32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

30.11.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმართავს საჯარო სკოლების დირექციებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ პროფესიულ კავშირებში მონაწილეობასა და მათ შორის საწევრო გადასახადების გადარიცხვებთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის ხელფასიდან რომელიმე პროფკავშირს გადაურიცხოს საწევრო გადასახადი, უნდა არსებობდეს მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და სკოლასა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ, ”პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანების პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.”

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების დაცვის გარეშე, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ხელყოფს მასწავლებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 და მე-14 პუნქტების თანახმად, პროფკავშირის წევრი არის ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში, ხოლო კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.

”პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი არის ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მასწავლებლის, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქის, საზოგადოებრივი გაერთიანებებში გაწევრიანება. კერძოდ, 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.


აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ თითოეული მასწავლებელი დამოუკიდებელია და საკუთარი ნების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პროფესიულ კავშირში გაერთიანების შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერი  საწევრო შენატანების გადარიცხვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ მასწავლებლის სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში ნებაყოფლობითობის პრინციპის სრული დაცვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის იქნება მასწავლებელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, საქართველოს კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესაბამისად.

http://mes.gov.ge/content.php?id=1689&lang=geo