32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი ნინო დანელია.

119586215 1104140143314994 7660440692354592562 n

დოსიე: დავიბადე 1985 წლის 1 დეკემბერს. 2003 წელს დავამთავრე მარტვილის რაიონის, სოფელ ხუნწის საჯარო სკოლა. ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 2008 წელს წარმატებით დავამთავრე. 2006 წლიდან ვასწავლი ხუნწის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.

2014 წელს მუშაობა დავიწყე მარტვილის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტად, რომელიც სამწუხაროდ გაუქმდა 2017 წელს. 2018 წელს წარმატებით გავიარე სერტიფიცირება და გავხდი უფროსი მასწავლებელი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

რა არის თქვენთვის წარმატება?

ზოგადად წარმატება ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ვთვლი, რომ ჩემთვის წარმატება პიროვნული იდეალის მიღწევას ნიშნავს,სადაც გამოვიყენებ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, დავტოვებ ცხოვრებაში ღირებულს და ფასეულს. გამოვყოფდი დიდ და მცირე წარმატებებს. მცირე წარმატებებს ყოველთვის ვაღწევ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია დიდი წარმატების გზაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარატებები თავისი მნიშვნელობით ჩამორჩება ერთმანეთს, პირიქით მცირე წარმატებები მტკიცე აგურებია დიდი წარმატების კედლებში.

კარგია, როდესაც კარიერულ საფეხურზე აღწევ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება არის იმ ადამიანების კეთილგანწყობისა და სიყვარულის დამსახურებულად მოპოვება, რომლებსაც ვუძღვნი ცხოვრებას და ესენი კი ჩემი ბავშვები, ჩემი მოსწავლეები არიან.

რა გაძლევთ მოტივაციას?

როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვდებ „მაღალ ფსონს“იმ მოსწავლეებზე, რომლებზეც სხვებმა ჩაიქნიეს დიდი ხნის წინ ხელი. ერთგვარი მოტივაციაც კი არის, როდესაც ჩემი მოლოდინი 100%-ით მართლდება და ისინი ცხოვრებისეულ ბილიკებს ღირსეულად მიუყვებიან. ვასწავლი იმიტომ, რომ მიყვარს ეს პროცესი; ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყოველთვის მომწონდა. გავხდი ისეთი მასწავლებელი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი და ამაზე დიდი მოტივაცია არაფერია.

ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც დაძლიეთ.

ცხოვრებისეული გამოწვევები ბევრი იყო, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ახლობელი ადამიანების დახმარებით, ყველა მათგანი ღირსეულად დავძლიე.

თქვენი მთავარი მიღწევა?

არ ვთვლი, რომ მიღწევა არის უმაღლესი განათლების მიღება, ან სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ან რაიმე კარიერის მაღალ საფეხურზე ასვლა. ჩემთვის მიღწევა, მოსწავლეების, მშობლების და კოლეგების სიყვარულის მოპოვებაა. იქნებ გადაჭარბებულადაც მოგეჩვენოთ მხოლოდ ბავშვებზე საუბარი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გულიდან წამოსული სიტყვებია, არასდროს მომბეზრდება ამის განმეორება.

დილით 7 საათზე იმისთვის არასდროს არ ავდგები, რა საქმეც არ მიყვარს - ის ნაძალადევად გავაკეთო.მახალისებს და მაძლევს სტიმულს ის ფაქტი, რომ ყოველ დილით იქ უნდა წავიდე, სადაც ანთებული გულები და გაცისკროვნებული თვალები მელოდებიან, რაიმე ახლის მოლოდინით. ამაზე დიდი მიღწევა არსებობს ნეტავ ქვეყანაზე, რა საქმეც მიყვარს იმას რომ ვაკეთებ...

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ჩემთვის ლიდერობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის კონტროლია და მერე სხვების. ისეთი გუნდი უნდა შექმნას ლიდერმა, რომლის წევრობაც თავად მოუნდება. ლიდერისათვის აუცილებელი თვისებები რომ შევიძინოთ, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ კოლეგებისგან ინფორმაციის მისაღებად. გუნდური მუშაობის დროს ვარ ენერგიული და არასდროს არ მღლის კომუნიკაცია. ვთვლი, რომ ზოგჯერ „დიქტატურაა“ საჭირო, ზოგჯერ კრეატიულობა და ნდობა...

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ყოველი დღე კომპიუტერთან და წიგნებთან გატარებული სიახლეების ძიების პროცესია. იმ ცოდნის მიღების პროცესია, რომელიც სექტემბერში ინტერესით მოცქირალ ბავშვებს უნდა გადავცე. აუცილებლად მომზადებული უნდა დავხვდე უამრავ კითხვადაგროვებულ ბავშვებს, რომლებსაც ამ ბოლო თვეების განმავლობაში დარწმუნებული ვარ, ბევრი დაუგროვდათ.

აუცილებელია, მათი ბოლო პერიოდის ერთფეროვანი სასწავლო პროცესი, ფერადი და საინტერესო გავხადო. ამ ყველაფერში კი ჩემი ლამაზი ოჯახი მეხმარება, მათი გვერდში დგომა და მხარდაჭერა მაძლიერებს.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

იყო მასწავლებელი ნიშნავს - ბავშვში იმედი გააჩინო, ფანტაზია გააღვივო და სწავლის სიყვარული ჩაუნერგო. დაეხმარო ცხოვრებისეული ორიენტაციის განსაზღვრაში და იმ გზის გაკვალვაში, რომელსაც მომავალი ჰქვია.

როგორც მასწავლებელი, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

თანამედროვე ახალგაზრდობას თანამედროვე სამყაროში უწევს ცხოვრება, სადაც ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული. მათი აზროვნებაც განსხვავებულია, XX საუკუნის ახალგაზრდებისგან. ყველა ახალგაზრდა ზოგჯერ არ ფიქრობს სწორად, მაგრამ ეს დანაშაული არ არის. ისინი შეცდომებზე სწავლობენ; შეიძლება ეს უკეთესიცაა. თუ გაუგებ, მათთან ურთიერთობა სულაც არ არის რთული. მათ ბევრი კითხვები აქვთ და აუცილებელია ყველა მათ კითხვაზე გვქონდეს ამომწურავი პასუხი, რომელიც თბილად იქნება ჩვენს მიერ გადაცემული.

მახარებს მათი ინტერესი, ბევრი მნიშვნელოვანი და მათთვის ბუნდოვანი საკითხის მიმართ. მწყინს ის, რომ ამ პერიოდში მოუწიათ უხილავ მტერთან ბრძოლა და ეს მათ განათლებაზე აისახება. მართალია, გამოწვევებს ფეხს ადვილად უწყობენ, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია მათი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა...ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ შეიცვლება და ისევ იცხოვრებენ ლაღად, როგორც აქამდე, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემიის პერიოდში რეალურად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი. არამარტო მე, არამედ ჩემი მოსწავლეებიც, მაგრამ მადლობა მათ, მათ მშობლებს რომ ყველა გამოწვევა დაძლეულ იქნა. ვირტუალური საკლასო ოთახი მართლაც სიახლე იყო მოსწავლეებისათვის, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მარტვილის რაიონის, ხუნწის საჯარო სკოლა პირველი იყო, ვინც 100% ჩაერთო ონლაინ სწავლების პროცესში, როგორც მასწავლებლები ისე მოსწავლეები. მცირედ შექმნილი ბარიერი გადალახულ იქნა. ბავშვებმა ადვილად აუწყვეს ფეხი თანამედროვე სიახლეებს.

მონდომება და პასუხისმგებლობა გამიორმაგდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მარტო მოსწავლეებს არ გადავცემდი ახალ მასალას და ინფორმაციას, არამედ თითოეულის ოჯახში მყოფი ადამიანების ინტერესსაც ვაკმაყოფილებდი.

ზოგადად ბავშვები ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავენ, მაგრამ უცებ მათთვის რაღაც ახალი მოულოდნელობა მოხდა-სამყარო ცოტათი გამუქდა. ყოველ წუთს თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ ეს მუქი ფერები ცოტათი გამეღიავებინა და მათი ონლაინ სასკოლო ცხოვრება ცოტათი მაინც გამეფერადებინა. ამისთვის ვფიქრობ, რომ მაქსიმუმი გავაკეთე. მათ ისეთ სახალისო, კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი, რომლებსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებდნენ. ისინი „ჟურნალისტები“ გახდნენ, ყოველგავარი რეკომენდაციების დაცვით იღებდნენ ინტერვიუებს სოფლის ექიმისგან, სოფლის უხუცესი ადამიანისგან, მშობლებისგან...მათ რომ ცოტათი მაინც წარმოედგინათ რეალობა, აღქმა რომ ცოტათი ნათელი ყოფილიყო, სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილებიდან ვატარებდი ონლაინ გაკვეთილებს.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან“ დაკავშირებით. პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, თითოეული პედაგოგისთვის, არის ერთგვარი დასაყრდენი და ძალა, რომელიც ყოველთვის იცავს ნებისმიერი ჩვენგანის უფლებას, გვეხმარება კარიერული წინსვლის პროცესში და არასდროს არ გვტოვებს მარტო.

აუცილებლად უნდა ავღნიშნო თავისი შეუდარებელი ლიდერის, ორგანიზაციის პრეზიდენტის მაია კობახიძის დამსახურება თითოეული პედაგოგის, პროფწევრის მიმართ. მის მიერ განათლების სამინისტროსთან და მასწავლებლის სახლთან ერთობლივი კონსულტაციითა და დიალოგით, პედაგოგებისთვის არაერთი საჭირბოროტო საკითხის დროული გადაწყვეტა განხორციელდა . ორგანიზაციას რა დროსაც არ უნდა მიმართო, ყოველთვის მზადაა აღმოგიჩინოს სამართლებრივი - საგანმანათლებლო დახმარება, ეს კი ორგანიზაციის ძლიერი გუნდის დამსახურებაა. თქვენი მეშვეობთ, ჩვენ ყოველთვის ინფორმირებულები ვართ რა სიახლეები იგეგმება განათლების სისტემაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ფეხი ავუწყოთ სიახლეების დანერგვის პროცესს და პროფკავშირის დახმარებით, ჩვენს საქმიანობაში როგორ გავხდეთ წარმატებულები.

სპმთპ-ს კუთხით, სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

მინდა, რომ ამ დიდი გუნდის პატარა, ღირსეული წევრი ვიყო; ჩემი წვლილი შევიტანო სპმთპ-ს წარმატების საქმეში. ვარ სპმთპ -ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრი, ასევე ორი მოწვევის საარჩევნო -საანგარიშო ყრილობის დელეგატი. მიმიღია მონაწილეობა პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში და სემინარებში. მომავალში მაქვს ამბიცია, რომ გავხდე აქტიური პროფკავშირელი...ასევე მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ სკოლაში ვასწავლი პროფესიულ ორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას IX- XIკლასის მოსწავლეებს, მათ ვეხმარები მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში. რაც გამოიხატება როგორც გაკვეთილების ჩატარებით, ასევე გასვლითი შეხვედრებით და ექსკურსიებით სხვადასხვა დაწესებულებებში, ქარხნებსა თუ სასწავლებლებში. ვხვდებით თავიანთ სფეროში წარმატებულ ადამიანებს და მოსწავლეები უშუალოდ მათგან იღებენ ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიების შესახებ. ამ საქმის კეთებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ბედნიერი ვარ მცირედ წვლილს თუ შევიტან მოსწავლეების პროფესიულ არჩევანში.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაწევრიანდნენ, რადგან წევრებისთვის მაქსიმალური კეთდება. რასაც ვხედავ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე -ქალბატონი ვივინა ძიძიგურის მიერ მასწავლებლებისათვის გაკეთებულს, შეუფასებელია... სპმთპ-ის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვივინა ძიძიგური აქტიურად ეხმარება პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ტრენინგებით, უწყობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. არცერთი ღირსშესანიშნავი თარიღი არ ავიწყდება, რაც მასწავლებელთან არის დაკავშირებული. მადლობა მას გამძლეობისა და თანადგომისთვის...

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა, რომ...

მინდა, რომ თითოეულმა ბავშვმა იცხოვროს ბედნიერ, ნათელ და ერთიან საქართველოში. ყველაზე მთავარი კი ადამიანებს შორის ურთიერთსიყვარულია , რადგან ხსნა მხოლოდ სიყვარულშია.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა