27 იანვარს, ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას დელეგატებთან ერთად მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა მათ ნდობის გამოცხადებისთვის, რომლითაც შესაძლებელი გახდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის მოქცევა სპმთპ-ის წესდებისა და კანონის ფარგლებში. მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ ორგანიზაციას უკვე ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელმაც უნდა შეძლოს თავისი წევრების უფლებების დაცვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა: „ჩვენ, ყველამ ერთად სოლიდარობის განწყობა უნდა შევქმნათ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. უნდა შევძლოთ მენტალობის შეცვლა, რათა ვიყოთ სოლიდარულები, ერთმანეთის გულშემატკივრები, მხარდამჭერები. სოლიდარობითა და ერთად ყოფნით ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება“ - აღნიშნა მაია კობახიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა პროფკავშირის მიზანზე და ამოცანებზე, განხორციელებულ საქმიანობზე, მიღწეულ წარმატებებზე, ახალ გამოწვევებზე.
მაია კობახიძემ, ასევე უპასუხა კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს.
სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კესო ოსიშვილმა, თავდაპირველად დელეგატებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ორგანიზაციის პრიორიტეტები და ორგანიზაციის გაძლიერებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები გააცნო.
„სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა 2016 წლიდან დაიწყო. ორგანიზაციის აღორძინებისთვის, სპმთპ-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად მუშაობდნენ. რაიონის თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და დღევანდელი მდგომარეობით რაიონში 27 პირველადი ორგანიზაცია გვაქვს, რომელიც 550 წევრს აერთიანებს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის აღდგენა-აღორძინების საქმეში 2017 წლის 22 მაისიდან ჩავერთე, მას შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიზნით მთაწმინდა-კრწანისის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებმა 10 ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ორ ეტაპად მოვაწყვეთ სამდღიანი დასვენება ბაკურინში, რომლითაც 300-ამდე ჩვენმა წევრმა ისარგებლა. რაიონული ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო სამი ექსკურსია ერთი სკოლისა და ორი ბაგ-ბაღის თანამშრომლებისთვის. ორგანიზება გავუწიეთ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებო ღონისძიებას. მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიებები და სპექტაკლებზე დასწრების ორგანიზება. ასევე, ჩვენი მცირე ბიუჯეტით შევძელით სხვადსახვა სახის მატერიალური დახმარება, ჯამში 1100 ლარის ოდენობით, გაგვეწია რაიონის სამ საჯარო სკოლაში და სამ საბავშვო ბაგა-ბაღში დასაქმებული შეჭირვებული ადამიანებისთვის“ - განაცხადა კესო ოსიშვილმა.
კონფერენციაზე დამსწრე 45-მა დელეგატმა სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კესო ოსიშვილი ერთხმად აირჩია.
კონფერენციაზე, ასევე, აირჩიეს სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.
კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ხუთ წევრს პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.