2024 წლის 26-27 თებერვალს, პედაგოგთა პროფკავშირის დაცვის ქვეშ მყოფი ორი მასწავლებლის სასამართლო პროცესები მასწავლებლების გამარჯვებით დასრულდა:
1. უზენაეს სასამართლოში, მასწავლებლის სასარგებლოდ დასრულდა სასამართლო დავა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელსა და სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის. სასამართლო პროცესები 2019 წლიდან მიმდინარეობდა, მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ტესტში არსებული ხარვეზის თაობაზე. მესამე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად მასწავლებელს დაემატა 1 ქულა დაწყებითი კომბინირებული გამოცდის ტესტის ბუნებისმეტყველების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უახლოეს მომავალში, სპმთპ-ის დაცვის ქვეშ მყოფი მასწავლებელი მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამარჯვებით დასრულდა კიდევ ერთი საქმე, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის ქულის მომატების თაობაზე. სასამართლო პროცესები 2022 წლიდან მიმდინარეობდა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტში 1 ქულის მომატების თაობაზე. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, სპმთპ-ის დაცვის ქვეშ მყოფი მასწავლებელი გახდება უფროსი სპეციალური მასწავლებელი.
ორივე მასწავლებლის ინტერესებს სასამართლოებში იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი.