32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკაპროფწევრები განსხვავებული რაკურსით, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლშირუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ირინე შარაბიძე, ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი.

60030741 2352019998415143 7784676581036785664 n

დოსიე: დავიბადე ქალაქ ზესტაფონში 1969 წლის 11 ივლისს. ვსწავლობდი ქალაქ ზესტაფონის N2 საშუალო სკოლაში 1975-1986 წლებში.1993 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1996 წლიდან ვმუშაობ ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 2007 წლიდან ვარ ამავე სკოლის დირექტორი. 2013-2016 წლებში ვიყავი დაწყებითი კლასის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის(G-pride) ტრენერი. ასევე, 2017-2018 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომელი(მათემატიკის სახელმძღვანელოების გრიფირება, რეცენზენტი). 2019 წლიდან ვარ მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი.  მყავს მეუღლე, სამი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი.

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

გურიის ულამაზეს მხარეში თითქოს არაფრით გამოირჩევა ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტი, მაგრამ ყველა აქ მცხოვრებს გულწრფელი სიყვარული აქვს მისი პატარა ქალაქის - ლანჩხუთის. 24 საჯარო სკოლას შორის, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშია, თავისი საქმით ნამდვილად არ დგას უკანა რიგებში ,,ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლა“, რომლის მთავარი სიამაყე  მისი აღზრდილები და აღსაზრდელებია. ის რომ დღეს,  სკოლა მცირეკონტინგენტიან სკოლათა რიგშია, სულაც არაა გამოწვეული პროფესიონალ მასწავლებელთა ნაკლებობით. დღეისათვის სკოლაში მოღვაწეობს: 8 წამყვანი, 17 უფროსი, 5 პრაქტიკოსი და ერთი მაძიებელი მასწავლებელი.  სკოლის ტრადიციებზე, რომელიც  სკოლის მთავარ სიძლიერეს წარმოადგენს და გამოგვარჩევს სხვა სკოლებიდან, უამრავი რამ გვაქვს მოსათხრობი. ამჯერად, მხოლოდ ბოლო დროის მოვლენებზე გესაუბრებით: სკოლა თანამშრომლობს აშშ-ს საელჩოს (PAS) მიერ დაფინასებულ პროექტ ,,Project Harmony“ ფილიალთან საქართველოში. ინგლისური ენის შემსწავლელი  პროგრამა განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან. სკოლა კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის 25 მოსწავლის ჩართულობას აღნიშნულ პროექტში. მშვიდობის კორპუსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად განვახორციელეთ სხვადასხვა სასწავლო-შემოქმედებითი თუ ინფრასტრუქტურული პროექტები.  ეს თანამშრომლობა აისახა ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან მომავალ ლიდერთა გაცვლით(FLEX) პროგრამის გამარჯვებულები. ვთვლი რომ აღნიშვნის ღირსია სკოლაში მოქმედი ,,ერთი კლასის თეატრი“, რომელთა წარმატებები გაცდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზღვრებს.

161950904 174353461039908 4946338957947947996 n

სკოლის მართვის თქვენეული ოქროს წესი და წარმატების ფორმულა.

არასდროს ჩამითვლია თავი  მოქმედი რეგულაციების უბრალოდ შემსრულებელ ხელმძღვანელად. ყოველთვის მქონდა და მაქვს ამბიცია, სკოლის გუნდთან ერთად, შევქმნა სასკოლო კლიმატი, რომ სასწვლო პროცესი იყოს კონკრეტული ადამიანებისთვის. ვზრუნავ აღსაზრდელებს შევთავაზოთ ისეთი პირობები, რომლებიც მათ მოტივაციას აამაღლებს, საშუალებას მისცემთ  მიიღონ კარგი აღზრდა, ცხოვრებისათვის საჭირო განათლება და უნარები, რომ მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

რას ნიშნავს იყო XXI საუკუნის სკოლის ხელმძღვანელი. რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რა მოთხოვნების შესრულება გიწევთ განათლების სამინისტროს მხრიდან?

იყო წარმატებული სკოლის წარმატებული საგანმანათლებლო ლიდერი და კარგი მენეჯერი, სხვადასხვა სივრცესა და  მოცემულობაში განსხვავებულია. ვფიქრობ, სხვა უნარ-ჩვევა სჭირდება და განსხვავებულ გამოწვევასთან გამკლავება უწევს რეგიონის სკოლებში მომუშავე სკოლის დირექტორებს ვიდრე დიდ ქალაქებში. განსხვავებულობის მიუხედავად, ვთვლი რომ,  უკლებლივ ყველა,  უნდა ზრუნავდეს სკოლაში მომუშავე თითოეულ ადამიანზე, მშობელზე, მოსწავლეზე, უნდა იყოს უსაფრთხო, დაცული და კომფორტული გარემოს გარანტი სასკოლო საზოგადოებასთან ერთად.

 მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც  საგანმანათლებლო ლიდერის  წარმატება  გუნდური მუშაობის შედეგია. გაზიარებული ლიდერობა და ფუნქციების სწორად დელეგირება, გუნდურობისა და სკოლის წარმატების წინაპირობაა. კარგმა ლიდერმა უნდა მოუსმინო, პატივი სცე განსხვავებულ აზრს, არ უნდა მიიღო ერთპიროვნული, უპირობო გადაწყვეტილებები და სასკოლო საზოგადოება მთლიანად ჩართული უნდა გყავდეს სკოლის ცხოვრებაში. სწორედ სკოლის ლიდერი აყალიბებს ძლიერ კავშირებს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს, თემს და საკუთარ თავს შორის, ასევე ზრუნავს მშობლის ჩართულობაზე სასკოლო ცხოვრებაში და მათთვის ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მშობელი ხედავს, რომ ის სასკოლო საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და სჭირდება სკოლას. ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ყველაზე მთავარი არის მოსწავლე, მასზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა, მისი უსაფრთხოება და  არაძალადობრივ, შემოქმედებით გარემოში სწავლა.

გარკვეული წლების შემდეგ თქვენი თავი სად წარმოგიდგენიათ. როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად,  26 წლის ასაკში მივედი და მას შემდეგ სამუშაო ადგილი არ შემიცვლია. განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ პროფესიის არჩევანში არ შევმცდარვარ. ის, რომ აკეთებ საყვარელ საქმეს და გაქვს შედეგი ყველაფრის მთქმელია.  დღეს, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდებაა. ყოველ დილით სკოლაში მივდივარ ახალი ძალითა და სიყვარულით სავსე, რომ შევხვდე ჩემს მოსწავლეებს, ვასწავლო და თავადაც ბევრი ვისწავლო მათგან.  სკოლის დირექტორობაც მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ   მეტი შესაძლებლობა მქონოდა, შემექმნა ყველა პირობა, რაც დაეხმარებოდა მოსწავლეებს, როგორც აკადემიური წარმატების მიღწევაში, ასევე პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებში.

როგორც ვიცი, სკოლის დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები გაიწერა. როგორ მოგწონთ აღნიშნული პროცესი? ცნობილია, რომ სკოლის დირექტორს ერთი და იგივე  სკოლის მართვა შეუძლია მხოლოდ ორჯერ არჩევისას.

შეძლო XXI საუკუნეში იყო ხელმძღვანელი და ლიდერი უფრო მეტ ვალდებულებას გაკისრებს.  ეს კიდევ უფრო კარგად დაგვანახა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა,  ერთია იზრუნო საკუთარ თავზე, მეორეა პასუხისმგებლობა აიღო შენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებზე, იყო მათი უსაფრთხოების გარანტი და ამავე დროს შეძლო განვითარება.

ხშირად გვისაუბრია კოლეგებს სკოლის დირექტორის არჩევის წესების ავკარგიანობაზე, ვთვლი რომ ახალი რეგულაციები ყურადსაღებია, არის ისეთი საკითხები, რომლებიც კიდევ მოითხოვს დაფიქრებას.

სკოლის მართვის პროცესი ძალიან დემოკრატიულ პრინციპებზე აიგო. მართვის პროცესში ჩართულია სამეურვეო საბჭო და მანდატურთა სამსახური.რა ტიპის დახმარებას გიწევენ?

წლებია, სკოლის მართვის პროცესში, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩართულია სამეურვეო საბჭო და მანდატურთა სამსახური, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ სკოლის ადმინისტრაციას. სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობითი ორგანოა, რომელიც  ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს და აკონტროლებს დირექციის საქმიანობას, რათა არ მოხდეს   სკოლის ფინანსების ერთპიროვნული განკარგვა.  სამეურვეო საბჭოში, რომელიც დაკომპლექტებულია მშობლებით, პედაგოგებით და მოსწავლეებით, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს,  საბჭო ასევე განიხილავს  საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.  სკოლის უსაფრთხო პოლიტიკაზე ზრუნვისას მათი როლი უმნიშვნელოვანესია. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აკისრია მანდატურთა სამსახურს, ის დამატებითი რგოლია სკოლის უსაფრთხოების დასაცავად. მას შემდეგ, რაც მანდატურის სამსახურმა განხორციდა ცვლილებები, ის კიდევ უფრო დაუახლოვდა და საჭირო გახდა სკოლისათვის, ის კონფლიქტურ სიტუაციებში მთავარი მედიატორია. მანდატურის სამსახურის ჩართულობით, სკოლაში დაფიქსირებული იქნა  მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი, კანონის სრული დაცვით მასწავლებელთან შეწყვეტილი იქნა შრომითი ხელშეკრულება.

ძალიან საინტერესოა სკოლაში ახალი კადრების მიღების პროცესი. როგორ ხდება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი თქვენს სკოლაში რომ დასაქმდეს?

სწორი საკადრო პოლიტიკა სკოლის წარმატების გარანტია. ყოველთვის მზად ვარ ყურადღება დავუთმო და შესაძლებლობა მივცე ახალ კადრს  გამოსცადონ საკუთარი ძალები პროფესიულ განვითარებაში. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ვფიქრობ გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, რომელშიც მოიაზრება: უმაღლესი განათლება, საგნის საფუძვლიანი ცოდნა, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და  განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის ფლობა, მნიშვნელოვანია პიროვნული მახასიათებლებიც. იყო კონკურენტუნარიანი კადრი, ნიშნავს იყო ენერგიული, მოტივირებული და ლიდერის თვისებების მქონე პიროვნება.

პანდემიის ფონზე, რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.


გამოწვევა იყო  როგორც პედაგოგისთვის, ასევე მოსწავლისათვის, საკლასო ოთახების ვირტუალური სივრცით ჩანაცვლება. მაშინ როცა, მოსწავლეებს, წინა წლებში მოვუწოდებდით ნაკლები დრო გაეტარებინათ გაჯეტებთან და კომპიუტერებთან, ვალდებული გავხდით უარი გვეთქვა ჩვენსავე პრინციპებზე და მთელი სასწავლო წელი გავატარეთ კომპიუტერებთან. ამიტომ, მიზნად დავისახეთ, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო მათთვის სასიკეთო გამხდარიყო და სწორი მიზნისაკენ მიგვემართა სწავლა-სწავლების რთული პროცესი.  ხელი შევუწყვეთ უნარ-ჩვევების განვითარებას ტექნოლოგიური მიმართულებით, რაც შემდგომში საშუალებას მისცემს მათ აქტიურად გამოიყენონ ინტერნეტ სივრცე  შემდგომი განვითარებისთვის.  შევძელით ფეხი აგვეწყო ამ გამოწვევისთვის, მალევე მოვახდინეთ სასწავლო მასალის ადაპტირება ელექტრონულ ფორმატში და ვფიქრობ, გამართული სასწავლო პროცესი შევთავაზეთ მოსწავლეებს.

როგორც ტრენერი აღნიშნულ გამოცდილებაზე რას გვეტყოდით? როგორ ჩაერთეთ ამ პროცესში და რამდენი ხანია რაც ამ მიმართულებითაც საქმიანობთ?

წლებია აქტიურად ვმონაწილეობ  ტრენინგებში, ვორკშოპებსა თუ სასწავლო კურსებში. ამგვარი შესაძლებლობები გვეხმარება გავიზიაროთ საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკები, დავგეგმოთ და განვახორციელოთ ერთობლივი აქტივობები სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად.  ყველაზე დიდი პრაქტიკა იყო პროექტ Gprid-ის  ტრენერობა და მათემატიკის სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში მონაწილეობა( რეცენზენტობა). ყოველივე ამან მომცა ახალი  შესაძლებლობები, რომელიც  მხოლოდ  ჩემს პიროვნულ ზრდაზე არ არის ორიენტირებული, ეს სასიკეთოდ აისახა სკოლაზე, შესაბამისად, სწავლეებსა და პედაგოგებზე.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება სპმთპ-თან დაკავშირებით.

ჩვენს ქვეყანას გაცხადებული აქვს ინტეგრაციის სურვილი  დასავლურ სტრუქტურებში. ეს თავის მხრივ მოიცავს  დიდ პასუხისმგებლობას,  საჭიროა შევძლოთ   დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირება, რაც შეუძლებელია ხარისხიანი და ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის გარეშე. სისტემის ფორმირებაში დიდი როლი უკავია პედაგოგთა კავშირსაც. მათი ინიციატივები და კვალიფიციური ჩართულობა დადებითად აისახება განათლების სისტემაში განსახორციელებულ რეფორმებზე.

161646981 474815866992386 3474342969454833864 n

რას ნიშნავს იყო XXI საუკუნის სკოლის ხელმძღვანელი. რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რა მოთხოვნების შესრულება გიწევთ განათლების სამინისტროს მხრიდან?

თავის მხრივ ლიდერი- მიგანიშნებს ადამიანზე რომელიც  შეძლებს გააერთიანოს გუნდი, რომელსაც შეუძლია მისი გამოცდილებით  მართონ რისკები. ჩემ პროფესიაში შეძენილი უნარები მეხმარება კიდევ უფრო მოქნილი ვიყო მართვის პროცესში, სწორად   შევაფასო და განვსაზღვრო პრიორიტეტები.

სკოლის მართვის პარალელურად თქვენ მათემატიკის პედაგოგიც ბრძანდებით. თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ? რას სწავლობთ სწავლების პროცესში? როგორია თქვენი გაკვეთილი და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესისგან?

მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილი წარმოადგენს მოცემულობას, სადაც წინასწარ უნდა ჰქონდეს დასასხული მიზანი, განსაზღვრული  ამოცანები, მისაღწევი შედეგები და  შემდგომში მოსწავლესთან ერთად განსახორციელებელი აქტივობები. სკოლა ეს არ არის განცალკევება მოსწავლისა და მასწავლებლის, სასწავლო პროცესი მოიცავს მათ ერთობლიობას, მასში ისევე მნიშვნელოვანია მოსწავლის როლი, როგორც მასწავლებლის. სწორი მიზნისკენ მოსწავლესთან ერთად სვლა მასწავლებლის მთავარი ფუნქციაა.

მასწავლებელი-კრიზისის მართვის და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

გლობალიზაციის ხანამ და საზღვრების გახსნამ კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა თითოეული  ადამიანი. მსოფლიო ყოველდღიურად ვითარდება  და ახალ შესაძლებლობებს გვაძლევს.  უდავოა რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება დამყარებულია განათლებაზე.

ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას თუ რა არის მნიშვნელოვანი მისი განვითარებისათვის.  მე მხოლოდ შემიძლია  აზრი გავუზიარო. ჩვენ, პედაგოგებმა უნდა  გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა უკეთესი ცვლილებისთვის, ვიბრძოლოთ მომავალი თაობისთვის, შევქმნათ სივრცე რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას  ხარისხიანი, თანასწორი  და  ეფექტური განათლების უზრუნველსაყოფად.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა, რომ ხელი შევუწყო ჩამოყალიბდეს ინკლუზიური გარემო, მხარი დავუჭირო მოსწავლეებს გახდენენ  აქტიურები და თითოეულმა ბავშვმა შეძლოს ღირსეული ბავშვობის გატარება უკეთესი მომავლისათვის.

იხ. ლინკი:https://spark.adobe.com/page/uBMSWVJFUWzeq/

გამოქვეყნების თარიღი: 29.03.2020წ.

          მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა