მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ძნელაძემ ,,მასწავლებლის საერთაშორისო დღის” აღსანიშნავად ლამაზი საღამო აჩუქა ვანის საჯარო სკოლების პედაგოგებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე.
თბილ, უშუალო და სასიამოვნო გარემოში გამართულ ღონისძიებაში 80-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა. ვანის მუნიციპალიტეტის სკოლების 17 ღვაწლმოსილ პედაგოგს სამახსოვრო საჩუქრები და მათი დამსახურების აღსანიშნავი სერტიფიკატები გადაეცათ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ პედაგოგებს მათი მრავალწლიანი თავდადებული მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ,,,ქვეყნის ყველაზე რთულ პერიოდში, 90–იან წლებში, სოფლად, თუ ქალაქად ფასდაუდებელია იმ პედაგოგების პროფესიისადმი და მოსწავლეებისადმი სიყვარული, რომელთაც არც ერთი დღით არ შეუწყვიტავთ პროფესიული ვალდებულებების შესრულება. რომ არა პედაგოგთა თავდადებული მუშაობა და ზრუნვა მომავალი თაობის აღზრდისთვის, ჩვენი ქვეყანა შეწყვიტავდა განვითარებას”. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ–ის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ძნელაძეს და მისი საქმიანობას გმირობა უწოდა, რადგან მრავალი სირთულისა და ბარიერის მიუხედავად შეძლო ვანის რაიონული ორგანიზაციის გაძლიერება. თამარ ძნელაძის დამსახურებაა, რომ დასაქმებულთა უფლებები დაცულია ვანის რაიონში. მაია კობახიძემ სამაგალითოდ მებრძოლი, ყურადღებიანი და გულისხმიერი ლიდერი უწოდა თამარ ძნელაძეს.
სასიამოვნო გარემოში უდიდესი პატივისცემა, სითბო და სიყვარული სუფევდა, პედაგოგები საკუთარი შემოქმედებისა და ნიჭის გამოვლენას არ ერიდებოდნენ, მღეროდნენ, უკრავდნენ და დამახასიათებელი კუთხური იუმორით ამხიარულებდნენ სტუმრებსა, თუ მასპინძლებს.
სპმთპ სულიერ სიმტკიცეს და წარმატებებს უსურვებს ვანელ მასწავლებლებს, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
სპმთპ მადლობას უხდის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თამარ ძნელაძეს, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საქმეში.