32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით

სპმთპ აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას, მათი საქმიანობის უფრო მეტად პოპულარიზაციას და მათი პიროვნების დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

დღევანდელი რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ხეტეშვილი.

დოსიე: დავიბადე 1960 წლის 2 მაისს , ვარ მშობლების მეოთხე შვილი. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

ვმუშაობდი საჯარო და კერძო სკოლებში, ლიცეუმსა და უმაღლეს სასწავლებელში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ასევე თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის (ახლანდელი მერია) საბინაო განყოფილებაში უფროს სპეციალისტად და პარალელურად თარჯიმნად; მრავალი წელი ვიმუშავე სხვადასხვა გაზეთის, ჟურნალის, ჟურნალისტური კვლევის ცენტრის რედაქციებში.

1980 – 1986 წწ. ვსწავლობდი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე;

1983 – 1986 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობაზე.

სამუშაო გამოცდილება:

1986 – 1987 წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1987 – 1992 წწ. ქ. თბილისის მერიის საბინაო განყოფილების ინსპექტორი და თარჯიმანი.

1989 წ. თბილისის სსგ ”ელვაში” არაქართველებისთვის ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე ქართული ენის მასწავლებელი (რუსთაველის საზოგადოების პროექტი).

1991 – 1992 წწ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1992 – 2002 წწ. გაზეთ ”დრონის” ოფისმენეჯერი, თარჯიმანი.

1996 – 1997 წწ. გაზეთ ”ტფილისის უწყებანის” ოფისმენეჯერი, ჟურნალისტი, თარჯიმანი.

1997 – 1998 წწ. გაზეთ ”მაესტროს” ოფისმენეჯერი, თარჯიმანი.

1998 – 1999 წწ. ჟურნალ ”კვალის” ოფისმენეჯერი, კორექტორი.

2002 – 2006 წწ. ”ჟურნალისტური კვლევის ცენტრის” ოფისმენეჯერი.

2002 – 2006 წწ. დარგობრივი კოლეჯის ”იმედი” რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

2008 წ. კერძო სკოლა ”მწიგნობარის” რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

2011 წ. განახლებული გაზეთ ”დრონის” სტილისტ-კორექტორი.

2015-2016 წწ. "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (სპმთპ) საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი.

2016 წ-დან "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (სპმთპ)

ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დღემდე.

მყავს მეუღლე - ცნობილი პოეტი ბადრი ცირამუა და ხუთი არაჩვეულებრივი შვილიშვილი.

45502873 2010221532371819 2067558339595730944 n

რა არის თქვენთვის წარმატება?

წარმატებაა ჩემთვის იდეის რეალიზაცია, ჩანაფიქრის პრაქტიკული ხორცშესხმა; მოტივაცია - საყვარელი და საინტერესო საქმე, წარმატების აღიარება და ფინანსური სიძლიერე.

18700819 1976781265882982 2163183483766158725 o

რა გაძლევთ მოტივაციას?

მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაცია იყვნენ ის ადამიანები, ვის გვერდითაც უფალმა მარგუნა ცხოვრება და რომლებმაც განსაზღვრეს ჩემი ცხოვრების წესი. ესენი იყვნენ: ჩემი მამა წარმატებული მევენახე და დიდი სამამულო ომის მონაწილე - ომისა და შრომის გმირი ვალოდია ხეტეშვილი; ჩემი დის მეუღლე - ცნობილი ჟურნალისტი და უნიჭიერესი პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე, რომლის ოჯახშიც 25 წელზე მეტი ვიცხოვრე და მასთან ერთად რედაქციაშიც თხუთმეტი წელი ვიმუშავე; დაბოლოს, ჩემი მეუღლე - პრესისა და ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტი და ასევე ცნობილი პოეტი ბადრი ცირამუა.

ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც დაძლიეთ.

ბევრი გამოწვევა დავძლიე ცხოვრებაში: სწავლა-განათლება და ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის წარმატებით დამთავრება; ვიყავი წარმატებული პედაგოგი, თარჯიმანი, პერსპექტიული ჟურნალისტი და მენეჯერი.ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ მომეპოვებინა, მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალური კინოსტუდიის მიერ მამაჩემზე გადაღებული ორი ფილმი, რომლებიც 7 და 10 წლის შემდეგ მოვიპოვე და ოჯახს დავუბრუნე. ჩემი ინიციატივითა და ტექნიკური რედაქტორობით გამოიცა შესანიშნავი ხუთი წიგნი; 2008 წელს დავვოჯახდი, ვარ ბედნიერი მეუღლე და ბებია.

მიხარია სიცოცხლე, რადგან ვგრძნობ უამრავი ადამიანის სიყვარულსა და მხარდაჭერას. ვამაყობ ჩემი მოწაფეების წარმატებებითა და დიდი სიყვარულით.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ლიდერობა პასუხისმგებლობაა, აწყობილ-დალაგებული მუშაობა, კრეატიულობა, აქტიურობა, წარმატება და გულისხმიერებაც. გუნდური მუშაობა ჩემთვის ყოველთვის იყო მოხერხებული. როგორც ლიდერი, ყოველთვის მაქვს სამოქმედო გეგმა, გეგმის შესრულების გზები, მაგრამ ვცდილობ, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო გუნდთან შეთანხმების შემდეგ.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ მაძლიერებს მეუღლის მხარდაჭერა, გარშემომყოფთა კეთილგანწყობა, მეგობრებისა და ახლობლების დიდი სიყვარული.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

იყო მასწავლებელი ნიშნავს, იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, წიგნიერი, კვალიფიციური- პროფესიონალი. გიყვარდეს შენი საქმე და ბავშვები, მათთან ურთიერთობა, უნდა გესმოდეს რა ტრიალებს თითოეული ბავშვის გულში და სულში, რომ ასწავლო სიყვარული და თანადგომა-თანაგრძნობა.

როგორც მასწავლებელი, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

თანამედროვე ახალგაზრდობა ბევრად უფრო თამამია, დამოუკიდებელი, პრეტენზიულიც კი.გული ნამდვილად მწყდება, რომ მოვწყდი აქტიურ სასკოლო ცხოვრებასა და ჩემს საყვარელ ბავშვებს.

პანდემიის ფონზე ,რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

ახალ რეალობას ნელ-ნელა ვეჩვევი.

მართალია,პედაგოგად აღარ ვმუშაობ, მაგრამ პროფწევრებთან აქტიური, დისტანციური ურთიერთობა მაქვს. რა თქმა უნდა, ახალ რეალობასთან, ტექნიკური მიმართულებით, ცოტა გამიჭირდა, თუმცა სირთულეები მალევე გადავლახე.

რა არის თქვენთვის სპმთპ?

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" ჩემთვის ძალზედ საპატიო საქმიანობაა - ვემსახურები ქვეყანაში ყველაზე საპასუხისმგებლო საქმის შემსრულებლებს. გარდა ამისა, სპმთპ-მ კიდევ ერთხელ დამარწმუნა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მეამაყება, რომ მომიწია ისეთ ლიდერთან მუშაობა, როგორიცაა ქალბატონი მაია კობახიძე - საოცრად გაბედული, ნიჭიერი და მშვენიერი ქალბატონი; ჭეშმარიტი გულშემატკივარი თითოეული პროფწევრისა და ხშირად არაწევრისაც.

სპმთპ-ს კუთხით,სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

პირველ რიგში ვგეგმავ ორგანიზაციის გაძლიერებას, აქტიურად ვატარებთ ტრენინგებს წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვეხმარები ჩვენს პროფწევრებს ზაფხულის არდადეგებზე ბედნიერად დასვენებაში და ვემზადები შემოდგომაზე საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციისთვის.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.

რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?

რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

ყველა პედაგოგს, როგორც ყოველთვისთამამად და ამაყად ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ წევრი, რადგან უფრო ძლიერი, გაბედული, თავდაუზოგავი, ერთგული და ბოლომდე მებრძოლი ქომაგი და დამცველი მას არ ჰყავს; ვეტყოდი, რომ ძალა ერთობაშია და ერთად ყველა პრობლემის გადაჭრას მოვახერხებთ, რომ ძლიერი სპმთპ ძლიერი პედკოლექტივისა და ძლიერი და ჯანსაღი მომავალი თაობის ბურჯი და მესაძირკვლეა. დაცული, ძლიერი, ღირსეულად დაფასებული პედაგოგი ჯანსაღი მომავლის საწინდარია, ამას კი ერთიანობა და დიდი ძალისხმევა სჭირდება, რასაც ძლიერი სპმთპ-ის გარეშე ვერავინ მიაღწევს.

დაბოლოს, დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა, რომ ,ღვთის შეწევნით, ყველა მყავდეს ჯანმრთელი, ვიყო ბედნიერი, მოტივირებული, წარმატებული; გამოვცე წიგნები, გავაკეთო ლიტერატურული სალონი და ჩემს მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურო საოცნებო ქვეყნებში.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა