32 2 37 30 67
 contact@educator.ge

რუბრიკა - ,,ერთად ვიმსჯელოთ პრობლემებზე“
✅ რუბრიკას ვხსნით ,,ახალი სკოლის მოდელის“ თემაზე:ძვირფასო კოლეგებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, მასწავლებელთა ყველა აქტუალურ საკითხებზე და გამოწვევებზე, სპმთპ აქვეყნებდა განცხადებებს განსახილველად. პრობლემების გადაჭრის მექანიზმები არასდროს შეგვიმუშავებია თქვენთან კონსულტაციების გარეშე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, ჩვენი ურთიერთობები უნდა დავხვეწოთ და გავააქტიუროთ. ამ მიზნით შევქმენით რუბრიკა ,,ერთად ვიმსჯელოთ პრობლემებზე“.

მიგვაჩნია, რომ პრობლემების თაობაზე ყველა ინფორმაციის ერთ რუბრიკაში თავმოყრა უფრო ეფექტურს გახდის ჩვენს ტრადიციულ ურთიერთობას.

✅ რუბრიკას ვხსნით ,,ახალი სკოლის მოდელის“ თემაზე:

ძვირფასო კოლეგებო,

ყველასათვის ცნობილია, თუ რა სირთულეებისა და პრობლემების წინაშე დგება თითოეული მასწავლებელი ახალი სკოლის მოდელის მოთხოვნებთან დაკავშირებით. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ონლაინ საგნობრივი კონფერენციები, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით და გაგვეგო რას ფიქრობენ მასწავლებლები ახალი სკოლის მოდელზე. ონლაინ კონფერენციები ჩატარდა 6 - 21 აპრილის პერიოდში, ინდივიდუალურად, საგნობრივი კათედრების მიხედვით. სულ შედგა 7 კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-მდე მასწავლებელმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ონლაინ კონფერენციებში მონაწილეობა მიიღეს იმ სკოლების მასწავლებლებმაც, რომლებიც არ არიან ჩართული ახალი სკოლის მოდელში.

✅ პირველ რიგში, სიამაყით და სიხარულით მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ მონაწილე პედაგოგების მხრიდან მიმღებლობა სიახლისადმი მაღალია. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ვეყრდნობი რა სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრის ექსპერტების მოსაზრებებსაც, აშკარად შეიმჩნევა პედაგოგთა პროფესიული ზრდის ტენდენცია, რაც მისასალმებელია. კონფერენციებზე გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება და გაჟღერდა ახალი მიდგომები სწავლების მეთოდიკის დახვეწასთან, მოსწავლეთა შეფასებასთან, სახელმძღვანელოების პრობლემებთან, სკოლების ტექნიკურ აღჭურვასთან დაკავშირებით და სხვა.

ყოველგვარ ახალს თან ახლავს ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი და პრობლემა. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ამ მიმართულებით გაგვეგო მასწავლებელთა აზრი. გაგაცნობთ ჩვენ მიერ დანახული პრობლემების ჩამონათვალს და გთხოვთ, ყველა დაინტერესებულმა პირმა, მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, ახალი თაობის ესგ-ს დანერგვასთან დაკავშირებით. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საგნობრივი დისციპლინების თითო ონლაინ კონფერენციის ჩატარებით გამოვავლენდით ახალი სკოლის მოდელის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. საკითხის შესწავლა გრძელდება ექსპერტებთან ერთად და როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაც მთავარია, ველოდებით თითოეული თქვენგანის გამოხმაურებას.

✅ განსახილველად გთავაზობთ, ყველა საგნის მასწავლებლების მიერ კონფერენციებზე გამოთქმული მოსაზრებების და პრობლემების არასრულ ჩამონათვალს:

✅ 1. სკოლების დიდი უმრავლესობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოუმზადებელია ახალი სკოლის მოდელის აქტივობებისათვის. იმისათვის, რომ კომპლექსური დავალებების პრეზენტაციების წარსადგენად ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება, (სკოლებში კი მხოლოდ ერთი კაბინეტია კომპიუტერული ტექნიკით დაკომპლექტებული), აუცილებელია ყველა კლასის პროექტორითა და კომპიუტერით აღჭურვა. პრობლემაა ზოგიერთი სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფის საკითხიც.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად სპმთპ დააყენებს საკითხს განათლების სამინისტროს წინაშე, რომ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გადაიჭრას სკოლების ტექნიკური აღჭურვის საკითხი, ეტაპობრივად და პროცესი დაიწყოს იმ სკოლებიდან, სადაც კლასში 25 მოსწავლეზე მეტია.
ასევე, მივმართავთ განათლების სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მასშტაბით გადაჭრას ინტერნეტით უზრუნველყოფის პრობლემები, ყველა რეგიონსა და სოფელში. ვფიქრობთ, ამ ორი საკითხის გადაწყვეტის გარეშე ეჭვის ქვეშ დადგება ახალი სკოლის მოდელის ამოცანების მაღალხარისხობრივ დონეზე შესრულება.

✅ 2. გადასახედია კომპლექსური დავალებების რაოდენობის საკითხი. ყველა თემის შემდეგ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია დიდ დროს მოითხოვს. ის რაც მიღწევადია მცირე კონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლებისათვის, პროგრამის სრულყოფილად გავლის თვალსაზრისით პრაქტიკულად მიუღწეველია იმ მასწავლებლებისათვის, რომელთაც კლასში ჰყავთ 30-35 მოსწავლე. შესამუშავებელია უფრო რაციონალური მოდელი. გამოიკვეთა განსაკუთრებული პრობლემები კომპლექსური დავალებების პრეზენტაციებთან დაკავშირებით. თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი აღნიშნავს, რომ კომპლექსური დავალების პრეზენტაციებისთვის საჭიროა მინიმუმ ორი გაკვეთილი, ხოლო 30-35 მოსწავლიან კლასში გრძელდება 3-4 გაკვეთილის განმავლობაშიც, რაც იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩამორჩენას და დროში გაწელილი პროცესი უინტერესო ხდება მოსწავლეებისათვის.

სპმთპ გეგმავს, მასწავლებლის სახლთან ერთად, ექსპერტების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ეფექტური მექანიზმი აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად;

✅ 3. დასახვეწია ახალი თაობის ესგ-ის დანერგვის მეთოდიკა და მასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი სახელმძღვანელოები. სკოლები არ არის აღჭურვილი საჭირო სასწავლო რესურსებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით სპმთპ იმუშავებს
მასწავლებლის სახლთან და სამინისტროს ესგ-ის დეპარტამენტთან;

✅ 4. ახალი სკოლის მოდელის მიერ შემოთავაზებული განმავითარებელი შეფასება დიდ დატვირთვად შეიძლება იქცეს მასწავლებლებისთვის. ვფიქრობთ და ვაანალიზებთ, ამ მოდელის დანერგვის პროცესში, ხომ არ ირღვევა მასწავლებლის შრომითი უფლებები, მის არსებულ სრულ დატვირთვასთან მიმართებაში?!

ძვირფასო პედაგოგებო, ახალი სკოლის მოდელი თვისობრივად ცვლის არსებული სწავლა-სწავლების მიდგომებს და ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის აქტიურ ჩართულობაზე სასწავლო პროცესში, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მოგვცეს დადებითი შედეგი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ ამ იდეას და ვცდილობთ გამოვავლინოთ და გადავჭრათ ხელშემშლელი ფაქტორები. ყველა წინადადება, რომელიც გამოითქმება თქვენ მიერ, უნდა იყოს ობიექტური და ემსახურებოდეს ძირითად მიზანს - სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას!