ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე ქ. ბუენოს აირესში გაიმართა განათლების პროფკავშირების მე-10 მსოფლიო ყრილობა. საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალის" (EI) ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდა სპმთპ-ის 6-კაციანი დელეგაცია, შემდეგი შემადგენლობით: სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა ლაზიშვილი, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ცირა გულუა და სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წარმომადგენელი ნინო დანელია.
ყრილობის მუშაობა მიმდინარეობდა 5 სრული დღე. მივიღეთ 41 რეზოლუცია და განხილული იქნა მასწავლებელთა ყველა აქტუალური საკითხი. გადაწყვეტილი გვაქვს გადავთარგმნოთ და გაგიზიაროთ ყველა რეზოლუცია. გამომდინარე აქედან, დეტალურ ინფორმაციას ყრილობის მსვლელობისა და განხილული საკითხების შესახებ აქ არ მოვყვები. აღვნიშნავ მხოლოდ ერთს, რომ მე-10 მსოფლიო ყრილობა, ისევე როგორც წინა ყრილობები, შეიძლება შეფასდეს გარდამავალ ეტაპად მსოფლიოს ქვეყნების განათლების სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გადაწყვეტისა და მასწავლებელთა პროფკავშირების როლის გაძლიერების მიმართულებით.
მსოფლიო ყრილობას ლაიტმოტივად გასდევდა დემოკრატიის დაცვის, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლების, აკადემიური თავისუფლების, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების მდგომარეობისა და გაუმჯობესების საკითხები.
ერთი სიტყვით, ჩვენმა დელეგაციამ ისევე, როგორც მსოფლიოს 150 ქვეყნის 800-მა დელეგატმა, მიიღო ახალი სამოქმედო პროგრამა პროფკავშირული საქმიანობის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის.
მსოფლიო ყრილობას, ტრადიციულად, წინ უსწრებდა ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის (AFT) ყრილობა, რომელიც გაიმართა ქ. ჰიუსტონში. საერთაშორისო დელეგაციაში ევროპის 7 ქვეყნიდან მიწვეული ვიყავით ჩვენ. 4 დღის განმავლობაში, ამერიკელი მასწავლებლების ყრილობაზე დეტალურად გავეცანით ამერიკის მასწავლებელთა პროფკავშირის მიღწევებს, მუშაობის ახალ ფორმებსა და მეთოდებს, პროფკავშირული საქმიანობის სრულყოფისათვის.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, AFT-ის დამოკიდებულება, პატივისცემა და სოლიდარობა ჩვენი ორგანიზაციის მიმართ, რაც არაერთხელ გამოხატეს სხვადასხვა ოფიციალურ და პრივატულ შეხვედრებში.
ორივე ყრილობის მიმდინარეობის პერიოდში შეხვედრები გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, გლობალური კამპანია ,,განათლება ყველასათვის“ პასუხისმგებელ პირებთან და მსოფლიოს/ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ჩვენს კოლეგებთან.
პირველი ემოციები გაივლის, სიღრმისეულად გავაანალიზებთ ორივე ყრილობაზე დასმულ ამოცანებს და ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისათვის, პროფკავშირების გაძლიერების პრიორიტეტებს, მასწავლებლების/სხვა დასაქმებულების აქტუალურ საკითხებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო გეგმაში.
პატივისცემით,
მაია კობახიძე
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი