საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

სპმთპ-ის წევრი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე ან დროებით უმუშევარი, აგრეთვე სტუდენტი, რომელიც აღიარებს სპმთპ-ის -ის წესდებას, მის მიზნებსა და ამოცანებს და იხდის საწევრო შენატანს. პენსიაზე გასულ უმუშევარ სპმთპ-ის წევრს, სურვილის შემთხვევაში, უნარჩუნდება წევრობა.   

სპმთპ-ის რიგებში გაწევრიანება ან წევრობიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც დასაქმებული მიმართავს სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს. გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პირველადი ორგანიზაციის კრება (კომიტეტი). ორგანიზაციიდან გასვლა ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც წევრი მიმართავს პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს. პირველადი ორგანიზაციის კრების (კომიტეტის) ოქმის საფუძველზე, შესაბამისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის რაიონული/საქალაქო საბჭო ადასტურებს სპმთპ-ის წევრად მიღების ან წევრობიდან გასვლის შესახებ საკითხს.

სპმთპ-ის წევრად მიღების შემდეგ მას ეძლევა ერთიანი ნიმუშის სპმთპ-ის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მის სახელზე ივსება სააღრიცხვო ბარათი.

საწევრო შენატანი განისაზღვრება სპმთპ-ის წევრის შრომის ანაზღაურების (სტიპენდიის) 1%-ის ოდენობით. საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით. დროებით უმუშევარი წევრი, საწევრო გადასახადის სახით ყოველთვიურად იხდის 20 თეთრს.

სპმთპ-ის წევრს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს სპმთპ-სგან მისი შრომითი, სოციალური-ეკონომიკური, პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა;

ბ) მონაწილეობა მიიღოს პროკავშირული ორგანოების მუშაობაში, აირჩიოს და იქნეს არჩეული სპმთპ-ის მართვისა და კონტროლის ორგანოებში, პროფკავშირული კონფერენციისა და ყრილობის დელე¬გატად;

გ) შეიტანოს წინადადებები სპმთპ-ის მართვის ნებისმიერ ორგანოში, დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების შემუშავებაში, განხილვასა და მიღებაში, მიიღოს ინფორმაცია სპმთპ-ის საქმიანობის შესახებ;

დ) მიიღოს უფასო კონსულტაციები და იურიდიული დახმარება შრომით საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს სპმთპ-ის გამაჯანსაღებელი და კულტურულ-საგანმა¬ნათლებლო დაწესებულებების მომსახურებით. მიიღოს მორალური და მატერიალური წახალისება პროფკავშირის სახსრებიდან აქტიური პროფკავშირული საქმიანობისათვის, ასევე მატერიალური დახმარება დადგენილი წესით, განსაკუთრებულ შემთხვევაში.

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, დაიცვას ის კრებებზე, კონფერენციებზე და ყრილობებზე;

ზ) მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და დასახული გეგმების შესახებ;

თ) პირადად მიიღოს მონაწილეობა პროფკავშირული ორგანიზაციებისა და ორგანოების იმ კრებებსა და სხდომებში, რომლებზეც მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი იხილება;

სპმთპ-ის წევრი ვალდებულია:

ა) შეასრულოს და დაიცვას სპმთპ-ის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მონაწილეობა მიიღოს სპმთპ-ის საქმიანობაში;

ბ) დროულად და დადგენილი ოდენობით გადაიხადოს საწევრო შენატანი;

გ) არ დაარღვიოს კოლექტიური, შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების პირობები, პროფესიული მორალისა და ეთიკის პრინციპები;

დ) იზრუნოს სპმთპ-ის ღირსებასა და ავტორიტეტზე;

ე) შეასრულოს სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

ვ) იზრუნოს სპმთპ-ში წევრების მოსაზიდად.