ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით პროფკავშირი აპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ვერთიანდებით პოლიტიკურ პარტიებთან და არ ვერევით პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიაშია გაერთიანებული ჩვენი წევრი.
განსხვავებული კანონი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პროფკავშირებს უფლება აქვთ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.
მიმდინარე წლის ივლისში ვესწრებოდი აშშ-ის მასწავლებელთა პროფკავშირის (AFT) N:88 ყრილობას, საერთაშორისო დელეგაციის წევრის სტატუსით. ყრილობაზე პროფკავშირის წევრთა ხმათა უმრავლესობით მიღებული იქნა რეზოლუცია აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის კამალა ჰარისის მხარდაჭერის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყრილობის დელეგატებს შორის იყვნენ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებიც/წევრები. აშშ-ის მასწავლებელთა პროფკავშირი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის საარჩევნო პროცესებში.
თქვენთვის ცნობილია, რომ ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციასთან (AFT) 20-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. ჩვენ სისტემატიურად ვაქვეყნებთ AFT-ში მიმდინარე პროცესებს და მათ დამოკიდებულებებს სხვადასხვა მოვლენებისადმი.
ალბათ, თქვენთვისაც საინტერესოა და მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაგაცნოთ AFT-ის პრეზიდენტის რენდი ვაინგარტენის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ:
რენდი ვაინგარტენი - ,,ამომრჩევლებმა გადაწყვიტეს!“
,,ამომრჩევლებმა მიიღეს გადაწყვეტილება! ჩვენ გვქონდა მოლოდინი და ვიბრძოდით სხვა შედეგისთვის, მაგრამ პატივს ვცემთ უმრავლესობის ნებას და მხარს ვუჭერთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას.
ჩვენი ქვეყანა, ამ პერიოდში, ყველაზე მეტად არის დაყოფილი და ჩვენი დემოკრატია საფრთხეშია! გასულ ღამეს ჩვენ დავინახეთ, რომ შიშმა და სიბრაზემ გაიმარჯვა.
შემდგომი კვირების განმავლობაში ბევრი იტყვის: ,,შეიძლებოდა მომხდარიყო, უკეთესად რომ მომხდარიყო, უნდა მომხდარიყო“.
ჩვენ ერთი ვიცით, ამომრჩეველთათვის ფუნდამენტური იყო ,,ვინ დაგვეხმარება ჩვენი პირადი ცხოვრების, ჩვენი ოჯახების, საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაში?.“ ეს ვიხილეთ ქვეყნის მასშტაბით ჩვენი აქტივობების დროს. ჩვენ გვჯეროდა, რომ ამას კამალა ჰარისი შეძლებდა, თუმცა უფრო მეტმა ირწმუნა დონალდ ტრამპის.
ამ ეტაპზე იზრდება ჩვენი შესაძლებლობები პროფკავშირებსა და საჯარო სკოლებთან მიმართებაში. საკითხი პოპულარული და მუდმივად საყურადღებოა. ახლა მეტად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უკეთესი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია საჯარო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პროფკავშირული მოძრაობის გაძლიერება. მაგალითისთვის, ტრამპმა გაიმარჯვა კენტუკის შტატში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაიმარჯვა საზოგადოებრივმა ინიციატივამ, რის შედეგადაც საჯარო სკოლების განადგურების გეგმა ჩაიშალა.
დღეს, ბევრი იმედგაცრუებულია, ბევრი აღფრთოვანებულია, ბევრი ფიქრობს შეიცვლება თუ არა სამყარო სამართლიანობისკენ, ბევრი კი, ფიქრობს გაუძლებს თუ არა პროცესებს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები?!
დღეს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა! ჩვენ კი, უფრო მეტი ყურადღებით გავაანალიზებთ რა მოხდა და დავისახავთ მიზანს გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ- ამერიკელებს, რაც გვაკავშირებს უფრო მნიშვნელოვანია და არა ის, რაც გვყოფს!
მე ვიცი მხოლოდ ერთი: განათლების სფეროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის პროფესიონალები, საჯარო მოხელეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიიღონ ის, რასაც ჩვენი ხალხი იმსახურებს. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი პრინციპი იქნება გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა ჩვენი ხალხის ცხოვრების გასაუჯობესებლად - ჩვენი ბავშვებისა და ამერიკის მომავლისათვის!“