სპმთპ-ის ეროვნული კონფერენცია,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”  
ეროვნული კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ:
🟢 ,,სპმთპ-ის 1 ივლისის კონფერენციას ერთგვარი შემაჯამებელი ფუნქცია აქვს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებული მუშაობის და წარმატებული გამოცდილების კოლეგებთან გაზიარების შედეგების შესახებ.
🟢 როგორც თქვენთვის ცნობილია, რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა პედაგოგებისათვის-კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. მინდა მადლობა გადავუხადო ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ჩვენი ცენტრის დირექტორს, მარიამ მკალავიშვილს, 2014 წლიდან გაწეული მუშაობისათვის და ამ კონფერენციის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.
🟢 ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ პროფკავშირის ძირითადი საქმე არ არის პროფესიული განვითარება. ვერ დავეთანხმებით კრიტიკოსებს. სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის, ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში, განვსაზღვრეთ პრიორიტეტები და ასე გავაგრძელებთ შემდგომშიც.
🟢 ვაკეთებთ იმას, რაც ჭირდებათ მასწავლებლებს. რათქმაუნდა პროფკავშირის ძირითადი ამოცანების - მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ - ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვის პარალელურად.
🟢 ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ - ეკონომიკური პირობები. მიღწეულით არ დავკმაყოფილდებით და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. ამ ეტაპზე ძირითად პრობლემად მიგვაჩნია, პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა. იმედი მაქვს, ჩვენი წევრების მხარდაჭერითა და თანადგომით ამ პრობლემასაც გადავჭრით უახლოეს პერიოდში, რაც რადიკალურად შეცვლის და გააუმჯობესებს მასწავლებლის სადამრიგებლო, კლასკომპლექტის და სხვა დანამატების ზრდის საკითხს.
🟢 უნდა აღმოიფხვრას დისკრიმინაციული მიდგომა მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სტატუსის დანამატების ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ვგულისხმობ ძირითადად საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებს, რომლებიც ვერ იღებენ სრულად სტატუსის დანამატს, თუ სკოლას არ აქვს დანამატის სრულად გაცემისათვის საჭირო საათების რაოდენობა. მოვითხოვთ სტატუსის დანამატი გაიცეს სრულად ყველა საგნის მასწავლებელზე, ისე როგორც ეს ხდება უცხო ენების და ისტ-ის მასწავლებლებისათვის.
🟢 განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დანიის მასწავლებელთა პროფკავშირის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტმა სასურველი შედეგი გამოიღო, რაშიც დიდი დამსახურება მიუძღვით პროექტში მონაწილე მასწავლებლებს, რომელთაც სწორად გაიაზრეს პროექტის მნიშვნელობა, დაეუფლნენ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიას, წარმატებით დანერგეს საგაკვეთილო პროცესში და უზიარებდნენ კოლეგებს. პროექტის - ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის განვითარება საქართველოში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობით” ფარგლებში გადამზადებულია 400-მდე მასწავლებელი, რომელთაც გამოცდილება გაუზიარეს 1000-ზე მეტ მასწავლებელს, რეგიონალურ შეხვედრებზე. პროცესი გრძელდება, რისი დადასტურებაც არის დღევანდელი ეროვნული კონფერენცია.
🟢 მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელს. განსაკუთრებით ექვს მასწავლებელს, ჯაბა ლაბაძეს, ნათია გაბროშვილს, ეკა ჭელიძეს, აზნივ კირაკოსიანს, ლია ჩხაიძეს და მურად ემინოვს, რომელთაც გაიარეს 2-კვირიანი სტაჟირება დანიაში. ისინი გახდნენ პროექტის კოორდინატორები. დღევანდელი კონფერენციაც მათი ინიციატივით და ორგანიზებით მომზადდა. კოორდინატორებთან ერთად თქვენს წინაშე წარსდგება კიდევ 10 მომხსენებელი. მადლობა მათ ამ ძალისხმევისთვის.
🟢 აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დანიური პროექტი აღმოჩნდა წინმსწრები ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის.
🟢 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აერთიანებს პროფესიონალ მასწავლებელთა ძლიერ გუნდს! პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს და პროფესიონალი მასწავლებლების ხმა ძლიერია! ამის გათვალისწინებით, აუცილებლობად მიგვაჩნია, დავნერგოთ სისტემა, რომლის ფარგლებში, პედაგოგები ერთმანეთს გაუზიარებთ გამოცდილებას, იმსჯელებთ სწავლების მეთოდებზე, სახელმძღვანელოებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
🟢 პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. შევქმენით პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარედ სპმთპ-ის კოლეგიურმა ორგანომ-აღმასრულებელმა საბჭომ აირჩია წარმატებული მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი. მინდა მადლობა გადავუხადო როლანდს, მისთვის ჩვეული ენთუზიაზმით, მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და მოტივაციით განხორციელებული ენითაუღწერელი შრომისთვის, რაც უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში გაწია კოლეგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად.
🟢 დარბაზში გამოფენილია ბანერები, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, თუ გაქვთ სურვილი და ამაში ეჭვი არ მეპარება, თქვენ იქნებით პირველი წევრები ზემოაღნიშნული საგნობრივი ჯგუფების დამფუძნებლები, რომლებსაც შემოუერთდებიან მასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. კონფერენციის ბოლოს ხელისმოწერით დააფიქსირეთ ჯგუფებში გაწევრიანების თანხმობა. ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს დებულება, რომელსაც შემდგომ შეხვედრებზე გაგაცნობთ და თქვენი შენიშვნების მიხედვით შევიტანთ ცვლილებებს.
🟢 საგნობრივი ჯგუფების საქმიანობა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი წევრი მასწავლებლების ჩართულობისა და გააუქტიურების, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”.