სპმთპ-ის თელავის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-გაძლიერებისა და ახალი წევრების მოზიდვის მიზნით, 28 თებერვალს, სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, მაია ესებუამ და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა ანასტასია ამისულაშვილმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის, სოფელ ვანთას, სოფელ ბუშეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენის, სოფელ წინანდლისა და სოფელ კისისხევის საჯარო სკოლებში დასაქმებულებთან.

სპმთპ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეები და თუ რას აკეთებს და რას გეგმავს პროფკავშირი თავისი წევრების, განათლების სფეროში დასაქმებულების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დასაცავად. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ და განსახორციელებელ აქტივობებს.

შეხვედრის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან, რათა აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა იმ აქტივობაში, რასაც სპმთპ თავისი წევრებისთვის ახორციელებს.