,,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია შექმნას სისტემის განვითარების მთავარი ღერძი, რათა საქართველომ განათლების ხარისხის მიმართულებით, ევროპის განვითარებული ქვეყნების გვერდით დაიკავოს ადგილი’’–განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების ექსპერტ-მასწავლებლებთან, კატრინა ლონდჰოლტთან და ლის აილერცენთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარიამ ალუღიშვილი და დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლების მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) პედაგოგთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მორტენ ჯესტი.
სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მინისტრის მოადგილეს მადლობა გადაუხადა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის და დანიის თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის - „განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება“ - განხორციელების ხელშეწყობისთვის. მან მადლიერებით აღნიშნა, სემინარის აქტუალობიდან გამომდინარე, სამინისტროს თანადგომა და დახმარება სემინარებში მონაწილე პედაგოგებისადმი, კერძოდ, მათი სკოლებიდან 2 სამუშაო დღით გათავისუფლება, ხელფასის შენარჩუნებით.
სპმთპ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა 18 თვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სემინარების მნიშვნელობაზე, ქართველი პედაგოგების პროფესიული უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, დანიელ სტუმრებს ის გამოწვევები გააცნო, რაც დღეს დგას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მიმართ. მან ისაუბრა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, განხორციელებული რეფორმების შესახებ. აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია შექმნას სისტემის განვითარების მთავარი ღერძი, რათა საქართველომ განათლების ხარისხის მიმართულებით, ევროპის განვითარებული ქვეყნების გვერდით დაიკავოს ადგილი.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ქმედით და პედაგოგების საჭიროებებზე ორიენტირებულ საქმიანობაზე.
„ჩვენთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა არის პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა პროექტი, ყველა აქტივობა, რაც პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას უკავშირდება. მადლობა პროფკავშირს, იმ ქმედითი და რეალური დახმარებისთვის, რომელსაც უწევს პედაგოგებს მათი კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში“-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იანვრიდან პედაგოგთა გადამზადების ახალი ციკლი დაიწყება, ამჯერად, მასწავლებელთა სახლი გადაამზადებს დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, სახელმძღვანელოების შეცვლის საკითხია და აღნიშნა, რომ უკვე მზად არის ახალი სახელმძღვანელოებიც, რომლებშიც გასწორებულია ძველ სახელმძღვანელოებში არსებული ყველა ხარვეზი.
ქალბატონი ლია გიგაური, ასევე, შეეხო სკოლების დეცენტრალიზაციის საკითხს და აღნიშნა, რომ დირექტორები მხოლოდ ტექნიკური მენეჯერები არ არიან, ისინი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და ხარისხზეც უნდა ზრუნავდნენ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს სკოლებში არსებობს, არის სკოლების კეთილმოწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. ამ პრობლემის გადაჭრა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და სამინისტრო ეტაპობრივად ახორციელებს დედაქალაქსა და რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია-ინვენტარიზაციას, ასევე, მიმდინარეობს ახალი სკოლების შენების პროცესიც.
მინისტრის მოადგილე პედაგოგთა ხელფასების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად პედაგოგთა ხელფასებიც გაიზრდება.
საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მინისტრის მოადგილის პასუხი GL-ის პერიოდული გამოცემის მთავარი რედაქტორის, მორტენ ჯასტის შეკითხვაზე - ,,რას გააკეთებდით, თქვენ რომ სპმთპ-ს პრეზიდენტი იყოთ?“
„ მაია კობახიძე არის ლიდერი, რომელმაც იცის სად და რა დროს უნდა გამოხატოს პროტესტი და სად და როდის უნდა ითანამშრომლოს. მიხარია, რომ პროფკავშირს ასეთი ლიდერი ჰყავს და ეს ორგანიზაცია იღწვის პედაგოგების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ხელისუფლების ყველა დონეზე და შედეგად გადაწყვეტილებები მასწავლებელთა სასარგებლოდ დგება. სამინისტროსა და პროფკავშირს შორის საქმიანი, კონსტრუქციული, ეფექტური და პედაგოგების ინტერესებზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია მიმდინარე წელს გაფორმებული დარგობრივი შეთანხმება, რითაც მხარეებმა ავიღეთ თანამშრომლობის ვალდებულებები, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებისათვის“ - აღნიშნა ლია გიგაურმა.
დანიელი კოლეგებისათვის შთამბეჭდავი იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა: „საინტერესო იყო მინისტრის მოადგილისა და პროფკავშირის ლიდერის დიალოგის მოსმენა, მასწავლებლებელთა სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული პირობების გაუმჯობესების გზების ძიებისა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. სასიამოვნო იყო ის გარემოებაც, რომ თანამშრომლობა სამინისტროსა და პროფკავშირს შორის არის ღია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. შეხვედრაზე, განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირებაც კი ხდებოდა კონსტრუქციული გზით. ვფიქრობთ, პროფკავშირის წევრებმა უნდა იამაყონ პროფკავშირის საქმიანობით“ - აღნიშნეს დანიელმა ექსპერტებმა.