32 2 37 30 67
 contact@educator.ge

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას , მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და მათ დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

ამჟამად რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ბარისაშვილი.

116877820 929023314269390 3456990851600596133 n

დოსიე: დავიბადე თბილისში, მოსამსახურის ოჯახში.მე და ჩემი დები, მათ შორის ერთი ტყუპისცალი, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევით. ვსწავლობდით თბილისის №24 საჯარო სკოლაში, მაშინ ეს პირველი სკოლა იყო თბილისში, სადაც გაძლიერებული პროგრამით ინგლისური ისწავლებოდა.

სკოლის შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. დავასრულე წარჩინებით და როგორც წარმატებულ კურსდამთავრებულს , კონკურსში მონაწილეობის პირობით,მომიწია საქმიანობის დაწყება განათლების სამინისტროს ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკურ ცენტრში, მეთოდისტის სტატუსით.

დღეს თავად მიკვირს,ასე რომ მოხდა, ჯერ პედაგოგადაც არ მემუშავა და უეცრად მეთოდისტი გავხდი.( სწორედ მაშინ დაიწყო რეფორმები და ახალგაზრდების მიზიდვა განათლების სისტემაში), მას აქეთ სულ სარეფორმო ცვლილებებში ვართ განათლების სისტემას ვემსახურები როგორც მასწავლებელი, ასევე ლიდერი. უკვე სამ ათეულ წელზე მეტია,რაც მშობლიურ სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, ფეხდაფეხ მივყვები საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს და მჯერა, ეს პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება ძალიან მეხმარება არა მხოლოდ მასწავლებელს, არამედ როგორც ლიდერს ,ვიყო მოწოდების სიმაღლეზე და სასწავლო_სააღმზრდელო საქმიანობაში განხორციელებული ცვლილებები შევაფასო ობიექტურად.

ვიდრე სპმთპ_ის თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი გავხდებოდი ,გარკვეული პერიოდი ვიმუშავე განათლების სამინისტროს ჰარმონიული განვითარების ცენტრში(რომელიც იყო ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრე)სასწავლო_სააღმზრდელო დარგის დირექტორის მოადგილედ. ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ეს ახალი მოთხოვნები და ხედვები, ჩემთვის სულაც არ არის უცხო და ახალი. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას მთელი შემართებით და ვერ გეტყვით,სად უფრო სრულყოფილად ვგრძნობ თავს, ასე მგონია, ორივე მიმართულება მეხმარება, რომ ვიყო შემდგარი მასწავლებელიც და წარმატებული ლიდერიც.

რა არის თქვენთვის წარმატება?

წარმატება ჩემთვის დასახული მიზნის შესრულებაა, ეს საწყაული აღუვსებელი კი არადა არ ილევა და ჩვენც ვცდილობთ, გადავლახოთ ბარიერები დასახული მიზნისაკენ.

p.s. პროფსაზოგადოებას შევახსენებ, რომ 2018 წლის 30 მარტს, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართა :“მასწავლებელი გზის მაჩვენებელია” -სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია.

კონფერენციას დელეგატებთან ერთად სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კიკნაძე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ლევან ჯანგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარის, გიორგი ვოლსკის ბიუროს უფროსი, გიორგი მჟავია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლია კარიჭაშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი, თამარ ჯანგულაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დელეგატებმა სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ბარისაშვილი ერთხმად აირჩიეს. დელეგატებმა ასევე აირჩიეს სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თამარ ბარისაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

"ჩვენი რაიონული ორგანიზაცია 30 საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენელთა პროფესიული გაერთიანებაა: დემოკრატიული, მებრძოლი, აქტიური, ინტელექტუალთა, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგთა და განათლების მუშაკთა ერთობა - ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი და მრავალ განსაცდელს გამოტარებული. ბევრი მიღწევა და წარმატება აქვს ჩვენს რაიონულ ორგანიზაციას, ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ ერთად, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენი რაიონის სამოქმედო გეგმაში მინდა შევიტანო ერისთვის საგულისხმო და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი - თურქი ქართველების პრობლემა. თბილისის 24-ე, 37-ე, 36-ე სკოლების მასწავლებლებმა შევიმუშავეთ პროექტი - „ანი და ჰოე ვართ მე და შენ ქართვლისა“, რაც ითვალისწინებს იმერხევში მაცხოვრებელ ქართველთათვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლა-გაცნობას დისტანციური სწავლების მეთოდით. ჩემი მიზანია, პედაგოგებმა, ვინც ჯერჯერობით შორიდან მაყურებელნი არიან ჩვენი საქმიანობისა, ჩვენი წამოწყებებით იგრძნონ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი ერთობა, პროფკავშირული სულისკვეთება და პროფესიული ვალდებულება ერისა და ქვეყნის წინაშე“ - განაცხადა თამარ ბარისაშვილმა.

116555578 729783550924818 2682575853954836313 n

რა გაძლევთ მოტივაციას?

მიზანსწრაფვა ქვეცნობიერად სასიცოცხლოდ გმუხტავს და მოქმედებისკენ გიბიძგებს.ამიტომ სულ შემართებული ხარ.ჩემთვის, როგორც მასწავლებლისა და ზოგადად, ფილოლოგისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო განათლების სამინისტროს მიერ ,,ირმის ნახტომის" ფონდის საშუალებით განხორციელებული ლიტერატორთა კონკურსი, რომელშიც თავიდანვე 200_ზე მეტი სკოლა ჩაერთო და ჩვენი სკოლის ლიტერატურულმა პროექტმა( ჩემი ხელმძღვანელობით) პირველი ადგილი მოიპოვა.ამდენად, დავით გურამიშვილი საერთაშორისო ქსელში რეალურად ჩემი ხედვითა და გამოჩენილ ქართველ მეცნიერ _ მკვლევართა ნამუშევრებით არაერთზის აღმოჩნდა თანრიგოსან პროექტთა შორის.

თქვენი მთავარი მიღწევა?

ჩემი მთავარი მიღწევა ,მე ასე ვფიქრობ , ეროვნული პროექტის ,,ვკითხულობთ რუსთაველს " ავტორობა და მისი განხორციელებაა, 17 წლის განმავლობაში, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით,არამედ ქვეყნის საზღვრებს მიღმაც, იცით , ეს რას ნიშნავს? რომ არა მინისტრის , კახა ლომაიას ხისტი და უდიერი განაცხადი- საქართველოს სკოლებისთვის მთავარი საგანი და უპირველესი დისციპლინა ინგლისური ენა და კომპიუტერული სწავლებააო , შეიძლება ეს იდეა არც კი დამბადებოდა, მაგრამ მაღალჩინოსნის ასეთმა უპასუხისმგებლო განაცხადმა, ეროვნულ სკოლაში პირველ საგნად ქართულის უგულებელყოფამ, ჩემზე სილის გაწვნასავით იმოქმედა და ვიდრე პროექტის დებულება არ დავამტკიცებინე განათლების სამინისტროს, მანამდე მოსვენება დავკარგე. შემდგომ ამ ფაქტს მოჰყვა ჩემი ინიციატივითა და იდეის ავტორობით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე რევაზ სირაძის სახელობის რუსთაველის კლუბის დაფუძნება, რამაც კიდევ უფრო გააფართოვა ასპარეზი და გააძლიერა ჩემი როგორც მასწავლებლის ,ასევე ლიდერის შემოქმედებითი და პრაქტიკული საქმიანობა.:მოგვეცა შესაძლებლობა მასწავლებელთა ფართო აუდიტორიის წინაშე ყველა ღირებული და მნიშვნელოვანი სიახლე მასშტაბურად გაგვეშუქებინა და განგვეხილა. ეს მართლაც მიღწევა იყო მაშინ,როცა "ნაციონალები" ჩვენს ორგანიზაციას სკოლის კარს უკეტავდნენ და რეალურად ჩვენ ფანჯარა გავხსენით სამყაროსთან საურთიერთოდ.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ჩემი ლიდერად აღიარება თითქოს განგებისად მოხდა: გულწრფელად გითხრათ, არც მიფიქრია და მაშინ, როცა ქალბატონმა მანანა ღურჭუმელიძემ საკითხი პრინციპულად დამიყენა: ან იყრი კენჭს და მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას , ან არადა , საერთოდ დატოვებ პროფკავშირსო, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, სულ სხვა სურვილებით ვიყავი დატვირთული ,რა უნდა მექნა, ,ვიეშმაკე, ვიფიქრე, არც პრეზიდენტს მოვიმდურებ , კენჭს ვიყრი და რაღა მე ამირჩევენ მეთქი, მაგრამ ,როგორც იტყვიან, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო...როგორც ჩანს , ჩემმა შემოქმედებითმა აღიარებამ იმუშავა და მას აქეთ უკვე სამგზის არჩეული ლიდერი ვარ.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

იცით, ვთვლი,რომ იღბლიანი ვარ, ადამიანებს სჯერათ და სწამთ ჩემი სიტყვისა და საქმის, ეს დიდი ბედნიერებაა, ჩემი კოლეგებისა და თანამებრძოლების მხარდაჭერა და აღიარება მიასკეცებს შემართებას. კი, შემთხვევით ამ წუთისოფელში არაფერი ხდება, მაგრამ როცა შენს საქმიანობას აფასებენ და მადლიერებასაც გამოხატავენ, ეს პასუხისმგებლობას გიასკეცებს და გაძლიერებს.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

იყო მასწავლებელი ნიშნავს უანგაროდ გასცემდე სითბოს და გიხაროდეს მოსწავლეთა სიყვარულით ანთებული თვალების ხილვა. მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ,რომ გიყვარს, თუმც დროდადრო მკაცრი აღმზრდელის მანტიასაც ირგებ.

116686520 751815498714321 2582198186921454929 n

https://spark.adobe.com/page/fQ3udJZt09sDY/?fbclid=IwAR3mJrLMa4db9v3QFcyoViblTvxkdY3_y_ggh6slD2--YGUeuj9MT4ZhMPc

როგორც მასწავლებელი,როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

ეს თაობა ნამდვილად განსხვავდება წინარე თაობებისგან, უფრო პრაქტიკულები და თავისუფალნი, დამოუკიდებელნი არიან გადაწყვეტილებების მიღებისას, ამდენად, უფრო რისკიანებიც და ლაღნიც და იცით, ეს თვისება ეხმარება მათ შენიღბონ მშობელთა მოსაკლისება და მათთან განშორებით ( სულიერი თუ ხორციელი) გამოწვეული სიცივე. ამიტომ ჩვენგან მეტი სითბო და სიახლოვე სჭირდებათ.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან?                                                                        რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემიამ მოულოდნელად სხვა რელსებზე გადაგვიყვანა ,რაც მოულოდნელობის გამო მაშოკირებელიც კი აღმოჩნდა თავიდან, მაგრამ დროზე მოვეგეთ გონს და ,,ხელებდაკაპიწებულებმა", ტექნოლოგიურად აღჭურვილებმა, საკუთარ თავს ვაჯობეთ, შეუძლებელი შევძელით,ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმაც არ დააყოვნა_ ჩემთვის ესეც ახალი გამოწვევა იყო და ისე მომეწონა, ჩვეულ პირობაშიც არ შევწყვეტ ონლაინ სწავლებას: შერეული საგაკვეთილო პროცესი, მჯერა, მოსწავლეებს უფრო დააინტერესებს.

რა არის თქვენთვის "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი"?

სპმთპ ჩემთვის წარმატების ნავსაყუდელია, ვფიქრობ , ყველა მასწავლებელმა აქ უნდა დაივანოს, რადგან თავის უნარებსა და შესაძლებლობებს მეტი გასაქანი და გამარჯვების ნება მისცეს.

სასექტემბროდ ,უპირველესად ,იმ პრაქტიკოს მასწავლებელთა დასახმარებლად გავირჯებით, ჩავატარებთ სემინარებს, ვისაც საგამოცდო პირობა წინ უდევს, პარალელურად წამყვანობისა და მენტორობის მსურველთ მივეხმარებით ,ასევე, აუცილებლად აღვნიშნავთ მასწავლებლის დღეს, დავხვდებით ახალბედებსა და გავაცილებთ ღვაწლმოსილთ, დიდუბე _ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციას ნოემბრის 15_ში საანგარიშო კონფერენცია გვაქვს ჩასატარებელი და ეს სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს . საქმე ნამდვილად საშურია და ჩვენც მცდელობას არ დავაკლებთ!

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?   რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

განათლების პროფკავშირში გაერთიანება და მასწავლებელთა, აღმზრდელთა ,თუ მეცნიერთა ინტერესების დასაცავად მუშაკობა, ზოგადად ,განათლების მუშაკთა სამსახურში ყოფნა დარგის გაძლიერების წინაპირობა და პროფესიული ღირსების საქმეა!

ვინც პროფწევრი არაა, ის არც სრულფასოვან პედაგოგად მიმაჩნია, ნურავის გეწყინებათ,რადგან,ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივი იდეოლოგია ჩვენს ხელთაა, ჩვენ ვზრდით საქართველოს მომავალს, ვემსახურებით ქვეყანას და ჩვენი ძალა ერთიანი თუ არ იქნა, მართალ სამართალის ვერ ვაზეიმებთ!

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა,რომ მსოფლიო აზროვნებითა და ქრისტიანული მრწამსით ქვეყნის აღმშენებლობას შევეწიოთ!

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/fQ3udJZt09sDY/?fbclid=IwAR3mJrLMa4db9v3QFcyoViblTvxkdY3_y_ggh6slD2--YGUeuj9MT4ZhMPc

    მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა