32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ჩვენი რუბრიკის სტუმარია ნანული რამიშვილი, პედაგოგთა კავშირის “განათლება და სამყარო“ დამფუძნებელი, რომელიც რუბრიკის ფარგლებში, საუბრობს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე, მისი ორგანიზაციის პარტნიორულ და თანამშრომლობით ურთიერთობებზე. ინტერვიუს დასასრულს კი საქართველოს პედაგოგთა საზოგადოებას ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

189788273 493380558776925 5919123852632297046 n

როგორია თქვენი ცხოვრებისეული გზა...

დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში - აფხაზეთში... პატარა მაგრამ დიდი მნიშვნელობის ინდუსტრიულ ქალაქ ტყვარჩელში. დაოჯახების შემდეგ მშობლებთან და ჩემს ოჯახთან ერთად იქვე ვცხოვრობდი. ჩემი პედაგოგიურ-პროფესიული მოღვაწეობაც ამ ქალაქს უკავშირდება.

 ომის დაწყებამდე  ვხელმძღვანელობდი ქალაქ ტყვარჩელის, შოთა რუსთაველის სახელობის მრავალეროვან /ქარტულ-აფხაზურ-რუსულ/ პირველ საშუალო სკოლას, რომლის სრულ პედაგოგიურ შემადგენლობას ერთმანეთთან თანაბარი შესაძლებლობები, სამართლიანობა, ობიექტურობა, ნდობა და პატივისცემა გვაერთიანებდა.  მუდმივად ვცდილობდი გამეგრძელებინა და შემენარჩუნებინა  სკოლის ღირსეული ტრადიციები, თავადაც  ამ სკოლის აღზრდილი ვიყავი და ჩემი მშობლლებიც  ამავე სკოლის პედაგოგები იყვნენ. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი  სკოლის თანამედროვე მართვის სტრატეგიების დანერგვას, მუდმივად ახლის ძიებაში ვიყავი, შესაბამისად მიღწევებიც კარგი გვქონდა, რთული იყო მრავალეროვანი და დიდი სკოლის მართვა, მაგრამ მოქმედების  და ხელმძღვანელობის სურვილი არ დამიკარგავს, რადგან მეც თავად მრავალეროვნულ გარემოში გავიზარდე და შეძენილი და  შეგნებული მქონდა სკოლის მრავალენოვანი ანუ მრავალკულტურული კომპეტენტურობის უნარი და ვიზიარებდი სასკოლო საზოგადოების წევრთა კულტურებს, რაც ხელს მიწყობდა  განსხვავებული კულტურის მქონე პედაგოგებთან ურთიერტებების დამყარებასა და სკოლის მართვაში. .

 1992 წლის 14 აგვისტოს ომმა ჩემი ცხოვრების გზა ორ ეტაპად დაყო, ომამდელი და ომის შემდგომი. 18 აგვისტოდან  ქალაქი ტყვარჩელი ბლოკადაში აღმოჩნდა... ჩემი  ოჯახი და ოჯახის წევრებიც  ბლოკადის  ქარცეცხლში და კონფლიქტის ეპიცენტრში  აღმოჩნდნენ, ირგვლივ შიში და სისასტიკე იყო გამეფებული... ეს ემოციურად  ძალიან რთული  გადმოსაცემია, მაგრამ იმ აფხაზი ადამიანების, მეგობრების  მაღალ ღირებულებებზე და ფასეულობებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლებიც ომის დროსაც არ დაუკარგავთ და სიკვდილს გადაგვარჩინეს... 

საოცარია  შეგრძნება, როდესაც სიკეთის საპირწონედ სიცოცხლეა... მე ეს ომის პერიოდში მაგრძნობინეს აფხაზმა მეგობრებმა. „სიკეთე უდიდესი ნიჭიც არის,რადგან ის ამკვიდრებს ბედნიერებას , სიხარულს,და სიცოცხლეს.   სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ“.

ომის დაწყებიდან - რამდენიმე თვის შემდეგ სამწუხაროდ ქალაქის დატოვება მოგვიწია და საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვსახლდით. ოჯახის ყველა წევრს, ისევე როგორც ყველა დევნილს   გვჯეროდა, რომ ჩვენი გადაადგილება  დროებითი იყო.

ჩემი ცხოვრება და საგანმანათლებლო , საქმიანი მოღვაწეობა ქალაქ ქუთაისში გაგრძელდა. ქუთაისი ჩემი ცხოვრების მეორე ქალაქია, რომელმაც ჩამიხუტა, ტკივილი მომიშუშა და ჩემი ცხოვრების შემდგომი გზა ჩემს ახალ  სამეგობრო წრესთან დამაკავშირა.

პროფესიით პედაგოგი ვარ, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გავაგრძელე ოჯახური ტრადიცია, მე ხომ  პედაგოგების ოჯახიდან მოვდივარ და საერთოდ რამიშვილების საგვარეულოს  უმრავლესობის ცხოვრება  პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ან ხელოვნებასთანაა  დაკავშირებული.

1993 წლიდან 2002 წლამდე ვმუშაობდი ქუთაისის N15 სკოლაში,  აფხაზეთის განათლების სამინისტროს N6 საჯარო სკოლაში და იმერეთში აფხაზეთის სამთავრობო წარმომადგენლობაში განათლების სფეროში სახელმწიფო მრჩევლად. 1997 წლიდან არასამთავრობო სექტორის სფეროში გადავედი, რადგან აქ უფრო კარგად ვხედავდი ჩემი პედაგოგიური და პროფესიული შესაძლებლობების და პოტენციალის რეალიზების საშუალებას.  ამ წლებმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს ის სფერო იყო, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი საქმის კეთების საშუალებას მაძლევდა. რატომ განათლება? ის  ხომ ცოდნის, უნარის,დახელოვნების, აზროვნების კულტურის, ხასიათის და სხვა თვისებების სწავლებისა და განვითარების პროცესია - მე  მომწონს ეს პროცესი, სწორედ ამ პროცესში ვარ ჩართული დღემდე . დღესაც ვსწავლობ კოლეგებისგან, მოსწავე ახალგაზრდებისგან...

 თქვენ განათლების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციას წარმოადგენთ. საინტერესოა, როდის გაჩნდა აღნიშნული კავშირის ჩამოყალიბების იდეა და საქმიანობის პროცესში რა მიმართულებებზე ორიენტირდებით, რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ? რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ მოღვაწეობას და პედაგოგიურ პროფსიას  მე ის მთლიანად სამოქალაქო სექტორს დავუკავშირე. 1997 წელს ქალთა ფონდ „სოხუმის“საქმიანობებში  ჩავერთე,ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ. არასამთავროო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც ამ ფონდში მივიღე, მოგვიანებით კი დევნილ პედაგოგებთან ერთად პედაგოგთა კავშირი“განათლება და სამყარო“ დავაფუძნეთ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ 2002 წლიდან.  ორგანიზაცია დაფუძნებულია ქალაქ ქუთაისში დევნილი პედაგოგების მიერ, რომლის მისია არის განათლების სფეროში დემოკრატიული პროცესების განვითარება და ხელშეწყობა;  მსოფლიო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაცია; მონაწილეობა  სამშვიდობო პროცესებში. რატომ სამშვიდობო პროცესები? მშვიდობას მაშინ უფრო კარგად აფასებს ადამიანი,როდესაც მას კარგავს და ჩვენ დღეს სწორედ დაკარგული მშვიდობის ძიებაში ვართ. ჩემი საგანმანათლებლო მიზნები და განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების  დიდი ნაწილი   მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესს ქმნის.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს არაფორმალური განათლების განვითარებას, საგანმანათლებლო პროგრამების, მეთოდოლოგიების შექმნა-შემუშავებას ახალგაზრდული პოლიტიკის, განათლებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, ტრენინგ-სემინარებს, კონფერენციებს, კვლევებს, კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიებისა და სამშვიდობო დიალოგისა და  მოლაპარაკებების პროცესში  ჩართვას, პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებას, ზრუნვა და მუშაობა ხანდაზმულ (ამაგდარ) პედაგოგებთან, სამშვიდობო განათლების დანერგვას და ა.შ.

ყველა საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და ყოველდღე ვისწრაფვი  იმისკენ, რომ ის საქმე, რასაც ვემსახურები, იყოს წარმატებული და შედეგიანი. პირადად  ჩემთვის კი წარმატება მუდმივი განვითარება, დიდი შრომა და პოზიტიური განწყობაა.   მეამაყება ყველა ის წარმატებით დასრულებული პროექტი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობით ჩემმა გუნდმა განახორციელა და რომლის შედეგები სახეზეა.

190287303 295558855592559 5511074301029817318 n

წლებია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა გაკავშირებთ. საინტერესოა უფრო კონკრეტულად რაში გამოიხატება ქვეყანაში ყველაზე მრავალრიცხოვან და ძლიერ ორგანიზაციასთან, სპმთპ-სთან თანამშრომლობა?

გიცნობთ და ვიცნობ იმ განვლი გზებს, რაც გამოიარა დაარსებიდან თქვენმა ორგანიზაციამ, რადგან  დიდი ხნის ურთიერთობა და თანამშრომლობა  მაკავშირებს თქვენს ორგანიზაციასთან, რომელიც ორიენტირებულია  სოციალურ სამართლიანობაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, ხარისხიან განათლებაზე, პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, რაც რაღაც ნაწილში თანხვედრაში მოდის ჩვენი ორგანიზაციის სტრატეგიულ მიმართულებასთან, კარგი ურთიერთობები გაქვთ დამყარებული ყველა  მონათესავე ორგანიზაციებთან, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს ემსახურება. სწორედ თქვენი აქტიური მხარდაჭერით მოხდა აფხაზეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს სხვადსხვა რეგიონში განთავსებული 16 საჯარო სკოლისა და დევნილი პედაგოგების ჩართვა განათლების რეფორმის და   დევნილ პედაგოგტა საატესტაციო პროცესში.

დიდია თქვენი წვლილი მათი ინტერესების, პრობლემებისა და  შრომითი უფლებების დაცვის საკითხებში. განსაკუთრებით, მინდა,  აღვნიშნო ის სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც ემსახურებოდა დევნილი პედაგოგების ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური  მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც  ხელს უწყობდა ი.გ.პირთა სოციალურ ადაპტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.  

 როგორც განათლების საკითხზე მომუშავე ლიდერი, როგორ შეაფასებდით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საქმიანობას და როლს განათლების სისტემაში?

დღეს განათლების სისტემაში საინტერესო რეფორმები მიმდინარეობს, მაგრამ ყოველი რეფორმის განხორციელებისას სხვადასხვა ხარვეზიც გამოვლინდება ხოლმე... ცხადია, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნათლად ხედავენ ხარვეზს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ ხარვეზის გამოსასწორებლად. ასე მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია "განათლება და სამყაროც". მომწონს თქვენს მიერ შექმნილი ახალი რუბრიკა  ,,ერთად ვიმსჯელოთ პრობლემებზე“. არადა ბევრი პრობლემებია რეფორმასთან დაკავშირებით... ვფიქრობ,  რომ ამ რუბრიკაში თავმოყრილი პრობლემები უფრო ეფექტურს გახდის ტრადიციულ ურთიერთობებს. ის საინტერესო კონფერენციები,რომელიც დაგეგმილი გაქვთ  საგნობრივი დისციპლინის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით, თვალნათელი გახდება თუ რა სირთულეებისა და პრობლემების წინაშე დგება თითოეული მასწავლებელი „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგების მხრიდან მიმღებლობა სიახლისადმი მაღალია და კარგად გვესმის, რომ ამ  მოდელმა უნდა შეცვალოს სწავლა/სწავლების მიდგომები, მაინც ვფიქრობ, პრაქტიკოსი პედგოგებისგან /განსაკუთრებით რეგიონებიდან/ ყველა მიღებული ინფორმაციები გათვალისწინებელი უნდა იქნას ადგილილობრივ დონეზე:  პრაქტიკოსი პედაგოგების შესაძლებლობები, ხელისშმშლელი და ხელის შემწყობი ფაქტორებიც, რათა  საბოლოო ჯამში მივიღოთ  დადებითი შედეგი სწავლა/სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მინდა ავღნიშნო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის   როლი განათლებაში, როგორც დაარსების დღიდან დღემდე.  დღესდღეობით, ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ  მოტივები აქტიურად ჩაერთოთ განათლების პროცესში და სათანადო ბერკეტებითა და რეფორმებში ჩართულობით  შეასრულოთ საგანმანათლებლო ფუნქციები, საქმიანობები, ხელი შეუწყოთ პედაგოგთა საზოგადოებას პროფესიული დონის ზრდაში და ამით განავითაროთ ქვეყნის   სოციალური და ეკონომიკური მხარე.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია განათლების ექსპერტების ჩარტულობა,რასაც აკეთებს კიდევაც  თქვენი კვალიფიცირებული ექსპერტები. მზად ვართ გამოვხატოთ ჩვენი ჩართულობა და თანამშრომლობა ამ სფეროში. თქვენთან ერთად ხარისხიანი განათლებისთვის!

პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა შეხედულება: „მასწავლებელი კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“. თქვენ როგორ გესახებათ აღნიშნული ლიდერობა?

ნათელია, რომ კორონავირუსი და  პანდემია საშინელი რამაა ,მაგრამ გამოიკვეთა  რომ ადამიანები მზად ვიყავით  იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი მოულოდნელად შეგვეცვალა. განათლების კუთხით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა დისტანციური სწავლების გამოცდილებას სწრაფად და ადვილად დავუფლებოდით, რაც 21- საუკუნის ადამიანებისათვის აუცილებელი და შეუცვლელია.

თუმცა იქვე გამოჩნდა რიგი ხარვეზები.  პანდემიის პირობებში ურთულეს და არაორდინალურ პირობებში უწევს მასწავლებელს პედაგოგიური საქმიანობა, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებაზე გადასული სკოლების მოუმზადებლობა, ტექნიკურ გაუმართავობა, ზოგჯერ ელ.ენერგიის შეწყვეტა, სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლის მასწავლებელთა კარიერულ წინსვლასთან /სტატუსის ამაღლებასთან და ა.შ. უამრავი სირთულის გადალახვა მოუწიათ ბოლო სასწავლო წლეებში მასწავლებლებს. გამომდინარე აქედან, დიდი იმედი მაქვს , როგორც ყოველთვის მასწავლებელი გამოიჩენს ბრძოლისუნარიანობას, მოთმინებას და ჩვეული გულისხმიერებით, უფრო შემართებით გააგრძელებს თაობების აღზრდას.

 იმედია, მალე დასრულდება არსებული სიძნელეები და მიეცემათ მასწავლებლებს  ტრადიციული, ცოცხალი  კომუნიკაციის შესაძლებლობა აღსაზრდელებთან და მოსწავლეებთან.

ამავე დროს მოვუწოდებ, გაუფრთხილდნენ თავიათ ჯანმრთელობას, დაიცვან ყველა სამედიცინო რეგულაციები, თითოეული მათგანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული აღსაზრდელების ჯანმრთელობაც და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.

ნამდვილად მინდა დავეთანხმო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მაია კობახიძის სიტყვებს, რომ მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მასწავლებელი არის ‘’კრიზისების მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“.

გეძლევათ საშუალება, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცოთ.

მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად პედაგოგებს  26 მაისი...! 1918 წელს შეიქმნა - პირველი ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობის  დემოკრატიული სისტემა...მას შემდეგ დიდი და რთული გზა გამოვიარეთ, ღირსეული ქართველების გაკვალულ გზას მივუყვებით და ჩვენ პედაგოგებს არა გვაქვს უფლება რომ ჩავიმუხლოთ, მუდმივად უნდა ვიდგეთ განათლების, ცოდნის სადარაჯოზე, ამაზეა დამოკიდებული პატარა ქვეყნის, ჩვენი პატარა საქართველოს მომავალი. მჯერა რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფროს თაობასთან ერთად შეძლებს დამოუკიდებელი საქართველოს ნათელი მომავლის შექმნას, ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას და ჩვენი გაბნეულ-გაბუტული მოქალაქეების/აფხაზები-ოსები/  გარანტირებული მშვიდობისა და კეთილდღეობის ატმოსფეროში ცხოვრების გარემოს შექმნას.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

2021 წლის 26 მაისი