ქ. კოპენჰაგენში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CISU) და დანიის უმაღლესი საფეხურის სკოლის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) ორგანიზებით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით დაინტერესებული დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დანიის პროფკავშირის წევრმა მასწავლებლებმა და სპმთპ-ის წარმომადგენლებმა. თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის საქართველოში განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა GL-ის წარმომადგენელმა სინე ჰანსენმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სპმთპ-სთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და დასავლური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. სინე ჰანსენმა ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ რატომ შეარჩია GL-მა პარტნიორად სპმთპ და როგორ ხედავენ თანადგომის პროექტის გაგრძელების პერსპექტივებს. CISU-ს წარმომადგენლობამ ფონდის შემდგომი ხედვების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.


თანამედროვე ეტაპზე სპმთპ-ის მიზნებისა და გამოწვევების შესახებ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და საქმიანობაზე ისაუბრა სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა. მან მოკლედ გააცნო დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები: ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ეტაპები. ,,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ბევრი სირთულეების გადალახვის მიუხედავად, საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა და ცალსახად ავირჩიეთ ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების კურსი. 1992 წლიდან საქართველო გახდა გაეროს 179–ე წევრი ქვეყანა, საქართველო ევროპის საბჭოს წევრია 1999 წლიდან, საქართველო–ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება გაფორმდა 2014 წლის ივნისში. ჩვენი ქვეყანა ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატოში შესვლისათვის, რაც მიუღებელია ჩრდილოელი მეზობლის-რუსეთისათვის, რომელიც ყველა მეთოდით ცდილობს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას თავისი გავლენის ქვეშ. ამ მიზნის მისაღწევად არ ერიდება არავითარ პროვოკაციას, რისი დადასტურებაცაა 90–იან წლებში საომარი მოქმედებები აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, 2008 წლის აგვისტოს ომი და ოკუპირებული ტერიტორიები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დემოკრატიის გავითარების პროცესი შეუქცევადია“- განაცხადა მარი ალუღიშვილმა.

მარი ალუღიშვილმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ძირითად გამოწვევებზე: ,,საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, დროის ისეთ მცირე მონაკვეთში, როგორიც არის 25 წელი, დემოკრატიული, თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბება ურთულესი პროცესია და თან ახლავს მრავალი სიძნელეები. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ აუცილებელია დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით აღვზარდოთ თავისუფლად მოაზროვნე თაობა. ამ მიზანს ემსახურება დანიის პროფკავშირთან დაწყებული პროექტი და შემდეგი თანამშრომლობაც“.

სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა სპმთპ-ის 100-წლიან და უახლეს ისტორიულ ფაქტებზე. მან საზოგადოებას გააცნო სპმთპ-ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და მიღწევები, 2010-2012 წლებში პროფკავშირზე განხორციელებული რეპრესიები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის შედეგები, რამაც გააუმჯობესა საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პირობები.

მარი ალუღიშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. თუმცა აღასანიშნავია, რომ სახელმწიფო ხელსაყრელ გარემოს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიმართულებით. სამოქალაქო საზოგადოება თავისი ფუნქცია-მოვალეობით დაყოფილია ადამიანის უფლებებზე და მმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებად. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, ძირითადად ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და აშშ-ის საელჩოს, თავიანთი წვლილი შეაქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფინანსური და პოლიტიკური დახამრების სახით.

სპმთპ-ის წარმომადგენლებმა აქცენტები გააკეთეს სპმთპ-ის განვითარების ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის ინტენსიური ტრენინგ-სემინარების ჩატარება, დასაქმებულთათვის დიალოგის მექანიზმებისა და კულტურის გამომუშავება, რათა მათ შეძლონ აქტიურად ჩაერთონ სკოლის მართვის პროცესში და განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ძირითადი დოკუმენტების განხილვის პროცესში. სპმთპ-ის მიაჩნია, რომ პედაგოგებთან მუშაობის პარალელურად უნდა წარიმართოს საქმიანობა მოსწავლეთა შორის, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის. მოსწავლეთა ჩართულობა სკოლის მართვაში, მათი აქტივობები სკოლის თვითმმართველობის ორგანოებში დაწყებულია და დარეგულირებულია კანონით. სპმთპ–ის შემუშავებული აქვს სპეციალური პროგრამა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის.

დანიელი პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის მხრიდან ღიად გამოიკვეთა საქართველოსადმი თანადგომა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისადმი მზაობა.