
2. დირექტორის რჩეულმა მასწავლებელმა თეა ბერიშვილმა წერილობით მიმართა დირექტორს, თითქოსდა თამარ ბარისაშვილი შეურაცხყოფდა კოლეგას. დისციპლინური საქმე არ აღიძრა, თამარ ბარისაშვილის არგუმენტირებული ახსნა-განმარტების შემდეგ. 2023 წლის 31 მაისს, თეა ბერიშვილმა განმეორებით მიმართა დირექტორს: ,,პროფკავშირის კრებაზე თამარ ბარისაშვილი მომიხსენიებდა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და არწმუნებდა კოლეგებს, რომ მე დირექტორთან შეთანხმებით, მხარი დავუჭირე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, ინგლისური ენის პედაგოგის ე. გოგოლაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ამის უფლება არ მქონდა, რომ დირექტორის გადაწყვეტილებები მთელმა სამეურვეო საბჭომ ,,გავაპრავეთ“. ცნობისათვის, ე. გოგოლაძე არის ზემოაღნიშნულ ოთხ გათავისუფლებულ მასწავლებელთა შორის ერთ-ერთი. დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გამოიკითხა 13 პროფკავშირის წევრი, რომელთაც არ დაადასტურეს თამარ ბარისაშვილისადმი ბრალდებები. მიუხედავად ამისა, თამარ ბარისაშვილის გათავისუფლებით დაინტერესებულმა დირექტორმა, 2023 წლის 18 ივლისს, თამარ ბარისაშვილს დააკისრა სახდელი ,, საყვედური“ არარსებულ საქმეზე. სამეურვეო საბჭოში გასაჩივრების შემდეგ, დირექტორის ბრძანებების უპირობოდ შემსრულებელმა სამეურვეო საბჭომაც კი, ისევ დისციპლინურ კომიტეტს დაუბრუნა საქმე, ხელახლა განსახილველად (ოქმი N13 2023/09/19). ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა, ეს სახდელი გამოყენებულია თამარ ბარისაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში, როგორც საფუძველი.
3. შთამბეჭდავია დირექტორ კაკაბაძის მოღვაწეობა და შესაძლებლობები: მან 2023 წლის 18 ივლისს ორი სახდელი დააკისრა თამარ ბარისაშვილს: ზემოაღნიშნული ,,საყვედური“, ბრძანება N1/კ-71 და ასევე თითიდან გამოწოვილი სახდელი „გაფრთხილება“, ბრძანება N1/კ-72. დისციპლინური სახდელი „გაფრთხილება“ თამარ ბარისაშვილს დაეკისრა დირექტორის გაუფრთხილებლად სკოლის დატოვების მიზეზით. დაწყებული იყო არდადეგები. თამარ ბარისაშვილი სკოლაში გამოცხადდა, ჩვეულებისამებრ, 9:00 სთ-ზე. მან სკოლა დატოვა 10:10 წთ-ზე, იმ მიზეზით, რომ იგი იყო მიწვეული სხვა სკოლაში მასწავლებლის შესარჩევი კომისიის წევრად. თამარ ბარისაშვილი დაბრუნდა სკოლაში 15:00 საათზე. მან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის ცნობაც წარუდგინა დისციპლინურ კომიტეტს, რომელმაც არაფრად ჩააგდო. არც არდადეგების პერიოდი იქნა გათვალისწინებული.
4. დირექტორ კაკაბაძეს 2022 წლის ნოემბერში მცდელობა ჰქონდა თამარ ბარისაშვილისთვის დაებრალებინა ბავშვზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც მომენტალურად უარყო, როგორც თავად მოსწავლემ, ისე დანარჩენმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმაც კი. დირექტორმა საქმის შესწავლაში ჯერ არ ჩართო მანდატურის სამსახური, რისი უფლებაც არ ჰქონდა. იმის გამო, რომ დირექტორს ამ საქმეში შეხვდა გადაულახავი წინააღმდეგობა მოსწავლეებისა და მშობლების სახით, შემდეგ მიმართა მანდატურის სამსახურს გამოსაძიებლად, რომელმაც თამარ ბარისაშვილის ბრალეულობა ვერ დაადგინა. თუმცა, ეს საქმეც არ დასრულდა დირექტორისთვის მთლად უშედეგოდ, პირველი რომ აჩვენა სხვა მასწავლებლებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მათზეც გაიმეოროს იმავე და რაც მთავარია სხვა მასწავლებელს დააკისრა დისციპლინური სახდელი „საყვედური“, რადგან თითქოს ამ უკანასკნელმა იცოდა შესაძლო ძალადობის შესახებ და არავის შეატყობინა.
მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი ვერ დაადასტურა დირექტორმა, ვერც მანდატურის სამსახურმა და შემდეგ უკვე, ბავშვების ,,გულშემატკივარმა“ დირექტორმა მიმართა პოლიციის მართლწესრიგის სამსახურს. აქაც ვერ მიიღო ,,სასურველი“ შედეგი. მართლწესრიგის სამსახურის პასუხი დირექტორმა დამალა. დირექტორს იმდენად სურდა ბავშვებისგან მიეღო მისი მზაკვრული გეგმისათვის სასურველი ჩვენება, რომ მათი მშობლების დასწრებისა და ნებართვის გარეშე გამოაკითხინა, რის გამოც მშობლებმა საჩივრით მიმართეს განათლების სამინისტროს. დირექტორის მხრიდან ბოლო მცდელობა იყო მამებთან დაკავშირება: ,,თქვენმა მეუღლეებმა არ გამიმართლეს და თქვენ კაცურად დამიდექით გვერდითო“, რაზეც მკაცრი და უხეში უარი მიიღო მამებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი ვერ დაადასტურა დირექტორმა, მეორე მასწავლებელს, ამ საქმეზე დაკისრებული სახდელი არ მოუხსნა.
პროფკავშირული ნიშნით დევნას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პროფკავშირის წევრ 20-ზე მეტმა მასწავლებელმა წერილით მიმართა დირექციას, რათა შეწყვეტილიყო მასწავლებლების მიერ ერთმანეთის დასმენაზე აგებული სადისციპლინო საქმეები, რომლებზეც უსაფუძვლოდ ეკისრებოდათ სახდელები. ბუნებრივია, ამ წერილს შედეგი არ გამოუღია. სამაგიეროდ, 2023 წლის 10 მაისს, დირექტორმა კაკაბაძემ ცალმხრივად გააუქმა სკოლასა და პროფკავშირს შორის 2013 წლის 15 იანვარს დადებული კოლექტიური ხელშეკრულება.
განათლების სამინისტროს რეაგირება:
სპმთპ-მ 6 წერილით მიმართა განათლების სამინისტროს დირექტორის მხრიდან პროფკავშირის წევრ მასწავლებლებზე ზეწოლის და მათი დაშინების ფაქტებზე. შიდა აუდიტის სამსახური ახორციელებდა შესწავლას და შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე სკოლას მიეცა წერილობითი ,,გაფრთხილება".
დირექტორის გადაწყვეტილება სამინისტროს წერილობითი ,,გაფრთხილების" შემდეგ:
2023 წლის 29 სექტემბერს, დირექტორმა გამოსცა ბრძანება, თამარ ბარისაშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (N1/კ-91). მან ბრძანებაში საფუძვლად მიუთითა სამი დისციპლინური სახდელი: „შენიშვნა“, „გაფრთხილება“ და „საყვედური“. „შენიშვნა“ გასაჩივრებულია სასამართლოში. „საყვედური“ სამეურვეო საბჭომ დაუბრუნა დისციპლინურ კომიტეტს, ხელმეორედ განსახილველად. გათავისუფლების ბრძანებაში კი, დირექტორი წერს, რომ სამეურვეო საბჭომ ძალაში დატოვა დისციპლინური სახდელი, ,,საყვედური".
ასე შეასრულა დირექტორმა აუდიტის დასკვნით მიღებული „გაფრთხილება“.
ბუნებრივია კითხვა, ვინ მფარველობს და ვისი იმედით აძლევს საკუთარ თავს ამდენის უფლებას სკოლის დირექტორი?
და ბოლოს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულის ინტერესების დაცვისათვის პროფკავშირის ლიდერები ხდებიან დევნისა და უსამართლო კრიტიკის ობიექტები. ჩვენთვის მთავარია, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი წევრების ნდობა, დავიცვათ მათი უფლებები, თუნდაც ეს ხდებოდეს საკუთარი უფლებების შელახვის, შეურაცხყოფის და უსამართლო კრიტიკის ხარჯზე.
ღრმად გვწამს, რომ ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ თამარ ბარისაშვილის მიმართ უკანონო ქმედებების აღკვეთას.
დიდი მადლობა ყველას, ვინც სოლიდარობას უცხადებთ ქალბატონ თამარს.