32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია თბილისის, ისნის რაიონის 215-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი ფიქრია ჯანელიძე, რომელსაც ბაგა-ბაღში მუშაობის ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს.

დოსიე : დავიბადე 1968 წლის 15 აპრილს ქ.წყალტუბოში. 1985 წელს დავამთავრე წყალტუბოს N 1 საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დავასრულე 1990 წელს. ამავე წლიდან დავიწყე მუშაობა თბილისის 215-ე ბაგა-ბაღში.სადაც ვმუშაობ დღემდე, ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში: მასწავლებელთა პირველი სპარტაკიადა - 1992 წ; გამოფენები; სემინარები; ტრენინგები; ვარ ""მწვანე ჯილდოს"მონაწილე და ა. შ. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

გააცანით თქვენი ბაღი საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული?

215-ე ბაგა-ბაღი მდებარეობს ბერი გაბრიელ სალოსის N 7-ში. 532 აღსაზრდელს ემსახურება 67 პერსონა;აქვს ადაპტირებული ეზო რბილი საფარით, ლიფტი, პანდუსები: ყველა პირობაა შშმ და სსმ პირთათვის. მათ განკარგულებაშია სპეც. პედაგოგები,ფსიქოლოგი. ბაღი საქმიანობითა და თვალსაჩინო შედეგებით წარმოჩინდება რაიონულ, საქალაქო, რესპუბლიკურ ღონისძიებებზე. 2018 წელს თავად გახლდით გარემოს დაცვის ეგიდით ჩატარებული კონკურსის "მწვანე ჯილდოს" ფინალისტი .2019 წელს ამ კონკურსში წარმატებით

მონაწილეობდა ჩემი კოლეგა ნინო ქავთარაძე. ეს შედეგები მოიტანა ბაღის ადმინისტრაციის, კერძოდ რუსუდან ცხვარაძე-ბირკაიას მორალურმა და კოლეგუალმა მხარდაჭერამ. .ბაღში ტარდება ბევრი გასვლითი თუ ადგილობრივი ღონისძიება, რასაც ფოტო და ვიდეო მასალებად ვაარქივებთ.

„მწვანე ჯილდო“- დააწესა გარემოს დაცვის სამინისტრომ. თბილისისა და კახეთის სულ რამდენიმე ბაღში დაინერგა სამინისტროს შემოთავაზება -"ბიომრავაფეროვნება- ნარჩენების მართვა-წყლისა და ენერგიის დამზოგველობა".თემა გავშალეთ უფროსჯგუფებში.კონკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა და ყოველწლიურად დამკვიდრდა. კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონულად გადავგზავნეთ ფოტო და ვიდეო მასალა შესაბამისი ტექსტებით; ამით ვაჩვენეთ როგორ მივაწოდეთ თემა ბავშვებს,რამდენად მიიღეს პატარებმა და როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას ყოველდღიურობაში. დაბოლოს- წიგნის ავტორების, სამინისტროს წარმომადგენლების, ბაღების წარმომადგენლების ჯგუფმა მოისმინა ფინალისტების ინდივიდუალური მიდგომა სლაიდშოუს დართვით.გამარჯვებულებიდაგვაჯილდოვეს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრით .

რამდენი წელია რაც ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი ხართ? როგორ შეხვედით პროფესიაში?

ოცდაათი წელია ბაგა-ბაღში ვმუშაობ აღმზრდელის პოზიციაზე.ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა,ბავშვებთან ურთიერთობა და კითხვა.ჩემს ირგვლივ ყველა ფიქრობდა,რომ ვიქნებოდი ან მხატვარი,ან მასწავლებელი.

როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის ბაღის აღმზრდელ -პედაგოგი? რა სტანდარტებს უნდა პასუხობდეს?

ვფიქრობ,საბავშვო ბაღის აღმზრდელი, სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენელი, პასუხისმგებელია, სკოლამდელ დაწესებულებაში ხარისხიანი განათლების დაგეგმვაზე. აღმზრდელი პედაგოგი უნდა იყენებდეს ბავშვზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიას და სტანდარტებს, მიზნობრივი და გააზრებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვისთვის.მანვე უნდა იზრუნოს აღსაზრდელების ჯამრთელობასა და უსაფრთხოებაზე,დაგეგმოს საგანმანათლებლო პროცესი და შეაფასოს პროგრამის ეფექტიანობა. პატივი სცეს კულტურულ მრავალფეროვნებას და ბავშვის სხვადასხვა შესაძლებლობების საჭიროებას, რაც სოციალური ურთიერთობის საფუძველია. აღმზრდელი მუდმივად უნდა აკვირდებოდეს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და ემოციური განვითარების პროცესს. აღმზრდელის მიზანმიმართული მუშაობა, სკოლამდელი განათლების ეტაპზე, საფუძველს უყრის მომავალში ბავშვის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებას, რეალიზებას და ადაპტაციას საზოგადოებაში.

ინტეგრირებული სწავლება თამაშით, პრაქტიკულად მიწოდებული ცოდნა (არა დატვირთვა), აღსაზრდელთა გარემომცველ სამყაროზე წამოდგენების გაფართოება, მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის,მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ცოდნა,აღსაზრდელის, როგორც ინდივიდის განსაკუთრებულობის გათვალისწინება, სწავლების ძირეული ფორმაა.

მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებისთვის ადამიანს მხოლოდ სკოლა არ ამზადებს.როგორც სპეციალსტები ამბობენ- ძირითადი პიროვნული ჩამოყალიბება ოთხი წლის ასაკში ხდება. სკოლამდელ ასაკშიც ადვილი დასანახია აღსაზრდელთა თავისუფალი აზროვნება.

დაბადებიდან ხუთ წლამდე სწრაფი და უნიკალური ზრდის ხანაა, ბავშვმა თამაშით უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი და სამყარო. ადრეულ ასაკში ბავშვის ზრუნვასა და განათლებაზე გაწეული ინვესტიციები სასარგებლოა მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის.

პანდემიის ფონზე, როგორ ადაპტირდით და თუ გქონდათ აღმზრდელებთან დისტანციური კომუნიკაცია?

პამდემიამ მოიტანა ჩვენთვის უჩვეულო რეჟიმი, თუმცა აღსაზრდელებთან კომუნიკაცია აქაც არ დაგვიკარგავს. პანდემიამ განაპირობა აუცილებლობა დისტანციურად გაგვეგრძელებინა პირადი თუ საქმიანი ურთიერთობები. ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოვიტან: ჩვენი ორგანიზაციის ისნის რაიონის თავმჯდომარემ ქეთი ხეტეშვილმა შესანიშნავი ორგანიზება გაუკეთა ტრენინგებს დისტანციურად, ყველა კმაყოფილი დარჩა ამ შემოთავაზებით. გავიღრმავეთ თეორიული ცოდნა; პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვები თითქოს დაგვავიწყდა და სოციალური ქსელებით სარგებლობის გამოცდილებაც გავიღრმავეთ. ამაზე ბევრი მადლობის კომენტარი გაკეთდა, ერთმანეთს დღემდე ვუზიარებთ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.

რითია გამორჩეული თქვენი ბაღი?

ჩვენი ბაღი გამორჩეულია კოლექტივის გუნდურობით,რაც წინსვლის, სიახლეების ძიების და ჯანსაღი კონკურენციის მიღების მოტივაციას გვაძლევს. ექსტერიერი -ეზო, გეოგრაფიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა აღსაზრდელების საყვარელ ადგილად აქცევს ჩვენს ბაღს.

 

რა არის თქვენთვის "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“?

როდის და რატომ გაწევრიანდით და რა გავლენა მოახდინა ორგანიზაციამ თქვენს საქმიანობაზე ?

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ ჩემთვის ის ორგანიზაციაა, სადაც, ვიცი, ყველა შეხედულებას და პრობლემას გავაჟღერებ, ვიმსჯელებთ და საჭიროების შემთხვევაში, მაღალ ინსტანციებშიც გაჟღერდება.

ეს არის ორგანიზაცია, რომელიც დგას თავის წევრთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე. ძალიან ხშირად ისეთი პრობლემა მოუგვარებია, რისი იმედი თვით დაზარალებულსაც არ ჰქონია; ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს ჩვენი სოციალური პირობებისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე; რომელიც ზრუნავს ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე; ასევე ზრუნავს ჩვენი განწყობილების ასამაღლებლად კულტურულ ღონისძიებებზე. ის ტრენინგები, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გვთავაზობს; შეხვედრები, გასვლითი ღონისძიებები,სპექტაკლები, შეღავათიანი დასვენება, სამედიცინო მომსახურეობა ფასდაკლებით(სპმთპ ისნის რაიონული ორგანიზაციის სოციალურ პარტნიორთა "დარბაზი"), იურიდიული და საკონსულტაციო დახმარების,საჭიროების მიხედვით, გაწევა წევრებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა ,- რასაც ამ ორგანიზაციაში გვთავაზობენ.118767439 1291872824492537 1458535536361928698 n

ვამაყობ, რომ ვარ ამ ორგანიზაციის წევრი ისნის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პერიოდიდან, ამავე დროს ვარ 215-ე ბაგა-ბაღის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე. სისტემატურად ვესწრები საბჭოს სხდომებს, სადაც ვსაუბრობთ გაკეთებულ და გასაკეთებელ გეგმებზე, პრობლემებზე, ახალ იდეებზე. შემდეგ აქტიურად და ოპერატიულად ვაცნობ ჩვენს ბაღის თანამშრომლებს ყველა მოწოდებულ ინფირმაციას, ყველა მიღწევასა თუ ახალ გეგმას. მეც და ჩვენი წევრებიც ყოველთვის ვმონაწილეობთ ისნის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირში" გაწევრიანება.

რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირში"გაწევრიანების მსურველებს, უპირველესად, დაცულობის შეგრძნება უნდა

ჰქონდეთ. განცდა იმისა, რომ თავისი რჩეული ორგანიზაცია დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში ან მისცემს პრობლემის გადაჭრის ეფექტურ მიმართულებას.

ყველა პოტენციურ წევრს თამამად ვეტყვი, - როცა არსებობს შენი და შენი კოლეგების ასეთი ძლიერი ქომაგი და თავდაუზოგავი დამცველი, დაუფიქრებლად უნდა გახდე მისი წევრი, რადგან დაცულობის შეგრძნება თავდაჯერებულობისა და თამამად ცხოვრების გარანტიაა.თუ გადავხედავთ სპმთპ-ის თუნდაც უკანასკნელი წლების მიღწევებს,მის ავტორიტეტულობას ქვეყნისა თუ საერთაშორისო არენაზე, კითხვაც კი აღარ უნდა დაისვას, თუ რატომ უნდა ვიყოთ ყველანი "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის"წევრები, ძალა ხომ ერთობაშია, სხვაგვარად დიდი მიღწევებიც როგორ იქნება. თანამშრომელთა ერთ მესამედზე მეტი სპმთპ-ს წევრია.

 

2017 წელს ქალაქის მასშტაბით, ბაგა-ბაღების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩატარდა ღონისძიება აღსაზრდელთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოსავლენად.მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა,სცენა დაეთმოთ პატარებს,რომლებმაც სიმღერებით დაატკბეს და ცეკვით მოხიბლეს მაყურებელი.კმაყოფილი ვართ აღნიშნული ღონისძიებით, რადგან ჩვენმა აღსაზრდელებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი.

რა უნდა გაკეთდეს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ? საუბარი მიმდინარეობდა ბაღის პედაგოგების სერტიფიცირებაზე.რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებითაც?

იმისთვის რომ პოპულარობა მოიპოვო, უნდა გაეცნონ შენს საქმიანობას და ნახონ ბაღის გარემო.შეიძლება ოცნებას, ფანტაზიას მიაწეროთ, მაგრამ ერთი ტელეგადაცემა მაინც უნდა იყოს სკოლამდელთათვის, სადაც ბაღის ყოველდღიურობა გაშუქდება.

ჩემთან შემომსვლელ ყველა სტუმარს ყოველთვის ვიპატიჟებ მთელი დღით - აი, მაშინ თვალსაჩინო ხდება აღმზრდელის საქმიანობა.

ერთ -ერთ ტრენინგზე, ილიას უნივერსიტეტში, ჟანა კახიანთან ფანელოგრამა მივიტანე საპრეზენტაციო თვალსაჩინოებისთვის.ისე გაოცდა და მოეწონა,რომ თქვა: თუ ოც პროცენტს მაინც აკეთებთ აქ თქმულისგან, გმირები ხართო. ეს დიდი შეფასება იყო დიდი ფსიქოლოგისგან.

- წლების წინ "პორტიჯისთან" ვთანამშრომლობდი და ერთ -ერთ ბაღში სემინარის ჩატარების პატივი მერგო წილად...დავიწყე და... კოლეგებმა მთხოვეს - თავადაც ხომ ბაღში მუშაობ და გასაგებ ენაზე გვეაპარაკეო.მთელი ბლოკნოტი მაქვს სავსე უცხო სიტყვებით, ქართულში რომ დამკვიდრდა, ამით კი არ უნდა ხდებოდეს აღმზრდელთა შეფასება ვინ უფრო ახლებურად ისაუბრებს, არამედ რამდენად სწორად ზრდის და აწოდებს აღსაზრდელს სამყაროს შესახებ ინფორმაციას.შემოდგომა ორმოცი სიტყვით კი არ უნდა დამიხასიათოს ბავშვმა,არამედ რატომ მოდის,რითი ხვდება და რა იცვლება, ის უნდა მითხრას.არანაირად წინაამდეგი არ ვარ სერტიფიცირების, ცხოვრებას ფეხი უნდა აუწყო და სიახლეები გაითავისო, ოღონდ სერტიფიკატი იმუნიტეტი არ უნდა იყოს .ბავშვისგან ნათქვამმა და ნააზრევმა უნდა დამანახოს როგორი "სერტიფიცირებულია" აღმზრდელი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სტანდარტები როგორია და რა პრინციპებით მიმდინარეობს აღსაზრდელების სწავლება და განვითარება? რა მეთოდებს იყენებთ? აღსაზრდელებისთვის,წინარესასკოლე, ბოლო წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.საინტერესოა, სწავლების მხრივ, რას მოიცავს აღნიშნული წელი?

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სტანდარტი ის მოცემულებაა, სადაც ზედმიწევნით გაწერილია ყველა იმ პირის საქმიანობა, ვინც ბაგა-ბაღში მუშაობს და როგორ უნდა ხდებოდეს ყველა ის საქმიანობა, რაც პატარების მომსახურეობას გულისხმობს. ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შედგენილია სასწავლო-სააღმზრდელო მასალა, რომელიც გეგმის სახით იწერება: ერთკვირიანი,ერთთვიანი ან წლიური. გეგმაში ხდება ინდივიდუალიზება კონკრეტულ აღსაზრდელზე საჭიროების მიხედვით.ეს არა ერთპიროვნულად, არამედ მულტიდისციპლინირებულ გუნდთან ერთად ხდება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოიაზრება მშობელიც.

აღსაზრდელის სკოლისთვის მზადება უმნიშნელოვანესია, ამიტომაც სასკოლო მზაობის ჯგუფში განვლილი ერთი წელი მას სრულად ამზადებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.აღნიშნული წელი მოიცავს: თვითმომსახურეობის ჩვევას, კომუნიკაციას, კოორდინაციას, მოტორიკას,მეტყველების განვითარებას, ფიზიკურ განვითარებას და ა.შ. სააღმზრდელო წლის დასასრულს აღსაზრდელს უკვე გარკვეული წარმოდგენები გააჩნია: რაოდენობრივი, სივრცითი, შედეგობრივი.... იცის მარცვლები, ბგერები ,წინადადებები, სიტყვები...აკეთებს მიზეზ - შედეგობრივ დასკვნებს: რატომ მკვრივდება წყალი სიცივეში და რა ემართება გაცხელებისას.რატომ უნდა მოერიდოს ბასრ საგნებს და რა არ უნდა შეჭამოს... ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჩვენგან წასული ბავშვი, დაიმახსოვრებს გარემოს და ეცოდინება პირადი ჰიგიენა.მას გააჩნია წარმოდგენები მოვლენებზე, იგი ადაპტირდება ახალ გარემოში, ემპათიურია თანატოლების მიმართ, გამოხატავს ინტერესს და სვამს კითხვებს.მას შეუძლია ფურცელზე მიზანმიმართული მოქმედება. ესაა არასრული ჩამონათვალი უნარებისა, რასაც ბაღიდან ვატანთ სკოლაში წამსვლელებს.

თქვენი მთავარი მიღწევა , მოტივაცია და მუშაობის პრიორიტეტი.

კარგი შვილები გავუზარდე ქვეყანას და ბევრი კარგი ადამიანის აღზრდაში მიმიძღვის წილი, რომლებიც დღეს შემდგარი პიროვნებები არიან.

მოტივაციას მაძლევს საქმის სიყვარული, ჯანსაღი კონკურენცია, გუნდი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ახლის ძიება, განხორციელება

ჩემი მუშაობის პრიორიტეტი საქმის სიყვარულია, პროფესიონალიზმი, გუნდურობა.საქმის სიყვარული მაძლევს სტიმულს ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე, ვეძიებდე სიახლეებს და ვნერგავდე; პროფესიონალიზმში მოვიაზრებ თეორიულ ცოდნას, მის მორგებას გარემოზე, სიახლეების შეტანას და საინტერესოდ მიწოდებას აღსაზდელთათვის და გუნდურობა,ჩვენს შემთხვევაში, ერთ საქმეს, საერთო ინტერესს მორგებული კოლექტივია.არა მხოლოდ კოლეგიალური,არამედ ადამიანური ურთიერთობებიც საერთოა ყველა პრობლემის გადასაჭრელად. მულტიდისციპლინირებული გუნდი - ესაა ერთ ორგანიზმად ქცეული მონათესავე პროფესიის ადამიანები გძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმებით.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა,რომ...

კიდევ ბევრი წარმატებული ბავშვი გავუზარდო ქვეყანას.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა