საქართველოს სკოლების განვითარების მხარდაჭერისთვის, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირი (GL), სპმთპ-თან თანამშრომლობით, თანადგომისა და პარტიორობის 18-თვიან პროექტს იწყებს.
სპმთპ-ის წარმომადგენლების დანიაში ვიზიტის პროგრამა ითვალისწინებდა: პარტნიორი ორგანიზაციის-GL-ის საქმიანობისა და სოციალურ პარტნიორთან, დანიის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების გაცნობას. ამ მიზნით, მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, GI-ის წარმომადგენლები, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე GL-ის სოციალურ პარტნიორს, დანიის განათლების სამინისტროს უმაღლესი საფეხურის სკოლების ხელმძღვანელს, ანეგრეტა ლარსონს შეხვდა.
ანეგრეტა ლარსონმა დელეგაციის წევრებს დეტალატურად გააცნო უმაღლესი საფეხურის სკოლის სისტემაში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები, სოციალურ პარტნიორთან-პროფკავშირთან თანამშრომლობის გზით მიღებული წარმატებული შედეგები და სისტემის განვითარების სამომავლო ხედვა. მან აღნიშნა, რომ პროფკავშირთან თანამშრომლობით, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებით, მიაღწიეს იმას, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსწავლეთა 93 % ამთავრებს სკოლის უმაღლეს საფეხურს; მოსწავლეთა 62% ირჩევს პროფესიას და იღებს უმაღლეს განათლებას. მოსწავლეთა 29 % ეუფლება მაგისტრის ხარისხს.
მომხსენებელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ 2014 წლიდან სკოლების სხვადასხვა საფეხურზე ეტაპობრივად და კონსტრუქციულად განხორციელდა რეფორმები. უმაღლესი საფეხურის სექტორში რეფორმის ახალი ეტაპი 2017 წლიდან დაიწყო. ზედა საფეხურის სკოლების რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის მასწავლებლებისა და მოსწავლეების აკადემიური თავისუფლება. მოსწავლეების შედეგების მონიტორინგი მიმდინარეობს ინტენსიური შეფასებითა და ერთიანი გამოცდების გზით. აღსანიშნავია, რომ დანიის სკოლების ერთობლივი სტრატეგიაა ხარისხიანი განათლების მიღება თანაბრად ყველასთვის და როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლებისათვის სწავლა-სწავლების მაღალი სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნა.
2017 წლის რეფორმებით მოითხოვება ბოლო საფეხურზე გადასვლისათვის მეტი ყურადღება დაეთმოს მოსწავლეთა განათლების პროგრამების არჩევანს, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას და კომპეტენციებს მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, უცხო ენებში, ციფრულ და ინოვაციურ ტექნოლოგიებში.
რეფორმით გათავალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგიები უზრუნველყოფს სასკოლო სისტემის და სკოლების შესაძლებლობების განვითარებას, სკოლების ადმინისტრირების უნარების გაძლიერებას, სკოლების ხელმძღვანელთა გადამზადებას, მასწავლებლების ტრენინგებით უზრუნველყოფასა და სამეურვეო საბჭოს გააქტიურებას. სამინისტროს მიზანია, ნაკლები რეგულაციებითა და მეტი ფასილიტაციით, დიალოგის საფუძველზე შემუშავებული რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობასა და პოლიტიკოსებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ განათლების საკითხების მიმართ. გამომდინარე იქიდან, რომ დანიაში მთავრობა ხშირ შემთხვევაში უმცირესობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, განათლების სისტემის აქტუალურ საკითხებზე მუდმივად მიმდინარეობს ფართო განხილვები და საჯარო დისკუსიები. ცვლილებები რთულად, თუმცა მოლაპარაკებებისა და კომპრომისების გზით მიიღწევა. პოლიტიკოსები მაღალი პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს, ხოლო განხორციელების პროცესში ისინი სრულად გრძნობენ დასახული მიზნების მხარდაჭერის ვალდებულებას.
ანეგრეტა ლარსონმა ხაზგასმით აღნიშნა 2017 წლის აგვისტოდან ამოქმედებული რეფორმის შემუშავების პროცესში GL-ის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობა და მათი აქტიურობის როლი საპარლამენტო მოსმენების პერიოდში.