ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ .
ცენტრი 2015 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ მისი წევრი პედაგოგების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში დასახმარებლად შეიქმნა. ცენტრი 2015 წლიდან სპმთპ-ს წევრებისთვის, როგორც პრაკტიკოსი, ასევე უფროსი მასწავლებლებისთვის ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ტრენინგებს მრავალფეროვანი თემატიკით.
„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ 2017 წლის სექტემბერში „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებში“ წარადგინა პროექტი -„მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ და მოიპოვა დაფინანსება.
პროექტის ფარგლებში მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ტარდება სატრენინგო პროგრამა - „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“.
პროექტის აქტივობები სატრენინგო პროგრამასთან (24 საკონტაქტო საათი ორი ორდღიანი ტრენინგი, სატრენინგო დღის ხანგრძლივობა 6 საათი) ერთად, მოიცავს პროფესიული განვითარების აქტივობას -„გაკვეთილის დაგეგმვა, ჩატარება, რეფლექსია და გაკვეთილის შეფასება -კოლეგების უკუკავშირი“.
პროექტის ბენეფიციარი პრაქტიკოსი მასწავლებელი, პროექტის ფარგლებში სრულად, აქტიურად და წარმატებით მონაწილეობისთვის, მიიღებს 1.5 კრედიტქულას.
პროექტის ფარგლებში ტრენინგები უკვე ჩაუტარდა აღმოსავლეთ საქართველოს სამი რეგიონის: შიდა ქართლის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 800-მდე პრაქტიკოს მასწავლებელს.