ინტერვიუ ცნობილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწესთან
დიდი ბედნიერებაა, როდესაც შემოქმედ და სულით ფაქიზ ადამიანს ესაუბრები, მისი ცხოვრებისეული შტრიხებით ინტერესდები და მისეული გამოცდილებით ივსები. ფაქიზი სული უფრო აკეთილშობილებს პოეტს და ღვთიური ქმნადობისთვის განაწყობს. შემოქმედება ხომ ისეთი სხივია, რომელიც გარშემომყოფების სულს ათბობს და სიქველისკენ გიბიძგებს. იგი სულის მიღმა გაღებული კარია გულწრფელობისა და სისუფთავისკენ. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი რომან ზუკაკიშვილი შემოქმედი ადამიანია, რომელიც არაერთ სტატუსთან ერთად, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. თავმდაბლობა და გონების ფართო დიაპაზონი მისი ღირსებებია. პატარძეულში დაბადებულისა და აღზრდილისთვის, მშობლიური კუთხე მისი დროის სამივე განზომილებას მოიცავს. თამამად ითქმის, რომ პატარძეული მისი აწმყო, ნამყო და მყოფადია, რადგან ფესვები აქ უკვე მჭიდროდ აქვს გადგმული და არსად წასვლას არ აპირებს. მასთან ინტერვიუ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან ორიგინალური სატელეფონო ფორმატით წარიმართა. ჩვენი დროის ნიჭიერ შემოქმედთან, დაახლოებით ნახევარ-საათიან დიალოგს, უცვლელად გთავაზობთ.
დაბადების დღიდან დღევანდელ დღემდე თქვენი ცხოვრებისეული გზა...
დავიბადე 1959 წლის 31 ივლისს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. ეს გიორგი ლეონიძის სოფელია, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს და ულამაზესია. სკოლა აქ დავამთავრე, შემდეგ პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი წარჩინებით, ამის შემდეგ კი უცხო ენათა ინსტიტუტი, ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგული და ინგლისური ენების სპეციალობით - ისიც წარჩინებით. მოგვიანებით ასპირანტურაშიც წარმატებით ჩავაბარე, მაგრამ სწავლა არ დამისრულებია სხვადასხვა მიზეზების გამო, ძირითადად სოფელ პატარძეულში და საგარეჯოს რაიონში ვმოღვაწეობდი. ვიყავი უცხო ენების მეთოდისტი, პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი, ამავე სოფლის გამგებელი. ვმუშაობდი მუშადაც მევენახეობის კომკავშირული, ახალგაზრდული ფრთის ბრიგადირად. ასე რომ არც ფიზიკური და არც გონებრივი შრომა არ მაკლდა და ჩემთვის უცხო არ იყო. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. მყავს პედაგოგი მეუღლე და ორი ვაჟიშვილი, ერთი იურისტია და მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მეორე ვაჟიშვილიც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. უფროსი ვაჟი დაოჯახებულია და ახლახანს შვილიშვილიც შემეძინა.
ბატონო რომან, თქვენს შემოქმედებით საქმიანობას რაც შეეხება, როგორც მოგეხსენებათ, პოეზიაში გამონათქვამი: ვწერდი და დავსრულდი - არ არსებობს! ეს ისეთი შინაგანი ცეცხლი და ღადარია, რომელიც თუ არ ამოთქვი და ამოაფრქვიე - წაგლეკავს. სულში დაგროვილი უნდა გამოხატო. რა არის თქვენთვის პოეზია?
ჩემთვის პოეზია არის მთელი ცხოვრება...ზუსტად აღარ მახსოვს როდის დავწერე პირველი ლექსი, პატარა ვიყავი მაშინ. ვწერდი ლექსებთან ერთად მინიატურებსაც და ჩანახატებსაც, რომლებიც დაიბეჭდა რაიონულ გაზეთ “ივრის განთიადში“. მოგვიანებით სატირისა და იუმორის ჟურნალ „ნიანგისთვის“ ვწერდი ქარაგმებს, მინიატურებს და ნაკვესებს, რომლებიც პერიოდულად იბეჭდებოდა. განსაკუთრებით გამოკვეთილი მიმართულება ჩემთვის მაინც პოეზიაა, მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელობით საქმიანობასაც ვეწევი. ამჟამად ვარ 14 პოეტური კრებულის ავტორი. პირველად პოეზიაში გზა დამილოცეს და პირველი შეფასებები მომცეს დიდმა შემოქმედებმა შოთა ნიშნიანიძემ, რევაზ ინანიშვილმა და მედეა კახიძემ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, პოეზია წაგლეკავს თუ არ ამოთქვი. თუ ჭეშმარიტი შთაგონებით არის შექმნილი, ლექსის გარეშე ვერ გაძლებ. თანდათან, ეტაპობრივად იქმნებოდა ჩემი ლექსები. პირველი წიგნის რედაქტორი იყო ცნობილი პოეტი სილოვან ნარიმანიძე. ჩემი წიგნების წინასიტყვაობები ეკუთვნით ცნობილ მწერლებს: რევაზ მიშველაძეს, ემზარ კვიტაიშვილს, მზია ხეთაგურს,რევაზ დანელიას, ბაღათერ არაბულს, თემურ ჩალაბაშვილს და სხვებს, რომლებმაც ჩემს წიგნებზე რეცენზიები დაწერეს. ახლა ჩემი მეთხუთმეტე პოეტური კრებული გამოდის, დაახლოებით ორ კვირაში მაისის ოცამდე, რომელშიც ასი ახალი ლექსია შეტანილი. რაც შეეხება ჯილდოებს: ჩემთვის მთავარი ჯილდო მაინც ხალხის სიყვარულია, იმ მკითხველთა შეფასებებია, რაც ჩემი ლექსების წაკითხვის შემდეგ ეუფლებათ და გამოხატავენ. როგორც პოეტს მიღებული მაქვს ღირსების ორდენი, რაც შეეხება ლიტერატურულ პრემიებს, ვარ გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის და რუსთაველის საზოგადოების წევრი, საერო - სამეცნიერო აკადემია "ფაზისის“აკადემიკოსი და საგარეჯოს რაიონის საპატიო მოქალაქე, "საპატიო გარეჯელი". ჩემთვის მთავარია, რომ ჭეშმარიტად შთაგონებით ვწერ და თუ ამით ვინმეს გავახარებ და სიამოვნებას მივანიჭებ - აი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ახლახანს დავასრულე მუშაობა ირლანდიური პოეზიის ანთოლოგიაზე, რომელიც ქართულად ვთარგმნე ორ ავტორთან, ნანა და დიანა შალამბერიძეებთან, ერთად და მოიცავს 35 პოეტს. ალბათ, ესეც სულ მალე, მაისის ბოლოს გამოვა.
როგორც ლიტერატორი და შემოქმედი როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ პოეზიას, რა დამოკიდებულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით? თქვენ რა მიმართულების პოეტი ბრძანდებით და რა სტილით გეწერებათ?
ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ გახარებული ვიყავი, როდესაც ჩემს ლექსებზე იწერებოდა სიმღერები და ასრულებდნენ თანამედროვე ესტრადის ვარსკვლავები.ეს ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ჩემთან მუსიკა ძალიან ახლოსაა, როდესაც ლექსს ვწერ, თითქოს მუსიკა ჩამესმის. ლექსთან და მუსიკასთან განუყოფელი ვარ. სისტემატიურად ვეცნობი თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებს, თუმცა ტრადიციული სალექსო ფორმის მიმდევარი ვარ. ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი ლექსი და არა ის, რასაც ზოგიერთი თანამედროვე პოეტი წერს და რომელსაც ლექსს ვერ დავარქმევ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ლიტერატურის სულ სხვა ჟანრია და ამასთან მიმართებით ზოგჯერ მეჩვენება, მწვერვალს რომ ვერ იპყრობს ადამიანი, იმის მუხლი არ გააჩნია და ხალხის ყურადღება რომ მიიპყროს, იქვე ხრამში გადაეშვება, თუნდაც თავი მოიკლას, ოღონდ მკითხველის ყურადღება მიიქციოს. ლექსი როგორც მოგივა, ისე უნდა დაწერო, ნაწვალები არ უნდა იყოს.
საინტერესოა ვინაა თქვენთვის კორიფე შემოქმედი, რომელიც მისაბაძი და სამაგალითოა?
ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ სამს დავასახელებ: გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე და შოთა ნიშნიანიძე.
თქვენ სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ბრძანდებით. მსურს, ამ კუთხითაც წარმოჩინდეს თქვენი საქმიანობა. როგორი ლიდერი ხართ და რა ტიპის საქმიანობას მოიცავს თქვენი პოზიცია?
საკუთარ თავზე საუბარი რთულია. ოც წელზე მეტია რაც სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. არ მახსოვს ჩემთან რაიმე პრობლემურ საკითხზე მოსული ადამიანი უკან უიმედოდ გამებრუნებინოს და არ დავხმარებოდი. ვამაყობ, რომ ბევრი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე. ვფიქრობ, ჩემში ხედავენ გულწრფელობას, ენთუზიაზმს, ბრძოლისუნარიანობას. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სხვისი პრობლემის მოგვარებისას, რასაც ჰქვია საფლავამდე ჩავყვები და მოვაგვარებ. საქმიანობის დროს ჩემი პრიორიტეტებია: პროფწევრთა სამართლებრივი დაცვა. ორგანიზაციის ლიდერთან, ქალბატონ მაია კობახიძესთან, ცენტრალურ აპარატთან და იურიდიულ დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაციით და ხელშეწყობით პედაგოგების პრობლემები კომპეტენტურად გაანალიზდება და გვარდება. სამართლებრივი საკითხების მოგვარების პარალელურად აქტიურად ვმუშაობთ პედაგოგთა სხვა საჭიროებებზეც. ვაკეთებთ სტატისტიკას, სადაც გამოკვეთილია პედაგოგთა პრობლემები და საჭიროებები. პედაგოგებს ვეხმარებით მატერიალურად, წახალისების და პატივისცემის ნიშნად გადავცემთ სიმბოლურ საჩუქრებს. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი პედაგოგების პროფესიული განვითარებაა. პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მარიამ მკალავიშვილის ხელშეწყობით მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური ტრენინგები როგორც სკოლის პედაგოგების, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულთათვის. ამ პროცესში ჩართული არიან მაღალი დონის კვალიფიციური ტრენერები და შედეგიც შესაბამისია. პედაგოგებისგან ხშირად მომისმენია ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგების შემდგომი შეფასებები, მადლობაც უთქვამთ და აღუნიშნავთ: თქვენ მიერ ჩატარებული ორდღიანი ტრენინგები გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული თუნდაც ხუთდღიანი ტრენინგებიო. ეს რა თქმა უნდა მახარებს და სასიამოვნოდ მოსასმენია.
პანდემიის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა დევიზი:"მასწავლებელი კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი“. თქვენ ამ კონტექსტში როგორ ხედავთ მასწავლებლის როლს და ადგილს?
განათლების სისტემაში, პანდემიის ფონზე, ყველაზე მეტად გამოიკვეთა პედაგოგების მზაობა კრიზისის მართვასთან დაკავშირებით. ჩემი მეუღლეც პედაგოგია და ამ ყოველივეს რეალურად ვხედავდი და აღვიქვამდი. პედაგოგს, კრიზისის მართვის დროს, თავისი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია; იგი მოწოდებულია, ნებისმიერ სიტუაციაში, თავისი პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. ამის ნათელი მაგალითი დისტანციური( ონლაინ) უწყვეტი სწავლებაა.
ადამიანი მუდმივად ძიების პროცესშია და ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკულიც. შესაბამისად, გულის სიღრმეში, საკუთარ თავს ერთხელ მაინც დაუსვამს კითხვას, რომლის პასუხს შინაგანი ხმით აღმოაჩენს. საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს დაუსვამდით?
საკუთარ თავს, სპონტანურად ასეთ კითხვას დავუსვამდი:-„შენ, რომან ზუკაკიშვილო, გააკეთე ყველაფერი, რაც შეგეძლო შენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის?“ ამ კითხვას ასეთ პასუხს გავცემდი: მაქსიმალურად გულით ვეცადე და დავიხარჯე ჩემი საქართველოსთვის და მომავალი თაობის საკეთილდღეოდ. ვცდილობდი თუნდაც პოეზიაში თანამედროვე, დამწყები პოეტებისთვის ხელი წამეშველებინა, მიმეცა მიმართულება და დამერიგებინა, რომ რაც შეიძლება ბევრი წაეკითხათ და განვითარებულიყვნენ, დაჰკვირვებოდნენ სხვა შემოქმედების წერის მანერას, სტილს და მიმდინარეობას, გაემდიდრებინათ ლექსიკა და გონებრივი თვალსაწიერი. კითხვის დროს ხომ ყველაზე ადვილად იბადება ახალი იდეები და აზრები. თავის დროზე წავიკითხე ინგლისური, რუსული და ქართული პოეზიიის შედევრები და ის ემოცია დღემდე მომყვება.
შემოქმედისთვის მის მიერ შექმნილი ყოველი პწკარი და ტაეპი შვილივით ძვირფასია, ესათუთება და უყვარს თითოეული ლექსი. თუმცა ღირებულებების თვალსაზრისით მაინც იცის გამოყოფა. საინტერესოა, თქვენი ლექსებიდან რომელია თქვენთვის განსაკუთრებით გამორჩეული ლექსი, რომელმაც ემოციით ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი?
თქვენ მართალი ბრძანეთ - "ყველა ლექსი შვილივით საყვარელი და ძვირფასია", თუმცა ამ ბოლო პერიოდში დავწერე ლექსი“მე სიკვდილისთვს არა მცალია“, რომელზეც სიმღერა უნდა დაწერილიყო და თემურ წიკლაურს უნდა შეესრულებინა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა...
წაგიკითხავთ აღნიშნულ ლექსს:
„მე სიკვდილისთვის არა მცალია, გამიგებთ, ალბათ.
ამ ერთ აპრილსაც შემატოვოს ატმების ალმა!
მერე მაისის მომსწრე სიკვდილს რად ვისურვებდი?
მალე ჩემს ფიქრად აბოლდება ვარდის სურნელი.
მერე თიბათვეს დავჭირდები, მინდვრად გავათევ,
მერე ჩემს სათქმელს ოქროს ყანით იტყვის მკათათვე,
კვლავ მოსვენებას აღარ მომცემს ფერისცვალება
და უჩემობით თვით სამყარო შემებრალება;
მერე ძმაკაცი დამიძახებს ღვინობისთვეში,
მივიწყებული ბილიკისთვის გული კვლავ მერჩის;
მერე ახალწლის ჟამიც დგება, ლხინის დარია...
არა და არა, მე სიკვდილისთვის არა მცალია!“
ბატონო რომან, ამ ბოლო პერიოდში მოგენიჭათ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. საინტერესოა, კონკრეტულად რომელი პოეტური კრებულისთვის? აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ ამ ყველაზე ღირსეულ და საამაყო პრემიას.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მომენიჭა წიგნისთვის „ჩვენ და წუთისოფელი“, რომელშიც შედის დაახლოებით 500 ლექსი. პოეტური კრებულის წინასიტყვაობა ეკუთვნის რუსთაველის პრემიის ლაურეატს, პროფესორს რევაზ მიშველაძეს, წიგნის რედაქტორია - დიანა შალამბერიძე. პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წიგნის პირსპირ პრეზენტაცია ვერ მოვაწყე, თუმცა ჩავატარე ონლაინ პრეზენტაცია.
P.S. დიდი მადლობა, რომ ამ მადლიან დღეს, გიორგობას შედგა ჩვენი ინტერვიუ. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის მინიჭებას და წარმატებებს გისურვებთ შემოქმედებით და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იმედია, პოეზიაზე სასაუბროდ, კიდევ შევხვდებით...
მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა