სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, პოეტ რომან ზუკაკიშვილს მრავალათასიანი ხელისმომწერის მოთხოვნის საფუძველზე ,,ერის რჩეული ( სახალხო ) პოეტის" სტატუსი მიენიჭა და ორგანიზაცია ,,ერის რჩეული N1” ის დიპლომი და სამკერდე ნიშანი ,,რჩეული“ გადაეცა.
2024 წლის 18 მაისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) დარბაზში გაიმართა პოეტ, რომან ზუკაკიშვილის შემოქმედებითი საღამო, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: რეჟისორი კიაზო ჯობავა, ორგანიზაცია ,,ერის რჩეული N1“-ი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პოეტი რომან ზუკაკიშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის, მწერალთა ევროვნული აკადემიის, რუსთაველის საზოგადოების წევრი, გალაქტიონის, გიორგი ლეონიძის და ანა კალანდაძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, სამეცნიერო-საერო აკადემია ,,ფაზისის“ აკადემიკოსი და საპატიო გარეჯელის ტიტულის მფლობელია.
,,პოეტი რომან ზუკაკიშვილი, თანამედროვე საქართველოში, ფრიად გამორჩეული შემოქმედია! დაბეჯითებით მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენს მკითხველს, ჩვენს ახალგაზრდობას სწორედ ისეთი ლექსი სჭირდება, როგორსაც რომან ზუკაკიშვილი წერს. ეს არის პატრიოტული მუხტით აღსავსე, თანაც მთქმელი იმისა, რომ ჩვენი მამა-პაპური ვალია გავუფრთხილდეთ ამ კურთხეულ მიწას, რომელიც სწორედ რომ ღვთისგან გვებოძა. მოთმინებას, ურთიერთშერიგებას, მოყვასის სიყვარულს, ჭირში გამძლეობას, ოჯახის სიწმინდისკენ და ქართული ტრადიციების ერთგულებისკენ მოუწოდებს რომან ზუკაკიშვილის პოეზია მკითხველს! მეგობრებო, ყურადღებით მოუსმინეთ ამ დიდებულ პოეტს! იგი, მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ბურჯი და თანამედროვე პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენელია!“-მიმართა საზოგადოებას შოთა რუსთაველის პრემიის ლაურიატმა, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ ბატონმა რევაზ მიშველაძემ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადა ბატონ რომან ზუკაკიშვილს, როგორც პოეტს, პროფკავშირის ლიდერს და საუკეთესო მეგობარს.
,,ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი რომან ზუკაკიშვილი იმ გამორჩეულ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, შემოქმედებით და საქმიანობით ხელს უწყობენ საზოგადოებას უკეთ განვითარების და დიდ კვალს ტოვებენ ჩვენი ერის სულიერ სამყაროში. იყო შემოქმედი, პოეტი და ამის პარალელურად პროფკავშირის ლიდერი, ზრუნავდე პედაგოგთა უფლებების დაცვისათვის, სამაგალითო და განსაკუთრებული შემთხვევაა.
ბატონ რომანს, როგორც პროფკავშირის ლიდერს და ჩვენი ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს წევრს, დიდი წვლილი შეაქვს პროფკავშირის პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში.
პოეტის თვალით დანახული პროფკავშირის საქმიანობა და მისი პრინციპული, კრეატიული წინადადებები, ფასდაუდებელია პირადად ჩემთვის და მთლიანად ჩვენი ორგანიზაციისთვის“ - განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: მწერალთა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ვაჟა ჩორბელი, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, პროფესორი და ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე, წმ გიორგის ბრწყინვალების ორდენოსანი, პოეტი მზია ხეთაგური, მწერალი ზაზა ქინქლაძე, ფილოლოგი, რედაქტორი, პედაგოგი დიანა შალამბერიძე, ქართულ - ირლანდიური ცენტრის ხელმძღვანელი ნანა შალამბერიძე, საგარეჯო- გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენელი გია თათრიშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლექსო გილაშვილი და სხვა წარმომადგენლები, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე და სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციების ლიდერები, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ფანოზიშვილი, ს. პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი, თბილისისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.
პოეტმა რამდენიმე ლექსი თავად წაიკითხა.
ყველა გამომსვლელმა სიამაყით აღნიშნა რომან ზუკაკიშვილის ლექსების მნიშვნელობა. მათ რომან ზუკაკიშვილის შემოქმედებას პატრიოტული სულისკვეთებით, ეროვნული ტრადიციების პატივისცემით, სიკეთით და სიყვარულით გამსჭვალული პოეზია უწოდეს.
მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა რომან ზუკაკიშვილის ლექსზე შემქნილი, კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის სიმღერა შეასრულა. ღონისძიებაზე გამოვიდა ბავშვთა ანსამბლ ,,მთიების“ სოლისტი მარიამ ჯაჯანიძე.
დასასრულს, იდეის სულისჩამდგმელმა და ორგანიზატორმა კიაზო ჯობავამ რომან ზუკაკიშვილი ,,ერის რჩეულ (სახალხო) პოეტად“ დაასახელა. მან ორგანიზაცია ,,ერის რჩეული N1“-ის სახელით დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადასცა პოეტს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა ტავისუფალი პროფკავშირი ულოცავს ბატონ რომანს ,,ერის რჩეული (სახალხო) პოეტის" ტიტულს.
