32 2 37 30 67
 contact@educator.ge

„საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ჭელიძე, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

ქალბატონ გულნაზთან ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა. ვისაუბრეთ სოფელ ლემშვენიერას სტრატეგიულ მნიშვნელობაზე , წარმატების კოეფიციენტსა და ლიდერობაზე; დირექტორისა და მასწავლებლის წარმატებული ურთიერთობის მაგალითებზე, თანამედროვე ახალგაზრდობასთან კომუნიკაციასა და ადაპტირებაზე სწავლა/სწავლების პროცესში, "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" დადებით როლზე ,პედაგოგიური საზოგადოების მიმართ და ორგანიზაციის წარმატებულ საქმიანობაზე . დიალოგი აინშტაინის ძალიან საინტერესო გამონათქვამით დაიწყო: „პრობლემის სწორად ფორმულირება ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გადაჭრა!“ ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვარიანტს.

113118074 2640765336251817 7668782821961583768 n

დოსიე: დავიბადე 1964 წელს 1 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ უშგულში. სკოლა დავამთავრე 1982 წელს, შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე უშგულის საბჭოთა მეურნეობის მეცხოველეობის ფერმაში . 1983 წელს ჩავაბარე ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ფიზიკა-ასტრონომიის სპეციალობით. სწავლის პერიოდში ვიყავი ხუთგზის ყამირელი. როგორც წარმატებული და წარჩინებული სტუდენტი, ინსტიტუტმა საკუთარი საგზურით გამიშვა მოსკოვში და ბულგარეთში. 1988 წელს აღნიშნული ინსტიტუტი წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს მუშაობა მშობლიურ სკოლაში დავიწყე. ერთი წლის შემდეგ გავხდით ეკომიგრანტები, ჩაგვასახლეს გარდაბნის რაიონში და მუშაობა დავიწყე ახლად დაარსებულ სოფლის- ლემშვანიერას საჯარო სკოლაში. საზღვრისპირა რეგიონში რთული აღმოჩნდა დამკვიდრება, შეგუება, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. მაშინ 27 წლის ვიყავი. ვიცოდი, ბევრი შრომა მომიწევდა, მაგრამ ამის გარეშე არასდროს არაფერი მიმიღია. დაწყებითი კლასების მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, შემდეგ ფიზიკის საათებიც მომცეს, სადამრიგებლო კლასიც და ნელ-ნელა დავიწყე ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. ოთხი წლის მუშაობის შემდეგ დავინიშნე სასწავლო ნაწილის გამგედ, სადაც 8 წელი ვიმუშავე.

2000 წელს დავინიშნე ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორად, ამ თანამდებობაზე ვარ დღემდე.

წარმატებით ჩავაბარე დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები;

ასევე ჩავაბარე საგნობრივი გამოცდა და ვარ უფროსი მასწავლებელი;

 

21-ე საუკუნის გამოწვევებმა , სწავლისა და სწავლების თანამედროვე მულტიმოდალურ მეთოდებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის სირთულეებსაც მისცა ასპარეზი, რომელთა დაძლევაც , ხშირ შემთხვევაში, პედაგოგის პირდაპირი მოვალეობაა . ალბათ , ყველასათვის ნაცნობი ჭეშმარიტებაა , რომ საუკეთესოდ დაგეგმილი გაკვეთილიც კი შესაძლოა ჩაიშალოს, თუნდაც ერთი მოსწავლის ქცევითი აშლილობის „ გაუთვალისწინებელი “ გამოვლინების ფონზე, ან სწავლების პროცესში წარმოჩენილი სხვადასხვა ტიპის სირთულეების შედეგად.

ერთ - ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენას მოსწავლეების სწავლისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება წარმოადგენს. შესაბამისად, დღესდღეობით მეტად მნიშვნელოვანი ხდება , საგნის მაღალკვალიფიციურ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად , პედაგოგის მიერ კლასის მართვისა და თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამყარების „ხელოვნების “ დაუფლების გარდაუვლობა. სწავლა რომ სახალისო , საინტერესო პროცესად იქცეს, პედაგოგმა სხვადასხვა სტრატეგია უნდა გამოიყენოს. ნაშრომის ძირითადი მიზანი გახლავთ , სწავლა / სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გამოვლენა , სწავლის უნარის დარღვევების დაძლევა და მისი პრევენცია. სწავლა / სწავლების პროცესში გამოვლენილი სირთულეებისა და სხვა ტიპის ქცევითი აშლილობების გამოვლენა წარმოადგენს თემის აქტუალობას, რადგან ეს საკითხი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, განსაკუთრებით კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეტად პრობლემატურია. კვლევის მეთოდებად გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევა - გასაუბრება და რაოდენობრივი კვლევა – კითხვარების სახით . საკვანძო სიტყვები : მოსწავლეთა იდენტიფიკაცია, მშობლებთან კონსულტაცია , ძლიერი და სუსტი მხარეები, ინდივიდუალური მუშაობა , პედაგოგის თვითკრიტიკულობა.

112650578 714488565795427 5716366103883980869 n

გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას?

სოფელი ლემშვენიერა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან, ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1642 ადამიანი.

სოფელი აღმოცენდა 1987 წელს სტიქიით დაზარალებული სვანების ჩამოსახლების შედეგად. დასახელება - ლემშვენიერა - სრულიად სვანეთს ნიშნავს.

სკოლაში ამჟამად სწავლობს 230 მოსწავლე, მუშაობს 23 პედაგოგი, ადმინისტრაცია და ტექპერსონალი.

ეს სოფელი 30 წელია არსებობს და პირველად გაცილებით უფრო რთული სიტუაცია იყო. კარგია, როცა გამართულია მეტერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, კარგადა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია დირექციისა და მასწავლებლების როლი.

ვფიქრობ, ჩვენი სკოლა თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდება. ამისი გარანტი ერთიანი, შეკრული გუნდი, სასკოლო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა და მოსწავლეთა შედეგებია.

114806384 335079307894755 5995595763948188981 n

რითია გამორჩეული თქვენი სკოლა?

ჩვენი სკოლის ძლიერი მხარეებია: კვალიფიცირებული და სერთიფიცირებული მასწავლებლები, ძლიერი და შეკრული გუნდი, ყოველწლიურად განხორციელებული სოციალური პროექტები, ეროვნული გამოცდების მაჩვენებლები, მიღებული გრანტები, სპორტული მიღწევები.

სწავლა-სწავლების პროცესი რომ წარმატებულია, ამისი დასტური არის ათობით ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილი ჩვენი კურსდამთავრებულები, გაცვლით პროგრამებში მონაწილე ათეულობით სტუდენტი, დოქტორი და უამრავი მაგისტრი, სამინისტროს კონკურსებში გამარჯვებულები, 100%-იანი და 70%-იანი გრანტის მფლობელები, სასკოლო და რესპუბლიკურ კონფერენციებში გამარჯვებულები, რესპუბლიკის ოლიმპიადის მონაწილეები და ერთი გამარჯვებული ინგლისურ ენაში, რომელიც ინგლისში გაემგზავრა სასწავლებლად 3 თვით, როგორც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული.

სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სისტემატურად ხდება მასწავლებელთა გამოცდილების ურთერთგაზიარება და სამუშაო შეხვედრები, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა. ტარდება საგნობრივი კონფერენციები, კონკურსები, ინტეგრირებული გაკვეთილები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებით მუშაობას დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვებთან.

განხორციელდა ძალიან ბევრი სოციალური პროექტი: მწვანე ნარგავები, ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება, მაკულატურის შეგროვება, ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეძენა, რესურსოთახის რესურსებით უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელება, თავისუფალი გაკვეთილები - „კინო სკოლაში“.

სისტემატური ხასიათი მიიღო ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე ბავშვების დაცვის და რეაბილიტაციის ღონისძიებებმა- ინდივიდულური საუბრები, მათი ჩართვა კლასგარეშე და ამ თემაზე გამართულ აქტივობებში. მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ძალადობის ნიშნების ამოცნობის ხერხის შესასწავლად, სკოლაში შემუშავდა ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქციები. მოსწავლეების აქტიური ჩართულობით შეიცვალა სკოლის შინაგანაწესი. სისტემატურად ვატარებთ ე.წ „შინაგანაწესის დღეს“ , მოსწავლეები დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ შინაგანაწესთან დაკავშირებულ საკითხებს. წარმატებით განვახორციელეთ „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტი, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ძალადობის თემას მიექცა. ყოველი პარასკევი გამოცხადდა როგორც მოსწავლის დღე, მეორე პარასკევი - მშობლის დღე , მესამე პარასკევი- მასწავლებლის დღე. ამ პერიოში მათ ვხვდები და ვსაუბრობთ პრობლემებზე. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია მძლავრ ინსტრუმენტად იქცა ზრუნვაზე დაფუძნებული უსაფრთხო სასკოლო კლიმატის ჩამოსაყალიბებლად.

113936160 609914293226974 2268144485150447934 n

რა პრობლემებს აწყდებით სწავლების პროცესში?

34 წლის ვიყავი, როცა სკოლის დირექტორად დავინიშნე. ეს იყო 2000 წლის მაისი. ამ დროს სკოლაში 500 მოსწავლე, 50-მდე პედაგოგი და ტექპერსონალი მოღვაწეობდა. როგორც ქვეყანამ, იმ დროს ჩვენმა სკოლამაც ბევრი ქარტეხილი გადაიტანა და მე გავხდი ისეთი სკოლის დირექტორი, რომელიც არ იყო შემინული, არ გვქონდა ტექნიკური ბაზა, სასწავლო ინვენტარი, შუქი, გათბობა, ცარციც კი .

ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო, არის და იქნებიან მოსწავლეები.

პირველი, რითაც დავიწყე, ვცადე, ელემენტარული პირობები შემექმნა სკოლაში, რომ სასწავლო ოთახებში სითბო ყოფილიყო. ავჭალაში დაშალეს სათბური და იქიდან მოტანილი მინებით ავაწყვეთ ფანჯრები, შევარემონტეთ მერხები და სკამები. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. დირექტორების თათბირზე, სადაც ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი, მორცხვად ვითხოვე თუნდაც დამტვრეული ინვენტარი, რომ გაგვერემონტებინა და ისე გამოგვეყენებინა. რა დამავიწყებს მარტყოფის, სართიჭალოს და მუღანლოს სკოლის დირექტორების ამაგს, იმდენი ინვენტარი მომცეს, რომ მშობელთა ძალისხმევით ყველა საკლასო ოთახი დავაკომპლექტეთ. გავხსენით სკოლის ფონდი, რამაც საშუალება მოგვცა შეგვეძინა ღუმელები და დაფები. ფონდმა დიდხანს ვერ იმუშავა, რადგან სოციუმში ეკომიგრანტები იყვნენ.

ამის შემდეგ დაიწყო, მასწავლებლებთან მუშაობა. გუნდთან, რომელიც ძალიან იყო დანაწევრებული. ეს ლაბირინთიც გაირღვა და ამ უძლიერეს გუნდთან ერთად დაიწყო ბრძოლა წარმატებისთვის, თუმცა რიგ საკითხებში გვქონდა წარუმატებლობაც.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული გეგმა ორიენტირებულია მოსწავლე მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის, თუმცა ამ მოთხოვნის სასწავლო პროცესში დანერგვისას ვაწყდებით პრობლემებს, კერძოდ, მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხს. ხშირად, დაბალი კვალიფიკაციის გამო სწავლა/სწავლების მთავარი იდეა გვავიწყდება და ორიენტირებულები ვხდებით ცოდნის ტრანსფერზე. მიმაჩნია, რომ თანამედროვე სკოლაში არსებობს შესაძლებლობა მოსწავლეში განავითარო შესაბამისი უნარ-ჩვევები და მოამზადო იგი მომავალი ცხოვრებისთვის.

ამ ეტაპზე ჩვენთვის ჯერ კიდევ პრობლემაა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. არ გვაქვს კაბინეტ-ლაბორატორიები. სპორტული დარბაზები გამოსულია მწყობრიდან. რაც სკოლა აშენდა, იმის შემდეგ არ ჩატარებულა კაპიტალური რემონტი. თუმცა ჩვენი რესურსებით ,ვცდილობთ, სრულფასოვანი სწავლა-სწავლების წარმართვას და ვფიქრობ, ამ პროცესს წარმატებით ვართმევთ თავს.

თქვენი მუშაობის პრიორიტეტი და წარმატების თქვენეული ფორმულა.

სკოლის წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. წარმატებულ სკოლის მოდელს ქმნის მოტივაცია, დროის მენეჯმენტი, ფინანსური მართვა, სტრატეგიული განვითარების გეგმა, მოსწავლეზე ორინეტირებული მიდგომები, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანასწორობა და აღიარება, მშობლებთან კომუნიკაცია.

ჩემი აზრით, მთავარია , ვიზრუნოთ როგორც მოსწავლეთა, ისე მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე. ეს ადვილი არც მაშინ იყო და არც ახლა არის, მაგრამ შესაძლებელია. პოზიტიური გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია, სკოლის ყველა რგოლის ურთიერთთანამშრომლობა.

20 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი. ყოფილა შემთხვევები, როცა კანონზე მაღლა მორალი დამიყენებია. ხელს ვუწყობდი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. დიდ ყურადღებას ვაქცევდი სასკოლო დისციპლინას, დამოკიდებულებას მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, ვზრუნავდი უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, სკოლის პედკოლექტივისთვის დაკომპლექტება ხდება კომპეტენციის მიხედვით. ინკლუზიური განათლების დანერგვა და ხელშეწყობა ამ პროექტის ამოქმედებისთანავე დავიწყეთ. ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური და მატერიალური რესურსების მიზნობრივი ხარჯვა, სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, საკუთარი თავის და მასწავლებელთა კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვა, ხელს ვუწყობ მშობელთა ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, ალბათ ამან განაპირობა რომ 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი საჩივარი, მშობლის მასწავლებლის და მოსწავლის მხრიდან რომ ჩვენ სკოლაში არ მოგვარებულიყო , რაც მედიაციის დიდი დამსახურებაა.

ასევე მნიშვნელოვანია კოლეგიალური დამოკიდებულება პედაგოგებს შორის, ამ მხრივ ჩვენ სკოლაში სრული ჰარმონიაა, რამდენი წელია მე არ ვერევი საათების განაწილებაში, არ განვიცდი ამ პროცესებს, რადგან ეს ყველაფერი ისე ხდება კათედრებზე, ჩემი ჩარევა არ არის საჭირო. შედეგიან პროცესში ვითვალისწინებთ პრიორიტეტებს, სადაც აქტიურად მონაწილეობს პედკოლექტივი და მოსწავლეთა თვითმართველობა. განვსაზღვრავთ სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვმსჯელობთ: რა უპირატესობა აქვს სკოლას? რა მიმართულებით გვაქვს წარმატებები? რა წყაროებზე მიგვიწვდება ხელი? რა უნდა გამოასწოროს სკოლამ? რა მიმართულებით საქმიანობს წარუმატებლად? რა სირთულეები გვხვდება სკოლის საქმიანობის პროცესში?

მოსალოდნელ საფრთხეებს ვითვალისწინებთ „სვოტ“ ანალიზის დროს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მოსწავლეებისა და მშობლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესწავლას. ამ ინფორმაციას ვიღებთ მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების, ინდივიდუალური შეხვედრების, მშობელთა კრებებისა და ზოგჯერ სოციალური ქსელების საშუალებითაც კი.

მიუხედავად იმ მწირი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა, რაც ჩვენ გვქონდა და ახლაც არ ვართ განებივრებულები, ჩვენი სკოლა დიდი სპორტული წარმატებების მომსწრეა, განსაკუთრებით ჭიდაობის სახეობა- ძიუდოში, ჩვენი მოსწავლეები იყვნენ საქართველოს და ევროპის ჩემპიონები. სამინისტროს ყველა კონკურსში და პროექტში არიან ჩართულები. მიღებული გვაქვს ძალიან ბევრი მადლობის ფურცელი, თასი და მედალი სპორტული წარმატებებისთვის.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ? როგორი დირექტორი ხართ?

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში იყო საჯარო სკოლის დირექტორი საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე საუკეთესო შესაძლებლობა, გახდე საგანმანათლებლო ლიდერი. საგანმანათლებლო ლიდერი აღარ არის მხოლოდ მენეჯერი, იგი სკოლაში მიმდინარე პროცესების სათავეში მყოფი ფიგურაა. შესაბამისად, საგანმანათლებლო ლიდერზე პირდაპირ არის დამოკიდებული სკოლის წარმატება. საგანმანათლებლო ლიდერმა უნდა შეძლოს დაეხმაროს მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაში: შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 21-ე საუკუნის მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებით შექმნას სწავლის თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოსწავლისთვის; ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას სწავლა/ სწავლების პროცესში.

ჩემი აზრით, დირექტორი უნდა იყოს პედაგოგი, რომელმაც გამოაირა სკოლაში ყველა ისე ეტაპი, რასაც მასწავლებელი გადის - გამოცდების ჩაბარება, კონფერენციებისა და ღონისძიებების მოწყობა, საჩვენებელი და მიმდინარე გაკვეთილების ჩატარება და მათი უკუკავშირი, თვითონ უნდა იყოს სწავლა-სწავლების პროცესის უშუალო მონაწილე. ნახოს, როგორია გაკვეთილის ჩატარება კლასში, სადაც არ არის ტექნიკური ბაზა, მაგრამ საჭირო რესურსის შექმნა მარტივი მოდელებით შესაძლებელია.

ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო ლიდერს შეეძლოს სკოლაში არსებული ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. როცა მასწავლებელს აგრძნობინებ, რომ სხვის წარმატებაში წვლილის შეტანა შეუძლია, ეს ზრდის მის მოტივაციას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მუშაობის ხარისხზე . თანამშრომლობამ, ურთიერთსწავლებამ და გუნდურმა მუშაობამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენი სკოლის წარმატების გზაზე.

20 წელია სკოლის დირექტორი ვარ, ჩემი მოტივაცია არ განელებულა, ამის საშუალებას ეს ნიჭიერი ახალგაზრდები არ მაძლევენ. ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ, ამაზე სჯობს კოლეგებმა, მოსწავლეებმა და სოციუმმა ისაუბროს.

აქვე ვიტყვი: სკოლის დირექტორი უნდა იყოს საგანმანათლებო ლიდერი და არა უბრალოდ მენეჯერი, მოტივირებული და არა ნიჰილისტი, რაც თავისთავად გუნდურ მუშაობას გულისხმობს. სკოლაში მუშაობა იმიტომ კი არა რთული - ნიშნის დაწერა გაგიჭირდება, ტესტის შედგენა ან ცოდნის დამატება. ამდენ დასტრესილ ბავშვს რომ გულრწფელად გაუზიარო შენი სითბო და სიყვარული, დაანახო სამართლიანობის და ღირსების უპირატესობა, ამისთვის უნდა გვეყოს რესურსი, ამას ითხოვს და ესაა თანამედროვე სკოლის გამოწვევა. ბავშვი ირეკლავს გარემოს და მის გულში უნდა ჩავიხედოთ. მართალია, ზოგი არაადეკვატურად იქცევა, მაგრამ თუ ჩვენ ამის გამოსწორებას ზიზღით და აგრესიით შევეცდებით, გაცილებით უარეს შედეგს მივიღებთ .

113211857 1782181555257734 7088873033348736253 n

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი და როგორც მასწავლებელი,როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

მერწმუნეთ, დირექტორი, რომელიც არ ყოფილა მასწავლებელი და არ მჯდარა საკლასო ოთახში, არ აუხსნია გაკვეთილი, არ მიუღია კარგი თუ ცუდი უკუკავშირი, არ ჩაუტარებია საჩვენებელი გაკვეთილი, არ მიუღია მასწავლებლების მხრიდან უკუკავშირი, არ ყოფილა ღონისძიებების ავტორი, არ განუცდია ის, რასაც მისი მოსწავლეები წარმატებით თუ წარუმატებლობით განიცდიან, ვერ იქნება წარმატებული.

მე, როგორც მასწავლებელს, მაქვს საათობრივი დატვირთვა, ფიზიკის 10 საათი კვირაში, თუ დირექტორი სარკეა სკოლისთვის (გაცდენა-დაგვიანება, ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, ღონისძიებები, პროექტები), ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული სკოლის პედაგოგიურ საქმიანობაში. დირექტორობას ჩემთვის არასდროს შეუშლია ხელი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობაში. როცა შენ გესწრებიან, არჩევენ ყოველგვარი მორიდების გარეშე შენს გაკვეთილებს, ესწრებიან შენს ღონისძიებებს, არამარტო სასკოლოს, არამედ სარაიონოსაც, მონაწილეობ რესპუბლიკურ კონფერენციებში, ეს ჩართულობა ხელს უწყობს სკოლაში პოზიტიური და საქმიანი გარემოს შექმნას, ბავშვებს უყვართ დირექტორთან ერთად ყველა საქმის კეთება, მათ შორის ცოცხით და ნიჩბით ხელშიც კი. როცა ხედავენ, რომ შენც არ გეთაკილება ამ საქმის კეთება. დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში ღონისძიებების ჩატარებას, სადაც მოსწავლეები სრულიად ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული განმავითარებელი კომენტარით მაინც.

ჩემი დირექტორობის პერიოდში არ ყოფილა ისეთი წელი, როცა არ ჩამიტარებია ერთი ღონისძიება მაინც. 2002-2003 სასწავლო წლიდან ყოველი წლის აპრილში ვატარებ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას ფიზიკაში და საუკეთესო თემები იგზავნება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე, სადაც თემების დაცვის შემდეგ ყოველ მოსწავლეზე მოდის რეცენზია და სიგელები. საგნის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული მაქვს სასკოლო და სარაიონო ღონისძიებები : ფიზიკასთან ერთად პოეზია, სიმღერა და ცეკვა; „ვარიაციები ფიზიკის ირგვლივ“; „ფიზიკა, ტექნოლოგიების მეფე“; „გია დვალი - ჰუმბოლტის პრემიის ლაურეატი“; „ფიზიკოსები ლირიკოსებიც არიან“; „წყალი- ბუნების სასწაული“;„ქვის ცულიდან ნანოძრავამდე“; „თვალი, როგორც ოპტიკური სისტემა და პოეზიის მუზა“; „ევა და ვაშლი, ნიუტონი და ვაშლი, მიჩურინი და ვაშლი, კომპიუტერული ვაშლი“.

ჩატარებული მაქვს ინტეგრირებული გაკვეთილები : „ბგერა ქართულში, მუსიკასა და ფიზიკაში“, „წყალი ფიზიკასა და ქართულში“, „სპექტრი და ფერთა გამა „ვეფხისტყაოსანსა „ და „დიდოდტატის მარჯვენაში“.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

შეიძლება ითქვას, რომ არსებობს გარკვეული რისკი და განსაკუთრებით მაღალია მასწავლებელთა შემთხვევაში, რადგან ისინი უფრო მწვავედ აღიქვამენ და რთულად ეგუებიან სიახლეებს. მსგავსი გამოცდილებისა და შესაბამისი საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო ეშინიათ სიახლეების. თუმცა, მთავარია არ შეშინდნენ, ამ საკითხში უმრავლესობა დილეტანტია და ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. მათ პირველად უწევთ დისტანციური სწავლების მეთოდით სარგებლობა.

დისტანციური სწავლება ტექნიკური საშუალებების გამოყენების ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. ჩვენი მასწავლებლების უმრავლესობა ამ გამოწვევისთვის მზად არ იყო და ახლა ეცნობიან საგანმანათლებლო პლატფორმებს, ცდილობენ მათ გამოყენებას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ძალიან გვეხმარება ამ პროცესის უკეთ წარმართვაში. სკოლებს შესთავაზეს Microsoft 365-ის პროგრამა, Teams-ის გამოყენება, შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები. მასწავლებლებმა მიიღეს პროგრამის გამოყენების გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, სადაც დეტალურადაა ახსნილი პროგრამის შესაძლებლობები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი. სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის, დახმარებას გვიწევენ ტექნოლოგიების ექსპერტები და EMIS -ის წარმომადგენლები.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ურთიერთანამშრომლობა დისტანციური სწავლების დროს მნიშვნელოვანი იყო ყველა მასწავლებლისთვის. ერთად ვეცნობოდით, ვიაზრებდით, ვამუშავებდით მასალებს. საერო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ გამოწვევას თავი წარმატებით გავართვით. თუმცა, საკლასო გარემოს და მოსწავლეებთან ერთ ფიზიკურ გარემოში სწავლება უკონკურენტოა.

რა არის თქვენთვის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“? როდის გაწევრიანდით და თქვენი საქმიანობიდან რომელ მონაკვეთს გაიხსენებდით,რომლის ფარგლებშიც სპმთპ-მ თქვენზე დადებითი გავლენა მოახდინა და დახმარება გაგიწიათ?

ჩემთვის სპმთპ არის გზა, საშუალება სიკეთის ქმნის, მასწავლებლის უფლებების დაცვის, თანადგომის და როცა ადამიანებს ეიმედები, დიდ ძალას, პასუხისმგებლობასა და სიხარულს გრძნობ. სპმთპ მასწავლებლის მეგობარია, ჭირისა და ლხინის გამზიარებელია, იბრძვის, მოქმედებს, რკინის ქალამნებს მოირგებს და ყველაფერს გააკეთებს მასწავლებლის დასაცავად.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სპმთპ ყოველთვის გამოირჩევა საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით. პირველივე ეტაპზე, როცა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, პროფკავშირი აქტიურად ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამ ორგანიზაციის პირდაპირ მოვალეობებში არ შედის. ტრენერებიც დიდი გულისყურით იყვნენ შერჩეული და მე არ მსმენია არცერთი მასწავლებლისგან დასწრების შემდეგ გამოთქმული უკმაყოფილება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დანიურ-ქართული სემინარი „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ და „დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლთა პროფკავშირის“ ერთობლივი პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშომლობით“, რომელშიც ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ქალბატონ ლილი წურწუმიას ინიციატივით ჩავერთეთ მე და ჩემი ფასილიტატორი 2019 წლის შემოდგომაზე. ამ ხნის მანძილზე ორგანიზებული ტრენინგებით, სამუშაო შეხვედრებით და შემაჯამებელი კონფერენციებით, უშუალოდ დანიელი კოლეგებისგან, მივიღეთ ინფორმაცია დანიის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების, სიახლეების, სწავლა - სწავლების მეთოდების, ციფრული ინსტრუმენტების, ინტერნეტ ტექნოლოგიების, სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების დანიური სისტემის გაცნობა. ასევე თამაშით სწავლების კომპონენტების ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო რეჟიმში.

ახალი მეთოდები არა მხოლოდ ჩვენ გამოვიყენეთ, ამ სემინარის შემდეგ დავგეგმეთ ჯერ საკუთარ სკოლაში, შემდეგ კი გარდაბნის რაიონის სხვადასხვა სკოლის 84 მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა. გავაცანით სემინარზე მიღებული გამოცდილება, გავუზიარეთ სამუშაო მასალები. შეხვედრის მონაწილეები თვითონ იყვნენ უშუალო შემსრულებლები და გამზიარებლები ახალი აქტივობებისა. ისინი დღემდე გვიკავშირდებიან და გვიზიარებენ გამოცდილებას. დისტანციური სწავლების რეჟიმსაც კარგად მოარგეს მიღებული ცოდნა. დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ეს სემინარი სასწავლო პროცესის ყველა მონაწილისთვის სასარგებლო იყო: ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა უშუალოდ გავცნობოდით დანიელ კოლეგებს, ეს ურთიერთობები დღემდე გრძელდება. კოლეგებს გავუზიარეთ სიახლეები და მათაც აქტიურად გამოიყენეს სწავლებისთვის, ხოლო მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან სახალისო გაკვეთილში და ამავდროულად გამოიმუშავებენ 21-ე საუკუნისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

112359234 2067507256707442 1745508703496208056 n

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

სპმთპ-ში გაწევრიანება ნიშნავს დაცულობის შეგრძნებას. უამრავი გამოწვევის ფონზე მასწავლებლებს არ აქვთ არც დრო და არც საშუალება იმ პროცესებში მონაწილეობისა, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო სფეროს. შუამავალი რგოლი პროფკავშირია. ის აქამდეც ახერხებდა და დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგაც შეძლებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს მიმდინარე პროცესებში.

იყო პროფკავშირის წევრი, ნიშნავს ეკუთვნოდე ერთ დიდ ოჯახს, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის"პრეზიდენტს მაია კობახიძეს და მთელ მის გუნდს მადლობას მოვახსენებ , იმ თავდაუზოგავი შრომისა და საქმიანობისათვის, რასაც ისინი პედაგოგების სასიკეთოდ ახორციელებენ .თქვენი თანადგომა გვეამაყება და გვაძლიერებს.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

ჩვენ ერთად შევძლოთ საგანმანათლებლო სისტემის ყველა გამოწვევასთან გამკლავება... ერთად ვიბრძოლოთ მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდისთვის. გვქონდეს დაცულობის, უსაფრთხოების შეგრძნება...

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/RQdc8xwUPmm6k/?fbclid=IwAR3B1yeg5hQROEqwn08qTLiME6ioIGbLIZUrX4yPgygbLagCXNgubm22ZPI

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა