,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოება - ევროკავშირის წარმატებული გაფართოების წინაპირობა!“ ,,სოციალური დიალოგი-საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება წარმატებისთვის!“

,ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი, შეიძლება ითქვას, რომ დროში გაიწელა. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 30 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი ფუნდამენტურად შეცვლილიყო საზოგადოების ცნობიერება. თამამად შეიძლება ვთქვათ, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ეს პროცესი მაინც წარმატებით მიმდინარეობს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ პროფკავშირს განსაკუთრებული როლი ენიჭება აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველა ხელისუფლებას თავისი მიდგომები ჰქონდა პროფკავშირისადმი. ეს პროცესი შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად: იყო პერიოდი, როდესაც პროფკავშირი აგრძელებდა მუშაობას საბჭოური პროფკავშირის ტრადიციებით; 2010-2012 წლებში გავიარეთ რეპრესიების ხანაც, როდესაც 100 ათასამდე წევრმა ერთ დღეს დატოვა ჩვენი ორგანიზაცია. გადავლახეთ ეს სირთულეებიც და 2013 წლიდან მიზნად დავისახეთ თანამედროვე, დასავლური ღირებულებების პროფკავშირის შექმნა. უმთავრეს ამოცანად განვსაზღვრეთ დემოკრატიული მართველობითი სისტემის ჩამოყალიბება, წევრთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფით, გაწევრიანების პროცესი წარვმართეთ ნებაყოფლობითობის პრინციპის მკაცრი დაცვით. ნებაყოფლობით გაწევრიანების შედეგად, დღეს, გვყავს 40 ათასზე მეტი წევრი, რომელთაც ბოლომდე აქვთ გათვითცნობიერებული პროფკავშირის მიზნები, ამოცანები და როლი პროფესიულ საქმიანობაში, ასევე, სოლიდარული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. მართალია ეს რაოდენობა პედაგოგთა კორპუსის 60%-ს შეადგენს, მაგრამ წევრთა მოზიდვის მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენთვის მთავარი დამოუკიდებლობის ხარისხია და არა მაქსიმალური რაოდენობა. სიძნელეების გადალახვაც მოგვიხდა ორგანიზაციის აღდგენის პროცესში, რაზედაც თავს არ შეგაწყენთ. მთავარი იყო ნდობის მოპოვება, ამოცანების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.

2013 წლიდან, წევრთა მოზიდვის პარალელურად დავიწყეთ თანამშრომლობის აღდგენა განათლების სამინისტროსთან. ხელისუფლებასთან სოციალური პარტნიორობისათვის ავირჩიეთ კონსტრუქციული სოციალური დიალოგი. 2017 წელს განათლების სამინისტროსთან გაფორმდა დარგობრივი შეთანხმება. იმ პერიოდში სპმთპ-ს ჰყავდა 33 ათასი წევრი. აღვნიშნავ ერთ ფაქტსაც: ჩვენს ქვეყანაში, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პროფკავშირს შორის ჩვენი დარგობრივი შეთანხმება არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა დამოუკიდებელი იურიდიული ერთეულია, ხოლო რეგიონებში საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებები რეგისტრირებულია როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, 2085 კოლექტიური ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული საგანმანათლებლო დაწესებულების დამსაქმებლებთან (საჯარო/კერძო სკოლების/საბავშვო ბაგა-ბაღების/უმაღლეს სასწავლებლების დამსაქმებლებთან).

სოციალური პარტნიორობის ასეთმა ფორმამ - კონსტრუქციულმა სოციალურმა დიალოგმა გაამართლა, მოგვცა შესაძლებლობა ხელისუფლებასთან არგუმენტირებული ინიციატივების წარდგენის, ინტენსიური, შედეგზე ორიენტირებული კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების, რეფორმების დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის. უკანასკნელ წლებში, ჩვენი ინიციატივებით 20 საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დასაცავად.

,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" (ILO) სოციალური, შრომის და დასაქმების" წარმომადგენელმა კოსტას პაპადაკისმა განაცხადა, რომ სოციალური დაცვისა და სამართლიანობისათვის საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა და რასაც არ არეგულირებს კანონმდებლობა, საჭიროა პოლიტიკური ნება, გამართული კანონმდებლობის შემუშავებისთვის. საქართველოში არის პოლიტიკური ნება პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ამ პროცესში პედაგოგთა პროფკავშირის ჩართულობის.

ჩვენ სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებთ მასწავლებლებში პიროვნული თავისუფლების და სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად. სისტემატიურად ვატარებთ სემინარებს, კონფერენციებს და სხვა, სადაც წევრებს ვაცნობთ ჩვენი მუშაობის შედეგებს, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) საქმიანობას/კამპანიებს/პრინციპებს. ETUCE-ის (ევროპის განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის) წევრი ვართ 2010 წლიდან.

2013 წლიდან დავიწყეთ თვისებრივად ახალი პროფკავშირის შექმნა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განვახორციელეთ აქტივობები ,,პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი - ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისათვის” პროგრამის ფარგლებში.

ვუსმენთ წევრებს და ვაძლევთ შესაძლებლობებს იმსჯელონ პროფესიულ საჭიროებებზე. წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს, ვბეჭდავთ და ვავრცელებთ საინფორმაციო/მეთოდურ მასალებს.

2017 წლიდან, აქტიურად ვპარტნიორობთ დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირთან, ქართველი მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის. დანიურ-ქართულმა პარტნიორობამ ჩვენს წევრებს გაუწია დახმარება კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისათვის. მასში მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მასწავლებელმა. შევქმენით მაღალი რანგის პროფესიონალების, ავტორიტეტული მასწავლებლების გუნდი და ჩამოვაყალიბეთ ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“, რომლის წევრები იმუშავებენ პროფკავშირული სწავლებისა და კოლეგების პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებით. ისინი მზად არიან პროფესიულ საჭიროებებზე აწარმოონ კომპეტენტური მოლაპარაკებები ყველა დონის გადაწყვეტილების მიმღებებთან.

უკვე 20 წელია ვპარტნიორობთ ამერიკის შეერთებული შტატების მასწავლებელთა ფედერაციასთან, 500-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების მაღალი საფეხურის მოსწავლეების აქტიური ჩართულობის მიმართულებით. ,,მასწავლებლები ადამიანის უფლებების დაცვისათვის“ და ,,მოქალაქეთა ხმების” საერთაშორისო პროექტების ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო პროფკავშირის პოპულარიზაციას დასაქმებულებში და დასავლური სტანდარტების დანერგვას ჩვენს საქმიანობაში.

ეს არის მწირი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაწეული მუშაობის და როლის შესახებ, ,,აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.“

შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი ორგანიზაცია, ისევე როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყანა თავის მომავალს ხედავს ევროინტეგრაციაში“

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე: