საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.
ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ხულოს რაიონის სოფელ კვატიის, დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის საჯარო სკოლის , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გიული ბერიძე.
დოსიე: დავიბადე 1989 წლის 25 ივნისს. დავამთავრე აჭარისწყლის საშუალო სკოლა.
2007 -2011 წლებში ვსწავლობდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის , ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე; (დამატებითი სპეციალობა ინგლისური ენა და ლიტერატურა).
2011 -2012 წლებში გავიარე მასწავლებლის მაძიებლის ერთწლიანი პროგრამა ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში.
2012 წელს ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები-პროფესიულ უნარებში და საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა , VII-XII კლასები);
2017-2019 წლებში ვსწავლობდი ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში. მაქვს ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2015 წლიდან ვმუშაობ ხულოს რაიონის, სოფელ კვატიის, დიმიტრი ხიზრევანიძის სახელობის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მყავს მეუღლე და ორი შვილი.
გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?
სკოლა, სადაც ვმუშაობ, მდებარეობს სხალთა-ხიხანის ხეობის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ კვატიაში. ეს ხეობა გამოირჩევა ქვეყნის გამოჩენილი მოღვაწეებით ,,ხიხანის საარწივოდან“.
სკოლას ,დაახლოებით, 90 წლიანი ისტორია აქვს და ატარებს ღირსეული პიროვნების, დიმიტრი ხოზრევანიძის სახელს.
სკოლის თანამედროვე საზოგადოება (დირექცია, პედკოლექტივი, მოსწავლეები, მშობლები) ყველაფერს აკეთებს მისი ღირსეული სახელის უკვდავსაყოფად და ტრადიციების გასაგრძელებლად.
როგორც ვიცი , ხულო აჭარის მაღალმთიანი რაიონია. გარემო პირობები,ალბათ, გარკვეულ გავლენას მოახდენს სწავლების პროცესზე. კერძოდ რა პრობლემებს აწყდებით და ყველაზე მეტად რისი მოგვარება გესაჭიროებათ?
მოგეხსენებათ, სასწავლო გარემო უნდა პასუხობდეს მოსწავლისთვის შესაბამისი განათლების სრულყოფილად მიღებას,ამ მხრივ, ჩვენთვის (და ჩვენი მოსწავლეებისთვის) ყველაზე მეტად ხელისშემშლელ პირობას ქმნის ინტერნეტის მიუწვდომლობა, ტექნიკური ბაზის გაუმართაობა. ეს პრობლემა საგრძნობლად თვალსაჩინო გახდა სწორედ პანდემიის პერიოდში, დიდსტანციური სწავლებისას. უნდა აღვნიშნო ისიც , რომ თუკი ამის აუცილებლობა ისევ დადგება , ეს საკითხი დაუყოვნებლივ გადასაწყვეტია,უფრო ხარისხიანი განათლების მისაღებად.
თქვენი მუშაობის პრიორიტეტი და წარმატების თქვენეული ფორმულა.
მასწავლებლის პროფესია ერთნაირად გვაკისრებს ,,სხვაზე“, ამ შემთხვევაში მოსწავლეზე ზრუნვის პასუხისმგებლობებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: პიროვნების მორალურ-ზნეობრივი და გონებრივი განვითარება. ამისათვის,აუცილებელია, შევქმნათ ყველასათვის მისაღები, სამართლიანი და სანდო საკლასო გარემო, სადაც თითოეული თავს საჭიროდ იგრძნობს. ამ ყველაფერთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტულია სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტს სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ. მაგალითისთვის მინდა დავასახელო გაზეთი ,,ვეფხისტყაოსანი“ და ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი”, რომელიც დავამთხვიეთ ტექსტის შესწავლის პერიოდს. პოემის გადაწერაში თითქმის ყველამ (მშობლებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა) მიიღო მონაწილეობა.ის ამჟამად ამშვენებს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას.
რაც შეეხება ჩემი წარმატების ფორმულას,დაახლოებით ასე გამოიყურება: ,,ცდა ბედის მონახევრეა“, ოღონდ აქ მთავარია, ,,შენი გასაკეთებელის სიყვარული“ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.
როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის მასწავლებელი,რომ გაუმკლავდეს თანამედროვე მოთხოვნებს?
თანამედროვე მსოფლიოს და კერძოდ,განათლების სისტემის მოთხოვნაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წვდომა და სწავლების პროცესში მისი აქტიური გამოყენება. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოზღვავებული ინფორმაციების ეპოქაში მოსწავლეს განასხვავებინოს მცდარი და მართებული ინფორმაციები, ასევე ასწავლოს ტექნოლოგიის მიზნობრივი გამოყენება. მნიშვნელოვანია, თავად მასწავლებელი იყოს მუდმივი სიახლის ძიებაში, ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე და რაც მთავარია, მის ქმედებას ჰქონდეს გადამდები ე.წ. ,,აყოლიების“ ხასიათი, შეძლოს მოსწავლის მოტივაციის გამოწვევა.
როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას?
მასწავლებლობა, უდავოდ, ხელოვნებაა. ამ პროფესიას სხვაგვარი დახელოვნება სჭირდება. თუკი ადამიანის სულის გამოვლინება თვალები და ხელებია, რომლებიც ყველაზე მეტად გასცემს მას, მასწავლებლის გამოვლინება სწორედ მისი მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუში, ანუ მოსწავლეა, რადგან ეს უკანასკნელი ნიმუშად სწორედ მასწავლებელს აღიქვამს. ჩვენს დროში ხშირად გვესმის ფრაზა, რომ რთულ თაობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ვფიქრობ, ამ ნათქვამის გარეგნული მხარე უკვე საკმაოდ მოცვეთილია, რადგან ყველა, ვისაც სწორად ესმის მისი შინაარსი, ცდილობს ამ სირთულის არსის წვდომას, მოსწავლესთან დაახლოებას, მისი თვალით ხედვას, მისი გონებით აზროვნებას, საკითხის მისეულად შეფასებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შესთავაზო, არ მიუთითო, არ იმსჯელო მასთან ერთად საკითხის ყველა მხარეზე. მთავარია, ობიექტურობისა და ნდობის უტყუარი განცდა და ურთიერთობაც შემდგარია.
პანდემიის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტ ტექნოლოგიები და სწავლების დისტანციურ მეთოდებზე გადასვლა.რამდენად იყავით მზად ამ მიმართულებით და რა პრობლემებს აწყდებოდით სწავლებისას?
როგორც უკვე აღვნიშნე, დისტანციური სწავლებისას ყველაზე მეტად გამოიკვეთა ინტერნეტის მიუწვდომლობა, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობას მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს. აუცილებელი იყო სახლში შესაბამისი ადგილის შერჩევა, სადაც შესაძლებლობა გვექნებოდა წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-გაკვეთილების, ხმოვანი ზარების, ვიზუალური თუ ტექსტური მასალის როგორც გაგზავნა მოსწავლეებისთვის, ისე მიღება მათგან (არცერთ შემთხვევში არ გამოგვდიოდა გაკვეთილი პირდაპირ (ონლაინ) რეჟიმში). ყველა მასწავლებელი ამას თავისებურად, როგორც შეეძლო ისე აკეთებდა. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეებისა, რამდენიმე დადებით შედეგზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება:
სწორედ დისტანციური სწავლების პროცესში განვახორციელეთ ინტელექტუალური თამაში ,,უპასუხე პირბადეს“ (სფერო- მხოლოდ ქართული), ჩავატარეთ დისტანციური ღონისძიება ,,მასტერკლასი კალიგრაფიაში“, დედაენის დღესთან დაკავშირებით და გამოვავლინეთ გამარჯვებული, გამოვეცით ჩვენი სოფლის მცხოვრებთათვის დამახასიათებელი ,,დიალექტური ლექსიკონი“, რომელზეც სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ასევე შევქმენით ელექტრონული რესურსები სპეციალურ მისამართზე. საკმაოდ შემოქმედებითი გამოგვივიდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. გამოვარჩევდი რამდენიმე საინტერესო გაკვეთილსაც, როცა მოსწავლეებმა შესანიშნავად გააცოცხლეს ფიროსმანის ნახატები, ეპიზოდები, მოამზადეს საგაკვეთილო საკითხებთან დაკავშირებული რეპორტაჟები, სტატიები, ვიდეო მიმართვები, შექმნეს დიორამები, მორბენალი სტრიქონები, აიღეს ბლიც ინტერვიუები პერსონაჟებთან და ა. შ. და ბოლოს, განწყობისთვისთვის სასწავლო წელს დისტანციურად დავემშვიდობეთ პოეზიის საღამოს საშუალებით.როგორც მაღალმთიან ზონაში , ალბათ , მოსახლეობის მიგრაციის პროცესი აქტუალური იქნება და ამის ფონზე სკოლები მოსწავლეების ნაკლებობასაც განიცდიან.
მაღალმთიან სოფლებში მიგრაციის პროცესი და თანდართული მოსახლეობის დემოგრაფიული საკითხი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად ცვლის მოსწავლეთა რაოდენობას სკოლებში. ჩვენს სკოლაში ამჟამად 56 მოსწავლეა. მეზობელ სკოლებში შეხვდებით მოსწავლეთა მეტ და ნაკლებ რაოდენობებსაც.
როგორც მასწავლებელი რა საჭიროებებს გამოკვეთდით, რომლის მოგვარებაც არსებითად მნიშვნელოვანია?
სასურველია, მეტი ყურადღება გამახვილდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების სიღრმისეულად შესწავლაზე, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე (მშობლის საათი სკოლაში), რესურსების ხელმისაწვდომობაზე (ინტერნეტი).
როგორ შეაფასებდით განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.რა კეთდება მასწავლებლების სასიკეთოდ და რა როლი აკისრია პროფკავშირს ამ მიმართულებით?
განათლების სისტება მუდმივი ძიებისა და რეფორმების პროცესშია. სასკოლო ცხოვრების მიმართულებით თუ ვიმსჯელებთ ამ ეტაპზე მივესალმები კრედიტქულების გაუქმების საკითხს, ასევე 2021 წლიდან დაგეგმილ სტატუსის ასამაღლებელ თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს (თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით რას გულისხმობს არასტანდარტული თეორიული გამოცდა). უამრავი მასწავლებელი და მათ შორის მეც, სექტემბრიდან ველოდებით გარე დაკვირვების გავლას. ისევე როგორც ბევრ სხვა კონკრეტულ შემთხვევებში, ამჯერადაც გვაქვს სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის, პროფკავშირის თანადგომისა და კეთილი ნების იმედი, რომ არცერთი ჩვენგანის უფლება არ შეილახება და მოხერხდება ამ საფეხურისთვის ბოლო და მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლაც.
რა არის თქვენთვის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ ? როდის და რატომ გაწევრიანდით და რა გავლენა მოახდინა ორგანიზაციამ თქვენს საქმიანობაში?
როგორც მოგახსენეთ, სულ რაღაც ოთხი წელია ვმუშაობ სკოლაში, შესაბამისად, მწირი და ბუნდოვანი ინფორმაცია მქონდა ,,საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ შესახებ მანამ, სანამ 2019 წელს ჩემს კოლეგასთან ერთად წყნეთის ბაზაზე, მონაწილეობას მივიღებდი დანიურ-ქართული თანადგომისა და პარტნიორობის პროექტში: ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან" თანამშრომლობით“. სწორედ ამ სემინარებზე ,ჩემთვის სავსებით ნათელი გახდა, რას ნიშნავს იყო ერთიანი და ძლიერი გუნდის სრულუფლებიანი წევრი და ნებისმიერი გაურკვევლობის თუ პედაგოგიური პრინციპებისადმი მიუღებელი სირთულეების შემთხვევაში, გქონდეს სამართლიანი დაცვისა და თანადგომის იმედი.პროფკავშირის დანიშნულება ხომ მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მათი იურიდიულ -სამართლებრივი დაცვაა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ სემინარებზე მიღებული თეორიული ცოდნა აქტიურად დავნერგე და გამოვიყენე სწავლა-სწავლების პროცესში. სწორედ ამ ეტაპის გავლის შემდეგ, დაბრუნებისთანავე გავწევრიანდი პროფკავშირში.
რას ურჩევდით პოტენციურ პროფწევრებს რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებით ისარგებლებენ?
პროფკავშირი თავისი დანიშნულებით პირდაპირ მახსენებს იგავ-არაკს ,,ძალა ერთობაშია“. გათითოკაცება დამარცხების, ხოლო გაერთიანება გამარჯვების ტოლფასია. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია, ეს ის მთავარი სარგებელია, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს მოვუტანოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ის არასასურველი ხმა თუ განცხადება , რომელიც გვესმის ამ ორგანიზაციის ამა თუ იმ წევრისგან ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. არასდროს დამავიწყდება ქალბატონ მაია კობახიძის სიტყვები: ,,ჩვენი პროფკავშირი დგას ორ ფეხზე, ესენია: მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მათი შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვა“.
- მასწავლებელს სხვა რა უნდა სჭირდებოდეს?
დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...
"მალე დავბრუნდეთ სკოლაში, გავაცოცხლოთ საკლასო ოთახები, დერეფნები, ავაჟრიამულოთ სკოლის ეზოები“
სტატია გამოქვეყნდა ინტერნეტპორტალ www.etaloni.ge -ზეც 10.08.2020 წელს, იხ.ლინკი: https://www.etaloni.ge/geo/main/index/41997?fbclid=IwAR0aDbzsqhP_dSAPI29L_EqzlehJmH3aeT0af0F6ytSuGXq4bB6rs1vDFiM
მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა