ძვირფასო კოლეგებო,
ალბათ ყველას გახსოვთ, 2022 წლის სექტემბერში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მოვლენები, როდესაც საბავშვო ბაგა-ბაღების ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, ბავშვთა კვების და ბაღების სათამაშოებით აღჭურვის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს 36 აღმზრდელის თანაშემწე. ამ ფაქტთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივმართეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ღია წერილით, ჩავედით წალენჯიხაში, შევხვდით მერიის წარმომადგენლებს, სადაც გავაკეთეთ სამართლებრივი განმარტებები გადაწყვეტილების უკანონობაზე. სამწუხაროდ, წალენჯიხის მერიის ხელმძღვანელობამ ჩვენი არგუმენტები არ გაიზიარა და სამსახურიდან გაათავისუფლა 36 აღმზრდელის თანაშემწე. 21-მა გათავისუფლებულმა დასაქმებულმა მოითხოვა დავა გაგვეგრძელებინა სასამართლოში.

2022 წლის სექტემბერში მივმართეთ სასამართლოს, სადაც გავასაჩივრეთ ააიპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ბრძანება საბავშვო ბაღებში რეორგანიზაციისა და 21 დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე. სასამართლოში გათავისუფლებულთა ინტერესებს წარმოადგენდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი.

2023 წლის ივნისში, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო, როგორც რეორგანიზაცია, ისე დასაქმებულთა გათავისუფლება. წალენჯიხის მერიას დაევალა მოსარჩელეების სამსახურში აღდგენა და 100000 (100 ათას) ლარამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. მერიამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 2023 წლის 27 დეკემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. იძულებითი განაცდური გაიზარდა და გასცდა 150000 (150 ათას) ლარს.

ვულოცავთ სამართლიანობის აღდგენას უკანონოდ გათავისუფლებულ თანაშემწეებს.

დღემდე გაუგებარია, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება წალენჯიხის მერმა, მაშინ როდესაც, ვუსაბუთებდით გადაწყვეტილების უკანონობას. ალბათ, ეს იმის შედეგიც არის, რომ ჩვენს პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა შემთხვევა (გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყველა პროცესი მოგებული გვაქვს) დამდგარიყო დამსაქმებულის პასუხისმგებლობის საკითხი და იმ იურისტების, ვინც ამზადებენ გათავისუფლებების ბრძანებებს უკანონო საფუძვლებით. კანონდამრღვევი დამსაქმებულები კი, თავს იმართლებენ, რომ მათ გაიარეს კონსულტაციები იურისტებთან და შეპყრობილნი არიან დაუსჯელობის სინდრომით.

მხოლოდ 2023 წელს, უკანონო გათავისუფლებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა 300000 (300 ათას) ლარზე მეტით, მათ შორის წალენჯიხის მერიის ბიუჯეტმა - 150000 (150 ათასი) ლარით. აღარაფერს ვამბობთ იმ სტრესულ მდგომარეობაზე, რასაც განიცდიან უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულები.

დამსაქმებელი, პირადი ინტერესებით, სუბიექტური მოტივებიდან გამომდინარე, უკანონოდ ათავისუფლებს დასაქმებულს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდის დაკისრებულ სავალდებულო განაცდურს და თავად მშვიდად აგრძელებს მოღვაწეობას.

ვინ უნდა აგოს პასუხი?