გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „დანიის წარმატებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სკოლებში უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოდან და დანიიდან მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაცვლას და ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებას ქვეყნის განვითარებისთვის.
კონფერენციაზე შეკრებილ 400-ზე მეტი მასწავლებელს მთელი საქართველოდან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პედაგოგების როლს ბავშვის უფლებების დაცვაში ხარისხიანი და ინკლუზიური განათლებისთვის.
იუნისეფის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა მოზარდებისა და ახალგაზრდების გაძლიერების მნიშვნელობა, ევროკავშირისკენ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გზის გასაკვალად.
იესპერ მოლერმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდებს შორის ციფრული და მედია წიგნიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას, როგორც მათი 21-ე საუკუნის უნარების ჩამოყალიბების ნაწილს.
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2020 წელს დაარსდა ბავშვთა უფლებების პირველი ცენტრი. ცენტრი მიზნად ისახავს ბავშვის უფლებების შესახებ ცოდნის შექმნას და გავრცელებას. იუნისეფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მასშტაბით შვიდი ასეთი ცენტრის მუშაობას, რომელთა მიზანია, პროფესიონალებისთვის, თემებისთვის და რაც მთავარია ახალგაზრდებისთვის მათი უფლებების შესახებ რეგიონული ცოდნის კერების შექმნა.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.
