2024 წლის 28 სექტემბერს, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარემ, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ დელეგატებისა და მოწვეული საპატიო სტუმრების წინაშე ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საანგარიშო პერიოდის შეჯამებისას, ალექსანდრე ბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა აჭარის რესპუბლიკური საბჭოს სტრუქტურული რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილია პროფკავშირული პრინციპებისა და მიზნების დაცვა. მან რესპუბლიკური ორგანიზაციების წევრთა რიცხოვნობის ზრდაზე გააკეთა აქცენტი და სტატისტიკა განიხილა, რომელიც პროფკავშირისადმი ნდობის მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, მან მოუწოდა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციას , ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს წევრთა მეტი ინფორმირების, პირველადი ორგანიზაციების გაძლიერების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებისა და პროფკავშირულ საქმიანობაში პირველადი ორგანიზაციების მეტი ჩართულობისაკენ, რაც ორგანიზაციული გაძლიერების საფუძველია. სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, სპმთპ-ის როლისა და ავტორიტეტის ამაღლებისა და აჭარის ორგანიზაციებისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის. მან აქვე აღნიშნა, სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის საქმიანობაც. კონფერენციაზე აქტიური მსჯელობა გაიმართა. გამომსვლელებმა თავისუფლად იმსჯელეს, გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებებიც.სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებთან ყურადღება გაამახვილა სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებულ შედეგებზე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის 10-წლიან დადებით ტენდენციებსა და შედეგებზე, ახალი სახელფასო პოლიტიკის დოკუმენტში არსებულ ნაკლოვანებებზე, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების არსებულ გამოწვევებზე, პროფკავშირის ინიციატივებზე, რომელიც გააუმჯობესებს სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, მცირეკონტიგენტიანი სკოლების მხარდაჭერის ღონისძიებებზე და პროფკავშირის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა გამომსვლელებს აქტუალურ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობისათვის.
ქალბატონმა მაია კობახიძემ, აჭარის რესპუბლიკური საბჭოს ხელმძღვანელს, ბატონ ალექსანდრე ბერიძეს მადლობის სიგელი გადასცა: ,,მრავალწლიანი პროფკავშირული საქმიანობისთვის, სპმთპ-ის აღდგენა/განვითარებისა და გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა და პედაგოგთა საზოგადებაში მოპოვებული მაღალი ნდობისათვის!”’
,,ბატონო ალექსანდრე თქვენი საქმიანობა ფასდაუდებელია! თქვენ გვაძლიერებთ! თქვენს გამოსვლაში დააფასეთ ჩვენი ორგანიზაციის ყველა წარმომადგენელი და აღიარეთ მათი შრომა. მადლობას გიხდით ამისათვის! თქვენი ენერგია, ენთუზიაზმი, საქმისადმი პასუხისმგებლობა გადამდებია და თქვენ ხართ ნათელი დადასტურება, რომ ,,პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მოტივაცია ასაკს ამარცხებს’’- მაია კობახიძე.
სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს კონფერენციას უმასპინძლა ქ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ დირექტორი მარიამ მკალავიშვილი, ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების უფროსები მაია ესებუა, მელანია დარახველიძე, თემურ კიკნაძე და თანამშრომლები: ქეთევან ვადაჭკორია, ლალი გოგიჩაიშვილი, ანასტასია ამისულაშვილი, თამარ ანდიაშვილი.