32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
უკანასკნელ პერიოდში, სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა გარე დაკვირვების მომლოდინე უფროსი მასწავლებლების პრობლემები. ის პედაგოგები, რომელთაც გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარეს 2019-2020 აკადემიური წლის პირველ სემისტრში, გამოთქვამენ უკმაყოფილებას გარე დაკვირვების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. მასწავლებლების ნაწილი, სექტემბრიდან სტატუსის ამაღლების მოტივით, ითხოვს გარე დაკვირვების ალტერნატიულ გზებს. გამოჩნდნენ ისეთი პედაგოგებიც და მათი გულშემატკივრებიც, რომლებიც აყენებენ არარეალურ მოთხოვნებს, კერძოდ, ,,გარე დაკვირვების გავლის გარეშე სტატუსის ამაღლებას“, ,,წამყვანის სტატუსის მინიჭებამდე, სექტემბრიდან წამყვანის დანამატის გაცემას“, გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობის გავლის ნაცვლად, გარე დაკვირვებისათვის ატვირთული 5 გაკვეთილის გეგმის შეფასებას“ და სხვა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთეული პედაგოგები ჩვენგან ითხოვენ ზემოხსენებული მოთხოვნების უპირობო მხარდაჭერას და გამოთქვამენ კრიტიკას მთლიანად პროფკავშირის საქმიანობის მიმართ. მიზანშეუწონლად მიმაჩნია ჩამოვთვალო ის ღონისძიებები და აქტივობები, რაც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა განახორციელა უკანასკნელ ათ წელიწადში, რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. ალბათ ჩვენი ბრალია, რომ კრედიტქულების დაგროვებით სტატუსის ამაღლების პროცესი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის დეკემბერში, მაგრამ გრძელდება 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, სხვადასხვა სახის გამონაკლისებისა და შეღავათების დაწესებით.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის მიუღებელია, COVID 19-თან დაკავშირებით, ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე განათლების სამინისტროს დადანაშაულება, გარე დაკვირვების პროცესის შეჩერების თაობაზე. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია პროფკავშირის კრიტიკა ამ პრობლემებთან მიმართებაში.
კორონა ვირუსმა არაერთი გამოწვევის და პრობლემის წინაშე დააყენა განათლების სისტემა, მათ შორის, პედაგოგთა კარიერული წინსვლისათვის სავალდებულო აქტივობების ორგანიზება-წარმართვის პროცესი - გარე დაკვირვების სავალდებულო აქტივობაც, პედაგოგთა კომპეტენციების დადასტურების გამოცდების ჩატარება და სხვა. ჩვენ ვაანალიზებდით შექმნილ მდგომარეობას და ვეძებდით გზებს, პრობლემების გადასაჭრელად. მთავრდება საგანგებო მდგომარეობა და მიგვაჩნია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა დაიწყოს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისათვის მექანიზმების შემუშავება.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე კონკრეტული წინადადება, რომლითაც მივმართავთ განათლების სამინისტროს:

1. შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა, წელიწადში 2-ჯერ, სტატუსის მინიჭების თაობაზე. იმ პედაგოგებისათვის, რომელთაც ყველა სავალდებულო აქტივობა განახორციელეს, დააგროვეს სქემით განსაზღვრული კრედიტქულები, სკოლამ გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება, სტატუსის მინიჭების თაობაზე, გამოიცეს ყოველი თვის 10 რიცხვამდე;
2. გამომდინარე იქიდან, რომ უარყოფითი პროგნოზები კეთდება კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სექტემბრიდან სკოლების გახსნის თაობაზე, განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ დაიწყოს მუშაობა, რა ფორმით განხორციელდება გარე დაკვირვების აქტივობა, თუ ვერ ამოქმედდებიან სკოლები ჩვეულ რეჟიმში;
3. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საგაკვეთილო პროცესის სექტემბრიდან განახლების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა დაჩქარებული წესით განახორციელოს გარე დაკვირვება, მასწავლებელთა რეგისტრაციის და მიმდინარე წლის 2 მარტიდან დადგენილი გრაფიკის რიგითობის პრინციპის მკაცრი დაცვით.
პატივისცემით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე