,,სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე–ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე–ბედი თვითონ ქვეყნისაც“– დიდი ილიას სიტყვებით გახსნა, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) უკვე 20 წელია, რაც ტრადიციულად აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქსა და საქართველოს ყველა რაიონში.
5 ოქტომბერს, ექსპო–ჯორჯიას მე–6 პავილიონში, სპმთპ–ის ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას თბილისის 136 საჯარო სკოლის, 189 მასწავლებელი დაესწრო.
ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა, სპმთპ–ის მიერ დაგეგმილ, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ზეიმში. მინისტრმა, მისთვის ჩვეული გულისხმიერებითა და მხარდაჭერით მიულოცა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისათვის. პედაგოგებისათვის საინტერესო გზავნილებით შეაჯამა მიმდინარე წლის სიახლეები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. მან ძირითადი აქცენტები გააკეთა მასწავლებლის დაფასებაზე, პროფესიის პრესტიჟის ამაღლების მიზნით დაგეგმილ საქმიანობაზე და მიმდინარე რეფორმის პროცესში პედაგოგთა ჩართულობაზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებს აცნობა, რომ იგეგმება ეკონომიკის ზრდის პარალელურად პედაგოგთა საბაზო ხელფასის ზრდა, რომლის მიხედვით მასწავლებლის საშუალო ხელფასი, არა მხოლოდ გაუთანაბრდება, არამედ წარმატებული პედაგოგის შემთხვევაში გადააჭარბებს საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურებას, ასევე, სამართლებრივი ნორმებით მოწესრიგდება პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხიც. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა სპმთპ–თან გაფორმებული დარგობრივი შეთანხმების მნიშვნელობა და პროფკავშირის პრინციპული როლი რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.
სპმთპ–ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ისაუბრა მასწავლებლის როლზე, ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ მოზარდი თაობის აღზრდისათვის, გამომდინარე აქედან, სრული უფლება აქვთ ამაყად შეხვდნენ პროფესიულ დღესასწაულს, გაუზიაროთ ერთმანეთს ის სიხარული და მიღწევები, რაც გააჩნიათ მოსწავლეთა შედეგების მიმართულებით.
მაია კობახიძემ პედაგოგებს აცნობა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთ წლიანი კამპანიის სლოგანი ,,მასწავლებელთა თავისუფლება, მათი უფლებების დაცვისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის“.
სპმთპ–ის პრეზიდენტმა ისაუბრა, პედაგოგთა შრომითი და სამართლებრივი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გასულ აკადემიურ წელს განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე და სპმთპ–ის ახალ ინიციატივებზე.
მაია კობახიძემ მასწავლებელთა სახელით მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, პედაგოგთა სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილებებისათვის.
„პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ყველა პროფესიას, მაგრამ თქვენ ბრძანდებით ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ჩვენს მომავალ თაობებთან, ჩვენს შვილებთან, სწორედ ამიტომ, თქვენი როლი განსაკუთრებულია მათ აღზრდაში. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - განუცხადა პედაგოგებს კახა კალაძემ.
ღონისძიების დასასრულს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მასწავლებლებმა ერთობლივად გაჭრეს საზეიმო ტორტი. საზეიმო შეხვედრის შემდეგ, საათზე მეტხანს მიმდინარეობდა უშუალო, საქმიანი და თბილი საუბარი მასწავლებლებსა და მინისტრს შორის.