ჩვენი რუბრიკის სტუმარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფახულანის №2 საბაზო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი.სოფელი ფახულანი აფხაზეთის სასაზღვრო ზოლიდან 500 მეტრში მდებარეობს და აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეები ქართულ ენაზე სწავლა/სწავლების პროცესს უზრუნველყოფს.
თქვენი ცხოვრებისეული გზა...
მე ვარ დევნილი საკუთარ სამშობლოში...დავიბადე 1966 წლის 9 მაისს, აფხაზეთის ულამაზეს სოფელ ოქუმში. ოქუმი ერთ-ერთი წამყვანი და ისტორიულად ცნობილი სოფელია, თუნდაც იმით, რომ სწორედ აქ გაიხსნა აფხაზეთში პირველი სკოლა და ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ სკოლაში მომიწია სწავლა და შემდგომში უკვე პედაგოგიური საქმიანობის დაწყება. წელს ჩვენი სკოლის იუბილეს გრანდიოზულად აღნიშნავს აფხაზეთის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო.
სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მყავდა შესანიშნავი პედაგოგები და უსაყვარლესი მეგობრები. სასკოლო ღონისძიებებში აქტიურად ვიყავი ჩართული, რაც ძალიან მომწონდა და მახარებდა. სკოლის პერიოდში ვწერდი და იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. ვიყავი აფხაზეთის შემოქმედ მოსწავლეთა კავშირის წევრი. ყველაფრის მიუხედავად, მაწუხებდა ის, რომ უღიმღამო პერიოდში გვიხდებოდა ცხოვრება, როცა ირგვლივ ერთფეროვნება მეფობდა. ჩემი აზრით, ქვეყანაში არაფერი ხდებოდა საინტერესო და ბავშვური ჭკუით მშურდა იმ ადამიანების, რომელთაც ისტორიულად ცნობილ პერიოდებში მოუხდათ ცხოვრება... ვერც კი წარმომედგინა ბედი წინ რას მიმზადებდა, რა ქარტეხილებში გამომატარებდა.
1983 წელს გავხდი სტუდენტი. სწორედ, იმ პერიოდში დაიწყო ეგრეთწოდებული „გარდაქმნა“, რასაც მოჰყვა ეროვნული მოძრაობის გაქტიურება (9 აპრილი) და მოგვიანებით - აფხაზეთის ძმათამკვლელი ომი. სწავლის დამთავრების შემდეგ ორი წელი ვიმუშავე გალის N102 სსპტს-ში, შემდეგ კი ჩემს მშობლიურ ოქუმის საშუალო სკოლას დავუბრუნდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა უკვე იძაბებოდა ურთიერთობა აფხაზებსა და ქართველებს შორის. 1991 წელს უკვე დაიწყო საომარი მოქმედებები, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა მდ. „ღალიძგასთან“, პირველი შეტაკების დროს დაღუპული ოქუმელი, დედით აფხაზი, ახალგაზრდა.
ჩვენი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში მიმდინარეობდა ინტენსიური საომარი მოქმედებები. დღედაღამე გვესმოდა ქვემეხების გუგუნი, რის გამოც ხშირად იშლებოდა საგაკვეთილო პროცესები, თუმცა სოფლის დატოვებაზე არავინ ფიქრობდა. პირადად მე მცირეწლოვანი შვილები მყავდა, ამიტომ მათი თითო-ოროლა ტანსაცმელი და საბუთები სულ ჩანთაში მქონდა ჩალაგებული, რომელიც მუდმივად გასასვლელ კართან ეკიდა.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივებმა, სოფლის შემოსასვლელებთან მოაწყვეს საგუშაგოები. სადაც დღედაღამ იდგნენ ახალგაზრდები და იცავდნენ სოფელს. მათ შორის იყო ჩვენი ერთ-ერთი ძმა, რომელიც შემდგომ, საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. არ მეგონა თუ ამას გავუძლებდით, მაგრამ გავუძელით... შემდეგ ერთ ეზოში გაზრდილი ბიძაშვილები 18-19 წლის გოგონები ემსხვერპლნენ ეგრეთწოდებულ „აჩისტკას“ და მაშინ დავრწმუნდი ადამიანმა არ უნდა თქვას: „ამას ვერ გადავიტან!“.
...და ბოლოს დაგვატყდა ყველაზე დიდი უბედურება ტელევიზორში გაისმა სულისშემძვრელი სიტყვები „სოხუმი დაეცა!“... გაჩერდა დრო... გაიყინა და გაქვავდა ირგვლივ ყველაფერი. სიბნელემ მოიცვა არე-მარე და არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, ამის შემდეგ ოცი წლის მანძილზე მხოლოდ სიბნელე მესიზმრებოდა და ვიტანჯებოდი, რადგან მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, ვერაფრით გამოვდიოდი იქიდან.
...ღამით სირენას გამყინავმა ხმამ შეძრა მთელი სოფელი. ხალხი ქუჩაში გამოიშალა. „თავს უშველეთ!“ გადმოგვძახა ვიღაცამ საოცარი სისწრაფით მიმავალი ავტომანქანიდან და ატყდა კივილი, წივილი, უიმედო შეძახილები „საით წავიდეთ?!“, „რა ვქნათ?!“ , „ბავშვებს მიხედეთ!“, „იჩქარეთ, უკან არ მიიხედოთ!“, „ცენტრალური გზით ნუ წახვალთ, ისინი იქიდან მოდიან!“....და გარბოდა ხალხი უკანმოუხედავად, ტოვებდა მთელი ცხოვრების მანძილზე ნალოლიავებ სახლ-კარს, რომელშიც უდიდესი შრომა, სიყვარული და სითბო ჰქონდა ჩადებული. ტოვებდა ყველაფერს, რადგან მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ არავინ იცოდა სად წასულიყო და წინ რა ელოდა. ბევრი ალბათ იქვე მოიკლავდა თავს, ვინმეს რომ ეთქვა: თქვენ უკან ათეული წლების მანძილზე ან საერთოდ ვერ დაბრუნდებითო...
...იმ ღამით დამთავრდა ერთი სიცოცხლე...
გაააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას. რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?
საკუთარ სამშობლოში დევნილებად ქცეულები წალენჯიხის რაიონმა შეგვიფარა, სადაც სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას არ გვაკლებდნენ. ეს ის ადგილია, სადაც თითქოსდა ხელმეორედ დავიბადეთ. მძიმე იყო საკუთარ სახლ-კარს მოშორებულთა ყოველდღიურობა, მაგრამ დაბრუნების იმედი და ადგილობრივების თანადგომა სიცოცხლის ძალას გვაძლევდა. ჩვენი ყოველი დღე დაბრუნებაზე ფიქრით იწყებოდა, მაგრამ ლოდინს არ უჩანდა ბოლო.
წალენჯიხა გამორჩეულია,როგორც ულამაზესი ადგილ-მდებარეობით, ასევე აქ მცხოვრები უნიჭიერესი ხალხით, მარტო ის რად ღირს, რომ ამ მიწაზე დააბიჯებდა ტერენტი გრანელი:
„ ...მძლავრი ფესვები მყარად გაედგა
მშობელ მიწაში,
თვით უკვდავება დააბიჯებდა
წალენჯიხაში“ ( მ. პ.)
ყოველი წალენჯიხელი ამაყობს ამ რაიონში გამოზრდილი, გამორჩეული მამულიშვილებით, რომელთა შორის არიან: ლეო ქიაჩელი, ვიქტორ გუჩუა, ეგნატე ფიფია, კალისტრატე სალია და სხვები.ჩვენი ოჯახი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დასახლდა საზღვრისპირა სოფელ ფახულანში, ეგრეთწოდებული, აფხაზეთის გამყოფი ზოლიდან 400 მეტრის მოშორებით. ჩემმა დედამთილმა, მე და ჩემმა მეუღლემ მუშაობა დავიწყეთ აქვე მდებარე ფახულანის N2 საბაზო სკოლაში, რომელიც ნამდვილად გამორჩეული და განსხვავებულია სხვა სკოლებისგან, რადგან სასაზღვრო ზოლიდან 500 მეტრის მანძილზე მდებარეობს. აქედან გამომდინარე ჩვენს სკოლაში აფხაზეთის ტერიტორიიდან გამყოფი ზოლის გავლით ყოველდღიურად გადმოდიან მოსწავლეები, რათა მშობლიურ ენაზე მიიღონ შესაბამისი განათლება (მოგეხსენებათ აფხაზეთში სწავლება ქართულ ენაზე არ მიმდინარეობს). სკოლის პედაგოგები, რესურსცენტრი და განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ იქაურ ბავშვებს, ადგილობრივებთან ერთად, ხელი შეუწყონ ხარისხიანი განათლების მიღებაში.
პანდემიის პერიოდში შეფერხდა აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების ყოველდღიური ჩართულობა სასკოლო პროცესებში, თუმცა პედაგოგების დიდი მონდომებით მათ მუდმივად უტარდებათ დისტანციური გაკვეთილები, რაც ერთადერთი საშუალებაა არსებული მდგომარეობიდან მათ გამოსაყვანად. სკოლამ ფეხი აუწყო განათლების რეფორმას. გვყავს მოტივირებული პედაგოგები, რომლებიც ცდილობენ ჩაატარონ საინტერესო, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გაკვეთილები, რომლებიც ორიენტირებულია მოსწავლეთა სააზროვნო და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. აღსანიშნავია მშობელთა დაინტერესება და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გამოიკვეთა იმ დროს, როცა სკოლა მთლიანად იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე.
თქვენ აფხაზეთის საზღვართან მდებარე სკოლაში ასწავლით. საინტერესოა, რა პრობლემები აწუხებთ საზღვრისპირა სოფლებს. რა პრობლემას გამოკვეთდით თქვენი სკოლის მაგალითზე სასწრაფოდ მოსაგვარებლად?
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენს სკოლაში სწავლობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებიც, რომელთაც ყოველდღე გამყოფი ზოლის გავლით უხდებათ სკოლაში სიარული, რაც თავისთავად პრობლემაა, რადგან ყოველ დილით მესაზღვრეებს უნდა წარუდგინონ სათანადო საბუთები. თუმცა, პანდემიის შემდეგ მათ საერთოდ აეკრძალათ საზღვარზე გადმოსვლა და მთელი წლის განმავლობაში დისტანციურად უტარდებათ გაკვეთილები.
რაც შეეხება სასწრაფოდ მოსაგვარებელ პრობლემას, უნდა გითხრათ, რომ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეების მშობლებმა მოითხოვეს, რომ ჩვენს სკოლას დაემატოს საშუალო საფეხური, რათა, საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, მათი შვილები ისევ პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდნენ და არ მოუწიოთ ახალი სკოლის ძიება. მათი განცხადება გადაგზავნილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თხოვნა დადებითად გადაწყდება.
როგორც ხედავთ, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი დამაკავშირებელი ძაფია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან და ეს ძაფი არაფრით არ უნდა გაწყდეს, ამისათვის კი სკოლა მათთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს. გარდა ამისა, ჩვენი სკოლა ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენს უცხოელი პარტნიორებისთვის, რადგან აქ ინტენსიურად გვსტუმრობენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები. თვითონ ხსენებული მისიის ხელმძღვანელმაც განახორციელა ვიზიტი ჩვენს სკოლაში; ასევე რამდენჯერმე სტუმრად გვეწვივნენ ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტიც განახორციელეს.
მასწავლებელი-კრიზისის მართვის და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?
მასწავლებელი იყო, არის და იქნება როგორც გამორჩეული ფიგურა არამარტო სასკოლო საქმიანობაში, არამედ სხვა საზოგადოებრივ საკითხებშიც. საზოგადოება მას იმედით შეჰყურებს, ანდობს ყველაზე ძვირფასს - ქვეყნის მომავალს, აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია ნებისმიერ სიახლეს აუწყოს ფეხი, შეძლოს კრიზისული სიტუაციის მართვა. დღევანდელი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მასწავლებელი ღირსეულად დადგა თავის სიმაღლეზე. მან შეძლო პანდემიის პერიოდში სადავეების ხელში აღება და საოცარი ენთუზიაზმით გაითავისა მისთვის უჩვეულო მდგომარეობა (ვგულისხმობ დისტანციურ სწავლებას).
გლობალურმა პანდემიამ ინტერნეტტექნოლოგიების ფლობის საჭიროების წინაშე დაგვაყენა. როგორ შეძელით დისტანციურ საქმიანობაზე გადასვლა და როგორ შეაფასებდით ამ პროცესს? პანდემიის ფონზე, ხომ რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.
მოგეხსენებათ, გლობალურმა პანდემიამ შოკისმომგვრელი დარტყმა მიაყენა ნებისმერ სფეროს, არც განათლების სისტემა აღმოჩნდა გამონაკლისი. უნდა ითქვას, რომ არ ვიყავით ამისთვის მზად, თუმცა ბოლო პერიოდებში ჩატარებულ ტრეინინგებს ტექნოლოგიების სწავლებასთან დაკავშირებით უკვალოდ არ ჩაუვლია, რისი წყალობითაც პედაგოგთა უდიდესი ნაწილი ფლობდა ამ მიმართულებით საჭირო გარკვეულ უნარ-ჩვევებს და შევძელით ახალ მდგომარეობაზე გადართვა. უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილში ინტერნეტის არახელმისაწვდომობა აღმოჩნდა ხელისშემშლელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც შევძელით არსებული პრობლემისთვის თავის გართმევა.
თქვენ როგორც დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი კარიერული წინსვლის გზაზე რა დაბრკოლებებს გადააწყდით? ახალი სქემის ფარგლებში აქტიურად საუბრობდნენ პედაგოგების კრედიტებზე, დამატებით აქტივობებზე, ელექტრონულ ჟურნალზე, „ქაღალდომანიაზე“,სერტიფიცირებაზე. თქვენეული დამოკიდებულება ყოველივე ამასთან დაკავშირებით?
იმაზე არავინ დავობს, რომ განათლების სფეროში ბევრი რამ შესაცვლელი იყო. პირადად მე, პირველსავე წელს ჩავაბარე ორივე გამოცდა და შესაბამისად გავხდი უფროსი მასწავლებელი, მოგვიანებით კი წამყვანის სტატუსიც მივიღე. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ გამჭირვებია ამ ეტაპების გავლა, მაგრამ დროის დეფიციტის წინაშე ნამდვილად დავდექი. ძალიან ბევრი აქტივობა უნდა განმეხორციელებინა, რომელთაც სათანადო დრო ჭირდებოდა, დრო კი პედაგოგისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, მოგეხსენებათ. ჩემი აზრით, მასწავლებელი დამატებითი აქტივობებით ნაკლებად უნდა იყოს დატვირთული, რათა დროის დეფიციტმა სწავლების ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედოს და მან მშვიდად აკეთოს ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საქმე.
მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან“ დაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?
უკვე აღვნიშნე, რომ მასწავლებელმა მშვიდად უნდა აკეთოს თავისი საქმე-მეთქი. ამ სიმშვიდისთვის ნამდვილად სჭირდება ისეთი ორგანიზაცია, რომელიც დაინახავს მის ირგვლივ არსებულ პრობლემებს, დაიცავს მის უფლებებს და დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში. სწორედ ასეთი ორგანიზაციაა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“. ჩვენს რაიონში ამ ორგანიზაციას ახალგაზრდა, ენერგიული და მოტივირებული ქალბატონი თამარ კაკაჩია ხელმძღვანელებს, რომელმაც ამ მცირე დროში ბევრი რამ გაკეთა მასწავლებლებისთის და ანალოგიურად პედაგოგიური საზოგადოების ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა.
თქვენ შემოქმედი ადამიანიც ბრძანდებით. საინტერესოა თქვენი საქმიანობა ამ კუთხითაც. ექსპრომტად წაგვიკითხეთ თქვენი დაწერილი რომელიმე ლექსი, რომელმაც განსაკუთრებული ემოცია დაგიტოვათ და ყველაზე მეტად გეძვირფასებათ.
თავს უხერხულად ვგრძნობ... სიტყვა „შემოქმედი“, ჩემს შემთხვევაში ცოტა არ იყო ხმამაღალი ნათქვამია. უბრალოდ, ზოგჯერ ემოციები რომ მომაწვება, ვცდილობ, ქაღალდზე გადმოტანას.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს წალენჯიხა და წალენჯიხელები, ქედს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ მგონი ისინი არ მიწყენენ თუ ვიტყვი, რომ აფხაზეთი ჩემთვის ყველაფერია... ტკივილი და სიხარული, უბედურება და ბედნიერება, უიმედობა და მომავლის იმედიც...
...აფხაზეთი ჩემი მოუშუშებელი იარაა...
თითქმის ყველა ჩემი მოკრძალებული ლექსი თუ ჩანახატი ამ ტკივილის გამოძახილია.
აფხაზეთო, შორით ვუმზერ
შენს დათოვლილ მთებს,
ოდნავ მბჟუტავ სანთლის შუქზე
კვლავ ვაწვალებ ლექსს.
ოცნებები გაჰყოლია
შენკენ სავალ გზებს,
გნატრობ, გნატრობ და მგონია,
გენატრები შენც.
მოლოდინში დავიღალე,
წელი მისდევს წლებს,
რაც შენს კერას გავეყარე
შევეყარე ცრემლს.
შორით მაინც ვიყო, აგერ,
შენს გვერდით ვარ მეც,
მხოლოდ მზერით ვტკბები და ვერ
შემოგბედავ მეტს.
ამ ტანჯვისგან რომ დამიხსნას,
ვევედრები ღმერთს
დამაკონოს იმ გზებს, სადაც
შენი გული ძგერს.
(მ.პ)
თქვენ საშუალება გეძლევათ, საქართველოს მთელს პედაგოგიურ საზოგადოებას მიულოცოთ 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. დღე, რისთვისაც იბრძოდა ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე და რომელიც უამრავი ჭეშმარიტი მამულიშვილის სიცოცხლის ფასად დადგა.
სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს!
პედაგოგიურ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ მათ მიერ გამოზრდილ მომავალ თაობას ღირსეულად გაეგრძელებინოს ქვეყნის აღმშენებლობა და საბრძოლველად მხოლო განათლების ველი გამოეყენებინოს.
აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პედკოლექტივის სახელით დაბადების დღე მივულოცო სრულიად საქართველოს პედაგოგთა ინტერესების დამცველ ქალბატონს, მაია კობახიძეს.
უფალი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
სტატიის ავტორი ნათია ჯიქურაშვილი
2021 წლის 26 მაისი