ძვირფასო კოლეგებო,
ახალი წელი, საზეიმო განწყობასთან ერთად, ახალ იმედებს უსახავს თითოეულ ჩვენგანს. აგსრულებოდეთ ყველა ოცნება და ჩანაფიქრი 2024 წელს! ჩვენი ორგანიზაცია, თქვენთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და უფლებების დაცვისათვის!
ამ საზეიმო დღეებში, მილოცვასთან ერთად, გადავწყვიტე ძალიან მოკლედ გაგაცნოთ სპმთპ-ის მიერ 2023 წელს განხორციელებული მუშაობა.
2023 წელი აღსავსე იყო ბევრი სირთულით და ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ყველაზე უფრო სასიხარულო გადაწყვეტილება ხელფასების უპრეცედენტო ზრდაა. ამის პარალელურად, ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურ რეჟიმში ეწეოდა საქმიანობას დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვის, პროფესიული განვითარების მიმართულებით და კარიერული წინსვლის პროცესში მასწავლებლებისთვის პრაქტიკული დახმარების მიზნით.
2023 წელს, სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. დოქტორის/დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლები კარიერული წინსვლის პროცესში გათავისუფლდნენ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან;
2. მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პროცესში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ელექტრონული საქაღალდის (პორტფოლიოს) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა, იმ მასწავლებლებისათვის, ვისაც ჩაბარებული ჰქონდა პროფესიული უნარების გამოცდა. ამ ცვლილებით, მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა პორტფოლიო მოეყვანათ შესაბამისობაში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებთან;
3. საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის დეკრეტული შვებულების 6-თვიან პერიოდზე ანაზღაურება გაიცემა სრულად და სრული ხელფასიდან, დანამატების ჩათვლით.
სპმთპ-ის ჩართულობით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“, მათ შორის სპეციალური მასწავლებლებისა და არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებელთა მხარდაჭერისათვის.
2023 წლის განმავლობაში, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი მიუძღვებოდა 19 სასამართლო საქმეს. 27 დასაქმებულის უფლებებს სამივე ინსტანციის სასამართლოებში იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოსაშვილი. რაიონულ/საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში წარმატებით დასრულდა 6 სასამართლო დავა და დამსაქმებლებს დაეკისრათ სავალდებულო განაცდური, ჯამში, 300000 (300 ათას) ლარზე მეტი. აქედან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გათავისუფლებული 21 აღმზრდელის თანაშემწის განაცდურმა შეადგინა 150000 (150 ათას) ლარზე მეტი.
ზემოაღნიშნულის პარალელურად, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი ინტენსიურად ახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების ექსპერტიზას, ამზადებდა შესაბამის დასკვნებს და საკანონმდებლო ინიციატივებს, იურიდიული კონსულტაციებს უწევდა წევრებს და არაწევრებს.
2023 წელს, სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მარიამ მკალავიშვილის ორგანიზებით ჩატარდა 153 ტრენინგი, აქედან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლებისთვის - 46 ტრენინგი, საგამოცდოდ მოსამზადებელი 31 გრძელვადიანი საგნობრივი ტრენინგი, 11 ტრენინგი-მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების (პორტფოლიოს) თემაზე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დასაქმებულთათვის განხორციელდა 107 ტრენინგი. ტრენინგებს მიუძღვებოდნენ პროფესიონალი ტრენერები.
სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრმა ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან - შპს „ჯეოსეიფთი“ და „საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების“ თემაზე, პირველად ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა 19 ტრენინგი სკოლამდელი დაწესებულებებისათვის, რაც დაეხმარებათ მათ ავტორიზაციის გავლის პროცესში.
2023 წელს, სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა 6 ახალი ტრენინგ-მოდული. ერთ-ერთი ახალი მოდულის თემაზე „ბლოგის შექმნა, პორტფოლიოს ატვირთვა“ უკვე ჩატარებულია ოთხი ტრენინგი, 3 მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისთვის.
2023 წლის თებერვალში შეიქმნა ,,სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“, რომლის წევრი არის 76 ავტორიტეტული მასწავლებელი და მას ხელმძღვანელობს ესგ-ის და ავტორიზაციის ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი. როლანდ ხოჯანაშვილის მიერ ჩატარებულია 24 ათსაათიანი ტრენინგი სპმთპ-ის საწირის საგანმანათლებლო ცენტრში, თემაზე, ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“, პორტფოლიოს წარმოების 60-ზე მეტი ტრენინგი.
,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარის როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, მოეწყო 5 რაიონული/რეგიონალური კონფერენცია, ეროვნული ონლაინ კონფერენცია „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება“.
2023 წლის ოქტომბრიდან, როლანდ ხოჯანაშვილი მიუძღვება 120-საათიან ონლაინ ტრენინგებს, რომელშიც მონაწილეობს 3000-მდე მასწავლებელი და ტრენინგები გაგრძელდება 2024 წლის ივლისამდე. ამ ეტაპზე ჩატარებულია 36 ასოცსაათიანი ტრენინგი.
დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში გადამზადებული 6 კოორდინატორის, ეკატერინე ჭელიძის, ნათია გაბროშვილის, ლია ჩხაიძის, ჯაბა ლაბაძის, აზნივ კირაკოსიანის და მურად ემინოვის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ეროვნული კონფერენცია ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”. კონფერენციაზე დანიური აქტივობების პრეზენტაციებით წარსდგა დანიურ-ქართული პროექტის აქტიური მონაწილე 12 წარმატებული მასწავლებელი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მასწავლებელმა.
სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ესგ-ის და ავტორიზაციის ექსპერტის, დანიურ-ქართული პროექტის კოორდინატორის, მენტორი მასწავლებლის ეკატერინე ჭელიძის ორგანიზებითა და ქ. თბილისის N215 საჯარო სკოლის დირექტორის თამილა თამაზაშვილის ინიციატივით, ეროვნულ კონფერენციას 215-ე სკოლამ უმასპინძლა. ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში“ ეროვნულ კონფერენციაზე საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის, პროექტის მონაწილე 10-მა მასწავლებელმა წარადგინა პრეზენტაციები.
2023 წელს, აღვადგინეთ 2 სტრუქტურული ქვედანაყოფი: თერჯოლისა და წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციები.
2023 წელს, 6 მასწავლებლის ძვირადღირებული ოპერაციების და მკურნალობის დაფინანსების მიზნით მივმართეთ ,,დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ სამინისტროს. ექვსივე შემთხვევაში მოვიპოვეთ მასწავლებელთა სრული დაფინანსება.
2024 წლის დასაწყისში გადასაწყვეტია მასწავლებელთა ხელფასების გამოანგარიშების ახალი ფორმულის საკითხი, დაგეგმილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სიახლეები. ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალურად დავიცავთ ყველა პედაგოგის ინტერესებს. შემუშავებული გვაქვს წინადადებები სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის.
ერთი სიტყვით, რაც გაკეთდა და მიღწეულია წარსულს ჩაბარდა. ახალი ძალისხმევით და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ პროფკავშირული საქმიანობა, რაც გარანტიაა დასაქმებულთა კეთილდღეობის, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დაცვის.
ბოდიშს გიხდით, რომ ამ საზეიმო დღეებში ვისაუბრე საქმიანობაზე.
გისურვებთ, 2024 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, წარმატებების, ბედნიერების, სიხარულის, ჯანმრთელობის და ერთიანობის წელი. ძალა ერთობაშია!
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე