25 ნოემბერს, სპმთპ-ს საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მარინა შუბითიძის ორგანიზებით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ვაკე-საბურთალოს რაიონის ბაგა-ბაღების 26 პედაგოგისთვის ტრენინგი ჩაატარა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით. ტრენინგის თემა იყო - „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია.“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი, ანასატასია ამისულაშვილი.

საქართველოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით, საინფორმაციო ვაკუუმი პირველი რიგის პრობლემათაგანია, ამდენად მისი გადაჭრა უშუალოდ უკავშირდება სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას.

ტრენინგი, რომელსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი სისტემატურად ატარებს სპმთპ-ს წევრებისთვის, პრობლემის გადაჭრის საქმეში ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ტრენინგი ეხმარება პედაგოგებს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეუწყონ ხელი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების აღზრდას კეთილგანწყობილ გარემოსა და საზოგადოებაში. ასევე, ეხმარება მათ ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს.

ტრენინგის მიზანია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პედაგოგებს გააცნოს ინკლუზიური სწავლების ელემენტები. ტრენერი მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების გასავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალასაც აწვდის.