12 დეკემბერს, ლანჩხუთში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლელა ქურიძის ორგანიზებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ვლადიმერ აფხაზავას მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, სპმთპ-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა, სპმთპ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ, სპმთპ-ს განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ კიკნაძემ, სპმთპ-ს ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გაბუნიამ.
მასწავლებლის პროფესიისადმი პატივისცემითა და სიყვარულით გაჯერებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ლანჩხუთის რაიონის საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები. მათ სადღესასწაულო განწყობას შეურთდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლადო ნანაძე, საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე მახათაძე, საკრებულის აპარატის ხელმძღვანელი ნინო ძიძიგური და ბავშვთა ცენტრ „იავნანას“ დირექტორი, ციცო ჩხარტიშვილი.
ლანჩხუთის რაიონის ოცდასამი საჯარო სკოლის პედაგოგებმა საღამო უფრო მეტად გაალამაზეს თავიანთი შემოქმედებით. შეასრულეს ქართული სიმღერები და გაიხსენეს, ლადო აფხაზავასთან ერთად, მისივე ინიციატივით განხორციელებული პროექტები და პედაგოგიური საქმიანობიდან საინტერესო ფრაგმენტები. ღვაწლმოსილმა მასწავლებელმა აკაკი გოგუამ, ლადოსადმი მიძღვნილი, თავისი ლექსი წაიკითხა.
,,ჩვენთვის საამაყოა რომ ჩვენს ქვეყანაში ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული, ლადო აფხაზავა, ჩვენი პედაგოგია. ამ სიამაყის და სიხარულის გამოსახატავად ჩვენმა სახელოვანმა პედაგოგებმა მოაწყვეს ეს საღამო“ - განაცხადა სპმთპ-ს ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლელა ქურიძემ. ლელამ ქურიძემ ადგილობრივ თვითმმართველობასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან მიმდინარე თანამშრომლობაზე და ურთიერთნამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
სპმთპ-ს პრეზიდენტმა, მაია კობახიიძემ მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლელა ქურიძეს და ყველა პედაგოგს ასეთი თბილი, ლაღი, გულწრფელი შემოქმედებითი საღამოსთვის: „მინდა მოგილოცოთ თქვენი მეგობრის, თქვენი რაიონის პედაგოგის ასეთი დიდი წარმატება. მიხარია, რომ ყველანი გულწრფელად გამოხატავთ თქვენს სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ლადო აფხაზავას წარმატებამ გამოიწვია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დაწესება წინგადადგმული ნაბიჯია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის და ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამაღლდეს მასწავლებლის ავტორიტეტი და დაცული იყოს თქვენი უფლებები“ - განაცხადა მაია კობახიძემ.
ლადო აფხაზავამ, სიყვარულისთვის და დაფასებისთვის, მისთვის ჩვეული თავმდაბლობით გადაუხადა მადლობა სპმთპ-ს ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ყველა პედაგოგს და მოწვეულ სტუმრებს. მან გაიხსენა პროფკავშირის მიერ განხორციელებული აქტივობები, რომელშიც თავად აქტიურად მონაწილეობდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ისაუბრა პროფკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე, დასაქმებულთა ინტერესების და უფლებების დაცვის საქმეში: „ის ფაქტი, რომ ჩვენი რაიონის პედაგოგებს ასე გვიყვარს ერთმანეთი და გვაქვს ურთიერთპატივისცემის განცდა, არის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქალბატონი ლელა ქურიძის დამსახურება. მადლობა ქალბატონ ლელას, მადლობა ორგანიზაციის პრეზიდენს, ქალბატონ მაიას, მადლობა ყველა თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის“ - აღნიშნა ვლადიმერ აფხაზავამ.
ლადოს სიტყვები - ,,ყველა ჩართული ვართ, ყველანი ლიდერები ვართ“ - ლაიტმოტივად გასდევდა საზეიმო საღამოს.