სპმთპ-ის დანიურ-ქართული თანადგომისა და პარტნიორობის პროექტის ფარგლებში გრძელდება დანიისა და საქართველოს განათლების პროფკავშირებსა და სკოლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2023 წლის 12-17 აპრილს, საქართველოს, საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში ქ. კოპენჰაგენის UNESCO-ს მიერ სერტიფიცირებული გიმნაზიის - ,,Gammel Hellerup Gymnasium“ დამამთავრებელი კლასის 28 მოსწავლე ესტუმრა. ჯგუფს ხელმძღვანელობენ იმავე გიმნაზიის სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი ნილს ვინტერეიკი და ლიტერატურის მასწავლებელი კრის ჰამეკენი.
სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ ბარისაშვილის შუამდგომლობითა და სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის გადაწყვეტილებით, 13 აპრილს, აღნიშნული გიმნაზიის ,,Gammel Hellerup Gymnasium“ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ქ. თბილისის N:169 საჯაროს სკოლამ უმასპინძლა.
ქ. თბილისის N:169 საჯარო სკოლის დირექტორის მარინა დარსაველიძის ხელმძღვანელობით სკოლის ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და ეკო კლუბების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დანიელი სტუმრების დახვედრის პროგრამა მოამზადეს, სკოლის სწავლა-სწავლების პროცესების, კლუბური მუშაობის სპეციფიკის წარდგენის მიზნით. ასევე, მასპინძლებმა დანიელ სტუმრებს დაათვალიერებინეს ახლად რეაბილიტირებული სკოლის გარემო-პირობები, კომპლექსური დავალებების პირობებში შექმნილი რესურსები. ინტერაქტიული საუბრები წარიმართა ორი ქვეყნის მასწავლებლებსა და თანატოლებს შორის. დანიელი სტუმრები ჩვენი ქვეყნის მდიდარ ტრადიციებს ეზიარნენ, არაფორმალურ გარემოში იმსჯელეს სკოლებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გზებზე და სიმბოლურად სკოლის ეზოში თანატოლებმა ერთად დარგეს ხე.
ღონისძიების დასასრულს, ვიცე-პრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა დანიელ მასწავლებლებს სპმთპ-ის სახელით საქართველოს შესახებ სამახსოვრო წიგნები გადასცა, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა ქართველი მასწავლებლების მიერ შექმნილი ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიური მასალები.
 ქ. თბილისის N:169 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის სახელით შემეცნებითი ლიტერატურა შეემატა.
 დანიურ-ქართული თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტი წარმატებით გრძელდება. გასულ წლებში, უკვე საქართველოს 11 საჯარო სკოლაში შედგა დანიელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების ვიზიტი. დანიურ-ქართული პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია საქართველოს 180 საჯარო სკოლის 300-ზე მეტი მასწავლებელი. დანიური თანამედროვე მეთოდოლოგიისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა შეხვედრები გამართეს რეგიონებში, 500-მდე მასწავლებლის ჩართულობით, მათ შორის ეროვნული უმცირესობების სკოლებიდან.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სკოლების დირექტორებს მჭიდრო თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
----------