32 2 37 30 67
 contact@educator.ge

დოსიე: დავიბადე 1970 წლის 17 ივნისს ქალაქ სენაკში. 1989 წელს ჩავირიცხე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობაზე, რომელიც დავასრულე 1995 წელს. 1996 წელს ჩავირიცხე სენაკის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე, რომელიც დავასრულე 1999 წელს.

1995-2007 წლებში ვმუშაობდი სენაკის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ ინსტიტუტში ლექტორად ხატვა/ხატვის სწავლების მეთოდიკის მიმართულებით; 1996-2020 წლებში სსიპ ქ.სენაკის N 1 საჯარო სკოლაში ხატვის, ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად; 2004-2009 წლებში სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში ხელოვნებისა და ხაზვის მასწავლებლად; 2005-2008 წლებში სსიპ სენაკის N3 საჯარო სკოლის ხაზვისა და ხელოვნების მასწავლებლად. 2009-2012 წლებში სენაკის კერძო სკოლა „მაიას“ ხელოვნების მასწავლებლად, 2009-2012 წლებში „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში“-ახალგაზრდული წ/ჯ საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელად, 2012-2014 წლებში წ/ჯ საზოგადოების სენაკის ფილიალის თავმჯდომარედ, 2017-2020 წლებში „ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. მყავს მეუღლე და სამი შვილი.

107455063 272420977398609 8557916054873063487 n

107401475 2334920596804379 8047846341078140081 n

რა არის თქვენთვის წარმატება?

წარმატება ჩემთვის საკუთარი თავის შეცნობაა, რადგან წარმატება არის ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენა.

რა გაძლევთ მოტივაციას?

მოტივაციას მაძლევს დიდი პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული.

ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც დაძლიეთ.

ჩემი ცხოვრება გამოწვევებითაა აღსავსე : ვარ 3 შვილის მამა და შესაბამისად ,როცა ჩემი შვილები ჯანმრთელად არიან და აქვთ ნორმალური პირობები სულისა და სხეულის წრთვნისა- ეს იმას ნიშნავს , რომ გამოწვევებს ვძლევ. ჩემთვის გამოწვევის დაძლევაა, როცა ვახერებ მასწავლებლის უფლებების დაცვას.

თქვენი მთავარი მიღწევა?

ჩემი მთავარი მიღწევა ბავშვების სიყვარულია, როცა ჩემი მოსწავლეები, წლების შემდეგ ცხოვრების უღელში შებმულნი, არ მივიწყებენ და უფროს მეგობრად მიმიჩნევენ.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ლიდერობა ჩემთვის მნიშვნელოვან საქმეში გუნდის აყოლიებას ნიშნავს. ნამდვილად მაქვს ადამიანებთან ურთიერთობის შინაგანი მოთხოვნილება და მათთან ერთად კარგი საქმის კეთების უნარი.

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ჩემი ყოველდღიურობა ფუტკარივით შრომაა. არასდროს გამიწბილებია ჩემთან დახმარებისთვის მოსული ადამიანი. ჩვენს სკოლაში არაა კლასი, სადაც არ შემექმნას მიმზიდველი და საინტერესო სასწავლო გარემო. მაძლიერებს ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგების მხარდაჭერა.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

მასწავლებლობა ჩემთვის ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, ბავშვების სიყვარულს და ცოდნის გადაცემის ხელოვნებას. მასწავლებლის შრომა მზის ამოსვლას უნდა ჰგავდეს, როგორც მზის სხივი ზრდის და ავითარებს ჩანასახს, ისე მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლის შესაძლებლობების აღმოჩენას და განვითარებას. მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერია...

როგორც მასწავლებელი, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას. რა გახარებთ და რაზე გწყდებათ გული?

ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია და როგორ შეიძლება არ გეიმედებოდეს! მე მათთან ურთიერთობით ვსულდგმულობ, მომწონს მათი აზროვნების თავისუფლება, გამბედაობა, უყვართ სტერეოტიპების მსხვრევა. ეს მახარებს, გული მწყდება იმაზე, რომ ისინი არ არიან ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს შვილები. მათ უკეთესი გარემო სჭირდებათ სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

რეალურ საკლასო ოთახს ვერასოდეს აჯობებს ვირტუალური, მაგრამ ლავირება, უცებ მორგება შექმნილ სიტუაციაზე და ვირტუალური სივრცის მაქსიმალური გამოყენება, ბავშვების სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი მოვალეობა იყო. ვისწავლე ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენება, შექმნა, ვირტუალურმა სასწავლო გარემომ დამანახა, თუ როგორ უნდა წავმართო ბავშვებთან მუშაობა, როგორც დამრიგებელმა.პრობლემა კი, მართლაც იყო: ბავშვებს არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე, ყველა მშობელი ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე.

რა არის თქვენთვის სპმთპ?

ჩემთვის სპმთპ არის გზა, საშუალება სიკეთის ქმნის, მასწავლებლის უფლებების დაცვის, თანადგომის და როცა ადამიანებს ეიმედები, დიდ ძალას, პასუხისმგებლობასა და სიხარულს გრძნობ.

სპმთპ-ს კუთხით, სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

ჩვენი ორგანიზაცია ფეხდაფეხ მისდევს განათლების სისტემაში არსებულ ახალ გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობაც მრავალფეროვანია. ვგეგმავთ და ორიენტირებულნი ვართ, პროფწევრი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე, კარიერულ წინსვლაზე და მუდმივ მზადყოფნაში ვართ მათი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დასაცავად.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება. რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

რატომ უნდა გაწევრიანდნენ?- სპმთპ მასწავლებლის მეგობარია, ჭირისა და ლხინის გამზიარებელია, იბრძვის, მოქმედებს, რკინის ქალამნებს მოირგებს და ყველაფერს გააკეთებს მასწავლებლის დასაცავად.

და ბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა, რომ მასწავლებელს აბედნიერებდეს თავისი საქმე...

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/6cMWsNYmsEF4Y/?fbclid=IwAR30hQF0L4uZfx27vf0WaA0r5y4WdCDyeoCU5mxMZsHGXtwYloD6xBB3YgM

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა