„სიკეთე გადამდებია“ - ამ სახელწოდების საქველმოქმედო საღამო გაიმართა 14 დეკემბერს სამგორის რაიონში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გულიკო ამილიძის ორგანიზებით.

სპმთპ-ს სამგორის რაიონული ორგანიზაცია რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და ზრუნავს რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ პენსიონერებზე - ჩუქნის მათ დადებითი ემოციებით, სიყვარულით, სითბოთი სავსე დღეს და საახალწლო ნობათს.

სამგორის რაიონის ყველა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი და თანამშრომელი აქტიურად ჩაერთნენ აქციაში. მათ ნებაყოფილობით და სიხარულით შეაგროვეს შემოწირულობა სამგორის რაიონში მცხოვრები ხანდაზმული, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე და სპმთპ-ს განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თემურ კიკნაძე.

საქველმოქმედო კონცერტი სამგორის რაიონის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც სამგორის რაიონის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთად, სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე, გამგებლის მოადგილე კახა ბოლქვაძე, გამგეობის აპარატის ხელმძღვანელი, ლელა ტყავაძე და გამგეობის თანამდებობის პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

ორი საათის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სამგორის რაიონის სკოლებისა და ბაღების აღსაზრდელები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც მოწვეულ სტუმრებს თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს.

კონცერტს უძღვებოდა თეატრ „სივრცის“ რეჟისორი, მსახიობი კიაზო ჯობავა. თეტრის მსახიობებმა არაჩვეულებრივი შესრულებით წარმოადგინეს ნაწყვეტი სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“.

სპმთპ-ს სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გულიკო ამილიძემ, მადლობა გადაუხადა რაიონის ყველა სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს, მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი მხარდაჭერისთვის, ქველმოქმედებისთვის, ასევე, მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონის გამგებელს და გამგეობის ყველა თანამშრომელს თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის: „მეხუთე წელიწადია ამ საქველმოქმედო ღონისძიებას ვატარებთ ჩვენს რაიონში. შეჭირვებული ადამიანების თანადგომას განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება, მთავარია სურვილი და განწყობა. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ჩვენი ბებიებისა და ბაბუების გახარებაში, მათი გულების გათბობაში, მათთვის ერთი დღის გალამაზებაში“ - განაცხადა გულიკო ამილიძემ.

სპმთპ-ს პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონის ორგანიზაციას, მის თავმჯდომარეს გულიკო ამილიძეს, სამგორის რაიონის გამგებელს და გამგეობას, რაიონის სკოლებისა და ბაღების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, აღსაზრდელებს ამ კეთილშობილურ საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის:

„ეს არ არის პირველი საქველმოქმედო ღონისძიება, რომელსაც სამგორის ორგანიზაცია გვთავაზობს. თქვენი სიკეთე მართლაც რომ გადამდებია. ჩვენმა სხვა რაიონულმა ორგანიზაციებმაც აიტაცეს ქალბატონი გულიკოს ინიციატივა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა განახორციელეს. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა ყველა მონაწილეს ასეთი თბილი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე საღამოს ორგანიზებისთვის“- განაცხადა მაია კობახიძემ.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა თეატრ „სივრცის“ დირექტორს, როინ ჩიტუაშვილს, თეატრის რეჟისორს, კიაზო ჯობავას და მსახიობებს საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ თეატრ „სივრცის“ ყველა სპექტაკლი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით.

ამ ერთმა, არც ისე მასშტაბურმა, მაგრამ საოცრად თბილმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა სამგორის რაიონის მკვიდრნი, რომ სიკეთე ჯერ კიდევ არსებობს ამ ქვეყნად, რადგან სიკეთე გადამდებია.