2017 წლის 16 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ–ის) შორის დარგობრივ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
„...მე განვიხილავ ამ დღეს როგორც ისტორიულს, ვინაიდან ორი ორგანიზაცია აფორმებს ამ დოკუმენტს არა პროფკავშირისთვის, არა მთავრობისთვის ან თუნდაც პედაგოგისთვის, არამედ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის...ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვიყვარს, რომ მიღწევები დავაბრალოთ ჩვენს თავს. მე პირადად პედაგოგების ვალი მაქვს, ჩემი აღზრდის თვალსაზრისით... ჩვენ, დღეს რასაც ვაწერთ ხელს, ათჯერ მეტზე გვაქვს ხელი მოსაწერი, რათა მადლობა გადავუხადოთ პედაგოგებს იმისთვის, რაც გააკეთეს ჩვენთვის და აკეთებენ ჩვენი შვილებისთვის.....“ (ალექსანდრე ჯეჯელავა).
...ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილება დარგობრივი შეთანხმების გაფორმების თაობაზე ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების და განათლების სისტემაში დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრებისა. დარგობრივი შეთანხმება გახდება მყარი გარანტია დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის...“ (მაია კობახიძე).
,,...განათლების სფერო არ არის ბრძოლის ველი. განათლების სფერო ის ადგილია, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ...დარგობრივი შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯია, ის არ წარმოადგენს განათლების პროფკავშირის ან სამინისტოს გამარჯვებას. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გამარჯვებისათვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი...“ (მარტინ რომერი).
,,...სწორედ პედაგოგებზე და განათლებაზე დგას დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო... ყველა ჩვენი მოქალაქე არის ძვირფასი და ვინც სურვილს გამოთქვამს, ყველა უწყება უნდა ვაქციოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტად...” (ირაკლი პეტრიაშვილი).
ამ მუხტით წარიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ) შორის დარგობრივი შეთანხმების გაფორმების ცერემონიალი.
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, დარგობრივი შეთანხმების გაფორმება პროფკავშირთან თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია.
საზეიმო შეხვედრა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას ქალბატონმა მაიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის და განაცხადა, რომ ვიცე–პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილება დარგობრივი შეთანხმების გაფორმების თაობაზე ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების და განათლების სისტემაში დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრებისა. მაია კობახიძემ მადლიერებით აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების უპრეცედენტო მხარდაჭერა ორგანიზაციის შენარჩუნებასა და კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ასევე, მათი დახმარება პედაგოგთა გაერთიანების აღდგენისა და განვითარების საქმეში.
მაია კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები ავალდებულებს სოციალურ პარტნიორებს–პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დარგობრივი შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ეს მოთხოვნები უგულებელყოფილი იყო 2006 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობის მიუხედავად. არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის გადაწყვეტილებაც, რომელიც განათლების სამინისტრომ არ შეასრულა. 10 წელზე მეტია, რაც ყველა განათლების მინისტრი თავს იკავებდა კანონის ამ მოთხოვნების შესრულებაზე. 2012 წლის ოქტომბრიდან განათლების სამინისტრომ ძირეულად შეცვალა დამოკიდებულება პედაგოგებისა და პროფკავშირის მიმართ. დაიწყო ორგანიზაციის აღდგენა და თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან.
,,...2013–2014 წლებში ორგანიზაციის აღდგენის პროცესში, არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად მიგვემართა განათლების სამინისტროსათვის დარგობრივი შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, თუმცა, 2013 წლიდან, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა შრომითი, სოციალური, პროფესიული უფლებების დაცვისა და პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან...“–განაცხადა მაია კობახიძემ. მან მოკლედ მიმოიხილა, 2013 წლიდან დღემდე, მიმდინარე სოციალური დიალოგის და სპმთპ-ის მიერ ინიცირებული წინადადებების პოზიტიური შედეგები:
,,...უკანასკნელ წლებში საერთოდ არ დაფიქსირებულა პედაგოგთა პოლიტიკური ნიშნით უკანონოდ გათავისუფლების ფაქტები; 2015 წლიდან წარსულს ჩაბარდა ერთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე მასწავლებელთა გათავისუფლებები; 2013 წლიდან 3–ჯერ გაიზარდა საჯარო სკოლის პედაგოგთა საბაზო ხელფასი და საკვალიფიკაციო დანამატები; დარეგულირდა და ახლებურად განისაზღვრა პედაგოგთა ანაზღაურებადი შვებულების ვადა, სასერტიფიკაციო დანამატების გაცემის წესი და სხვა მრავალი პედაგოგთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები, ნათლად მეტყველებს პედაგოგთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მზაობაზე; ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ბევრ ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა 2010 წელს შესული რეგულაცია, რაც ეხებოდა მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას სკოლის გარე ტერიტორიაზე, არასამუშაო დროს ჩადენილი ქმედების გამო, რაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული, ფუნდამენტალური უფლებების უხეშ შელახვას წარმოადგენდა..,,
მაია კობახიძემ მადლიერებით აღნიშნა, მიმდინარე სოციალურ დიალოგში მოქმედ პედაგოგთა ჩართულობის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილება. ამ მიზნით 2016 წელს სპმთპ-ის ორგანიზებითა და განათლების მინისტრის მონაწილეობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი კონფერენციები საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასეულობით პედაგოგმა, ყველა რეგიონიდან. პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა განათლების მინისტრთან ღიად ესაუბრათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე, თავისუფალ გარემოში.
,,განათლების სამინისტრო მოწოდებულია და სისტემატიურად მუშაობს პედაგოგთა შრომითი, პროფესიული უფლებების გაუმჯობესებისათვის, რაც თანხვედრაშია პროფკავშირის ძირითად მიზნებსა და ამოცანებთან. ამ მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს დიალოგი ჩვენსა და სამინისტროს შორის. თუმცა, დამეთანხმებით, ყველა პრობლემა ერთ დღეს ვერ გადაწყდება. მიზნის მისაღწევად აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. იმისათვის, რომ მოგვეხდინა სოციალური დიალოგისა და დიალოგის ფორმატში კონფლიქტების მოგვარების ინსტიტუციონალიზაცია, განვსაზღვრეთ თითოეული მხარის უფლებები და მოვალეობები, რაც ასახულია დარგობრივ შეთანხმებაში.
ჩვენი წევრების სახელით, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე თანამშრომლობისა და პედაგოგთა მხარდაჭერისათვის.’’–განაცხადა მაია კობახიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ აცნობა დამსწრე საზოგადოებას, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე საქართველოში პირველია, ვინც პროფკავშირთან აფორმებს დარგობრივ შეთანხმებას. ,,...დარგობრივი შეთანხმების ჩარჩოში სრულად ვისარგებლებთ ჩვენი უფლებებით. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ პედაგოგთა ანაზღაურების სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმა თქვენთვის ცნობილია. იმედს გამოვთქვამთ, ისევე როგორც სხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის დროს, ამ საკითხშიც მივაღწევთ კონსესუსს...”– მიმართა განათლების მინისტრს.
მაია კობახიძემ, სპმთპ–ის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე, პედაგოგთა აქტიური ჩართულობით მხარი დაუჭირონ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას, იზრუნონ პედაგოგთა პროფესიული განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლებას და უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას.
საზოგადოებას მიმართა ვიცე–პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისიტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მან 16 მარტს ისტორიული თარიღი უწოდა,
,,არა იმიტომ, რომ ორი ორგანიზაცია აფორმებს ამ დოკუმენტს პროფკავშირისთვის, მთავრობისთვის ან თუნდაც პედაგოგისთვის, ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის საგანძური მიწის ქვეშ არ არის, ჩვენი ქვეყნის საგანძური არის ჩვენი ხალხის ინტელექტი, მათი შრომისმოყვარეობისა და პატრიოტიზმისგან უნდა გამოვადნოთ ჩვენთვის სანუკვარი თანამედროვე, ევროპული და წარმატებული ქვეყანა”. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს: ,,ათი თვეა რაც განათლებისა და მეცნერების მინისტრი ვარ და ამ პერიოდში უკვე 15 000 პედაგოგს შევხვდი, 45-მდე რაიონში ვიყავი და სულ ვიმეორებდი, როცა ყველაფერი გაჩერდა, არაფერი ხდებოდა, არც წარმოება იყო, არც ეკონომიკა, არც ბიზნესი, ვერც ხელისუფლება აკეთებდა თავის გასაკეთებელს და ხშირ შემთხვევაში ხელფასს ვერ ვუხდიდით ადამიანებს, მაშინ სკოლის კარი ერთი დღითაც არ დაკეტილა და ეს არის გმირობა. ჩვენ დღეს რასაც ვაწერთ ხელს ათჯერ მეტზე გვაქვს ხელი მოსაწერი რათა მადლობა გადავუხადოთ პედაგოგებს იმისათვის, რაც გააკეთეს ჩვენთვის და აკეთებენ ჩვენი შვილებისთვის“.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სპმთპ-ის წევრებს მიულოცა თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყება:
,,მინდა მოგილოცოთ ეს დღე. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, იმიტომ ჰქვია სოციალური პარტნიორობა რომ უნდა იყოს პარტნიორობა და არა სოციალური ჭიდილი. პირადად ქალბატონ მაიას მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ჩემი გამინისტრებისთანავე, ერთ-ერთი პირველი, ვინც სამინისტროს გარედან მოვიდა, იყო ქალბატონი მაია კობახიძე, მოვიდა პარტნიორობით ძალიან რთულ საკითხებში... პედაგოგებზე როცა ვფიქრობ, ორ ადამიანზე მეფიქრება, ერთი მეფიქრება ჩემს პედაგოგზე. ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვიყვარს, რომ მიღწევები დავაბრალოთ ჩვენს თავს. როცა ვიხილავთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას, თუ დარგობრივ შეთანხმებას, ან პედაგოგთა დათხოვნას და მიღებას, მე პირადად ამ ხალხის ვალი მაქვს, ჩემი აღზრდის თვალსაზრისით.... მომავალში რომ უნდა გახდეს პედაგოგი იმაზე ვფიქრობ, მას უნდა მოუნდეს რომ გახდეს პედაგოგი. დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით მომავლის პედაგოგებზე დადებითად ვიმოქმედეთ. მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული და წამყვანი... სამი პროფესიის დაკნინებით შეიძლება დავემშვიდობოთ ქვეყნის განვითარებას. ეს არის პედაგოგი, ექიმი და პოლიციელი. უნდა მოვნახოთ ძალა, რომ ეს პროფესიები გავხადოთ სანიმუშო და სამაგალითო... საუკეთესო ახალგაზრდებმა უნდა გადაწყვიტონ პედაგოგობა.... ჩვენ კი, ვისაც ეს გვევალება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პედაგოგებს ანაზღაურება და შრომითი პირობები ჰქონდეთ მაქსიმალურად მისაღები. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პარტნიორობა პიროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. ჩემი ერთ-ერთი ამოცანაა, ჩვენი პარტნიორობა უნდა იყოს არა მარტო ქაღალდზე, არამედ საქმიდან გამომდინარე... მინისტრებიც და პარლამენტარებიც წავლენ და წამოვლენ, ხოლო მასწავლებლები დარჩებიან. პედაგოგის პატივისცემა უნდა გახდეს ჩვენი მთავარი ამოცანა და დღეს გვაქვს ამის საშუალება...“–აღნიშნა მინისტრმა.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა, საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) გენერალური მდივნის მთავარი მრჩეველი მარტინ რომერი. მან, ,,განათლების ინტერნაციონალის” სახელით, დარგობრივი ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა საქართველოს და განაცხადა:
,,ჩემი წინა ვიზიტები ძალიან მძიმე თემებს ეხებოდა, დღეს კი მე მომსწრე ვარ ამ მართლაც ისტორიული მოვლენის და სადღესასწაულო განწყობა მაქვს. ბრძენი ხელისუფალნი ინვესტიციას დებენ განათლებაში, ბრძენი პოლიტიკოსები ყურადღებას აქცევენ განათლების სისტემას, ბრძენი პროფკავშირელები ჩართულნი არიან სოციალურ პარტნიორობაში და ზრუნავენ განათლების ხარისხის ამაღლებაზე. განათლების სფერო არ არის ბრძოლის ველი...განათლების სფერო ის ადგილია, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ. ამ შეთანხმებით, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავიგოთ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა კონკრეტული შეხედულებები შეგვიძლია გავიზიაროთ; ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ის არ წარმოადგენს განათლების პროფკავშირის ან სამინისტროს გამარჯვებას - ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და გამარჯვებისათვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დარგობრივ შეთანხმებას, ეს დიდი შრომის ნაყოფია და გისურვებთ წარმატებებს“.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ
,,ეს არის მთლიანად საზოგადოების გამარჯვება, ეს ვალდებულებები ბუნებრივია ზრდის ჩვენს სამოქალაქო თვითშეგნებას, ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას”. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს პროფკავშირული ორგანიზაციების მიმართ სოლიდარობის გამოხატვისათვის. ,,...პროფკავშირებს აქვს ამბიცია, რომ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სტრუქტურა, რა თქმა უნდა განათლების პროკავშირებს აქვს უდიდესი მისია განათლების სამინისტროსთან ერთად... სწორედ პედაგოგებზე და განათლებაზე დგას დღევანდელი და ხვალინდელი საქართველო...”, აღნიშნა მან. ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა პედაგოგის როლს და მათი სოციალური სტატუსის ამაღლების საკითხს. ,,...ის, რაც ჩვენ ბოლოს ვნახეთ ბათუმში, სამოქალაქო თვითშეგნება სკოლის ფუნქციაა, ოჯახის ფუნქციაა. როცა რამდენიმე კილომეტრში მტერი გყავს, პოლიციელის მანქანას არ უნდა წვავდე. ეს გვაძლევს ჩაფიქრების საშუალებას და ვათვითცნობიერებთ კიდევ რამდენი ხარვეზი გვაქვს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებამდე...“. მან პედაგოგთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ფიქსირდებოდა ყვითელი პროფკავშირების აღმოცენების მავნე ტენდენციების წახალისება და ,,... როცა დღეს სახეზეა ასეთი განწყობა და მზაობა პარტნიორობისათვის, ქვეყენამ არ უნდა აგოს პასუხი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში პროფკავშირის მიერ წარდგენილ იმ სარჩელებზე, რაც პროფკავშირის უფლებების შელახვას უკავშირდება...“. მან სპმთპ-ის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელის სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მოქმედებაში არავის კითხვის ნიშანი არ უნდა ჰქონდეს. დღევანდელი დარგობრივი შეთანხმება უნდა გახდეს სხვა დარგობრივი შეთანხმებების, სოციალური პარტნიორობის განვითარების მაგალითი.
,,...ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ კუთხეებად, რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებად დავყოთ ადამიანები, ყველა ჩვენი მოქალაქე არის ძვირფასი და ვინც სურვილს გამოთქვამს, ყველა უწყება უნდა ვაქციოთ ამ ქვეყნის აღმშენებლობის, განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტად...”.
საქართველოს პარლამენტის, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს.
,,...ქვეყანას ვერ ააშენებს დაშინებული მასწავლებელი, ცოდნას ვერ მისცემს მოსწავლეს ის მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ფიქრობს, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში კარი გაიღოს და დამსაქმებელმა ის სახლში გაუშვას. ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნის პროფკავშირებს, რადგან ეს არის მძლავრი ფუნდამენტალური იარაღი იმისა, რომ პედაგოგთა უფლებები იქნას დაცული. ხელისუფლების წარმომადგენლები ვთანხმდებით, რომ განათლება არის უპირველესი. საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი კომიტეტის მხრიდან გექნებათ სრული მხარდაჭერა! გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებას“.
დარგობრივი შეთანხმების ხელისმოწერის ცერემონიალს 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის 190-ზე მეტი სპმთპ-ის წევრი პედაგოგი, სპმთპ-ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური და რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, 58 საჯარო სკოლის დირექტორი და 15 რაიონული საგანმანათლებლო რესურს–ცენტრის უფროსი, საქართველოს 65 რაიონიდან. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ადმინისტრაციის უფროსი ნინო ნანიკაშვილი და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გრიგოლია; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი; ფრაქცია ,,ქართული ოცნება–სოციალ–დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი; სახელმწიფო გუბერნატორი ქვემო ქართლში პაატა ხიზანიშვილი.
ღონისძიებაზე დასასწრებად, სპეციალურად ერთი დღით საქართველოში ჩამოფრინდა მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის’’ (EI) გენერალური მდივნის მრჩეველი მარტინ რომერი.
საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო წარმომადგენლებმა: აშშ–ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი; ამერიკის საერთაშორისო სოლიდარობის პროგრამების დირექტორი სტანისლავ ჩეინუხი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მრჩეველი საქართველოში, ჟოლტ დუდასი; ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის დირექტორი ფელიქს ჰეტი და ებერტის ფონდის ქართული პროგრამების დირექტორი ია თიკანაძე.