ძვირფასო კოლეგებო,
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნე განცხადება სათაურით, ,,რატომ გაათავისუფლეს თამარ ბარისაშვილი“, სადაც ნაწილობრივ აღვწერე ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის უკანონო ქმედებები, ქალბატონი თამარ ბარისაშვილის, სკოლის პროფკავშირის წევრი მასწავლებლების და მთლიანად სპმთპ-ის მიმართ. შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა 4 მასწავლებელი, რაზედაც მივმართეთ სასამართლოს. პროფკავშირული საქმიანობისათვის სკოლის დირექტორმა დაიწყო დისციპლინური დევნა პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერის, ამავე სკოლის ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ბარისაშვილის მიმართ და პროფკავშირული საქმიანობისათვის დააკისრა 3 დისციპლინური სახდელიც. მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, დირექტორმა პირადი ბრძანებით (N1/კ-91) შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება თამარ ბარისაშვილთან, რომელიც 35 წელია წარმატებით მოღვაწეობს 24-ე სკოლაში და არცერთი შენიშვნა არ მიუღია. უფრო ადრე კი, მაისის თვეში, სკოლის დირექტორმა ცალმხრივად შეწყვიტა სკოლასა და სპმთპ-ის შორის 2013 წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2010-2012 წლებში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განიცდიდა დევნასა და ზეწოლას ხელისუფლებისგან. გვეგონა, ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ბატონი კაკაბაძის მენტალობა არ შეცვლილა და იგი აგრძელებდა პროფკავშირის დევნას, იგივე მეთოდებით, რასაც ახორციელებდა 2010 წელს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის პერიოდში. მან ვერ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქვეყანაში შეცვლილია სიტუაცია, არ იზღუდება გაერთიანების თავისუფლება, ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მისი ასეთი ქმედება მიუღებელია, რაც დადასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებითა და შიდა აუდიტის დასკვნით:
,,ვინაიდან გამოცემული აქტის (დირექტორის ბრძანება N1/კ-91, 29/09/2023) საკანონმდებლო საფუძვლად მითითებულია ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო ნორმა და კანონსაწინააღმდეგო/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სახეზეა მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობა, რომლის არაარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.“
,,1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ თბილისის No24 საჯარო სკოლას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება;
2. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქალაქ თბილისის No24 საჯარო სკოლას ბათილად ცნოს თამარ ბარისაშვილისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანება (N1/კ-91 29/09/2023წ.)“.
ქალაქ თბილისის 24-ე სკოლა მრავალი წლის განმავლობაში დამსახურებულად ატარებს დედაქალაქის ერთერთი უძველესი, გამორჩეული და ტრადიციული სკოლის სახელს. სამწუხაროდ, ამ სკოლის პედაგოგიური კოლექტივის გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო დირექტორის უსამართლო მოთხოვნების შესრულება, უკრიტიკოდ და უპირობოდ. მოვუწოდებთ მათ, სიღრმისულად გაანალიზონ სკოლაში მიმდინარე პროცესები! იმედს გამოვთქვამთ, გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. შევახსენებთ, 24-ე სკოლის პედაგოგთა ზემოაღნიშნულ ჯგუფს, რომ კონფლიქტი პროფკავშირსა და დირექტორს შორის დაიწყო მას მერე, რაც დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა ოთხი მასწავლებელი. აქედან, სამი მასწავლებლის ინტერესებს ვიცავდით სასამართლოებში და ყველა ინსტანციის სასამართლომ გათავისუფლებები ცნო უკანონოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მაისში დირექტორმა უკანონოდ გააუქმა კოლექტიური ხელშეკრულება და იმპერატიულად განაცხადა, ,,პროფკავშირი აღარ არსებობს“, 24-ე სკოლის პროფკავშირის წევრი მასწავლებლები არ გასულან პროფკავშირიდან. მათ წელიწადნახევრის განმავლობაში გაუძლეს სხვადასხვა სახის დევნას და შევიწროებას დირექტორის მხრიდან, დაიცვეს ობიექტურობა, ღირსება და არ უღალატეს საკუთარ პრინციპებს.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას ვუხდით ჩვენს წევრებს.
პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე