32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
გაზეთ  „ახალი განათლების“  2020  წლის  6-12 თებერვლის  N3  ნომერში  გამოქვეყნდა რუბრიკა  სახელწოდებით  “იურისტის  კონსულტაცია”, რომელიც  მოამზადეს  „საქართველოს  პედაგოგთა  და  მეცნიერთა  თავისუფალი  პროფკავშირის“  იურისტებმა  ანანო ფანჩულიძემ  და  გიორგი ნანობაშვილმა.
შეკითხვები  შემუშავებულია  სპმთპ-ის  იურიდიული  დეპარტამენტის  მიერ, მასწავლებლებისადმი  გაწეული  კონსულტაციის  საფუძველზე.
სპმთპ-ის  იურიდიულ  დეპარტამენტში  ხშირად  დასმული  კითხვები  და  სპმთპ-ის  იურისტების  განმარტებები.
იხილეთ  პუბლიკაციის  ბმულებზე: http://axaliganatleba.ge/index.php?module=newspaper / http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1581522151.pdf
ან  გაეცანით  პუბლიკაციის  ტექსტს  უცვლელად https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/td0/1/18/2935.png");">⤵️
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _
როგორც უკვე დაანონსდა, 2020 წლიდან კრედიტქულების დაგროვების სისტემას „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ ჩაანაცვლებს. საინტერესოა, რა შეღავათებს და ვალდებულებებს ითვალისწინებს მასწავლებლებისათვის ეს ნორმატიული აქტი?
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის მიხედვით“ შეიცვლება პროფესიაში შესვლა, შენარჩუნება და დაწინაურება. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლების მიერ მოპოვებული კრედიტქულები კრედიტქულები არ გაუქმდება, თუმცა, აღარ იარსებებს შიდა მექანიზმებით კრედიტების დაგროვების სისტემა. როგორც ცნობილია, სკოლაში არსებობდა შიდა შეფასების ჯგუფი, რომელიც აფასებდა მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და ამის მიხედვით ანიჭებდა კრედიტქულებს. მსგავსი სისტემა აღარ იარსებებს. ახალი სისტემის მიხედვით, მასწავლებელს მიეცემა საშუალება დააგროვოს კრედიტქულები გარე მექანიზმებით. ეს გულისხმობს იმას, რომ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელთაც ყველა სავალდებულო აქტივობა აქვთ გავლილი - ჩააბარეს ორივე გამოცდა, 2 შიდა საგაკვეთილო დაკვირვება, დაგროვებული აქვთ 15 კრედიტქულა, ხუთკრედიტიანი სატრენინგო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებენ 19 კრედიტ-ქულამდე კრედიტების შევსებას და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს არ აქვს გამოცდა ჩაბარებული, მაშინ შეუძლია გაიაროს ტრენინგმოდულები, პარალელურად ჩააბაროს გამოცდა და დააგროვოს 19 კრედიტქულა. მეტი სიზუსტისათვის, განვმარტავთ, რომ გარე მექანიზმებს წარმოადგენს ტრენინგები და გამოცდა.
🔽 ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს შეეძლება ტრენინგზე დარეგისტრირება? ხომ არ იქნება ადგილები შეზღუდული რეგისტრაციაზე? რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობებით აქვთ მოპოვებული 19 და მეტი კრედიტქულა, მაგრამ კომპეტენციები (თუნდაც ერთ-ერთი) არ აქვთ დადასტურებული, რა ელით მათ?
ტრენინგზე დარეგისტრირება შეეძლება ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს, მათ შორის, ვინც ჯერ არ გასულა გამოცდაზე.
რაც შეეხება მასწავლებლებს, რომელთაც 19 და მეტი კრედიტქულა აქვთ მოპოვებული, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კომპეტენციები, როგორც პროფესიული უნარების, ასევე საგნობრივი. განვმარტავთ, რომ ორივე კომპეტენციის დადასტურება აუცილებელი წინაპირობაა უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად.
ხუთკრედიტიან ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას თავად შეძლებენ.
🔽 შენარჩუნდება თუ არა გამოცდებზე 1, 4, 7 კრედიტის მიღების შესაძლებლობა?
როგორც ცნობილია, პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ზაფხულის გამოცდებზე 1, 4 და 7 კრედიტქულის მიღების შესაძლებლობა ისევ ძალაში რჩება.
🔽 პრაქტიკოსი და პროფესიაში შემსვლელი პედაგოგებისთვის განკუთვნილ კომპეტენციის დადასტურების გამოცდაში ხომ არ არის რაიმე სიახლე და როდის ჩატარდება?
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა ზაფხულში ჩატარდება. ფორმატი და შინაარსი იქნება იგივე, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდის ქულის შენარჩუნებას. წინა სქემის მიხედვით, თუ მასწავლებელი ერთი და იმავე საგანში ორჯერ გავიდოდა გამოცდაზე, ადრინდელი შედეგი უქმდებოდა. ახლი რეგულაციის მიხედვით კი, თუ მასწავლებელმა მეორედ ჩააბარა გამოცდა, წინა გამოცდის შედეგი არ დაეკარგება. მას მიეცემა იმის საშუალება, მიღებული შედეგებიდან, აირჩიოს მისთვის საუკეთესო შედეგი.
🔽 ჩატარდება თუ არა 2020 წელს გამოცდები, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად?
გამოცდა, რომელიც განკუთვნილი იქნება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს ვერ მოესწრება, რადგან უნდა შეიცვალოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. ახალი სტანდარტის პროექტი შემუშავებულია და განხილვის პროცესშია.
🔽 რა გამონაკლისს აწესებს ,,მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ უფროსი მასწავლებლებისათვის?
წელს, იმ უფროსი პედადოგებისათვის, რომელთაც სურთ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება, მათთვის არის დაშვებული რიგი შეღავათები. უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 15 კრედიტ ქულა აქვთ დაგროვებული, მათ შორის, სავალდებულო აქტივობები სრულად აქვთ განხორციელებული (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და ყველაფერი წარმატებით დაუდასტურათ, გამონაკლისის სახით, სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით, ეძლევათ გარე დაკვირვების გავლის უფლება, რის შედეგადაც წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. იმ უფროს მასწავლებლებს, რომელთაც კვლევა დაუხარვეზდათ, შეუძლიათ დაიწყონ მუშაობა ხარვეზის გამოსწორებისათვის და სავარაუდოდ აპრილიდან მიეცემათ შესაძლებლობა ატვირთონ კვლევები. ვისაც კვლევა დადებითად შეუფასდება, სექტემბრიდან დეკემბრამდე შეეძლებათ გაიარონ რეგისტრაცია გარე დაკვირვებაზე და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება მათთვის წამყვანის სტატუსის მინიჭების პროცესი. ხოლო მასწავლებლებს, რომლებსაც წელს მიენიჭათ უფროსის სტატუსი, მათ ახალი რეგულაციებით მოუწევთ სტატუსის შეცვლა.
🔽 ვინ არიან მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირები?
როგორც ცნობილია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის პროცედურები და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი. ბრძანებაში, ასევე, საუბარია იმ პირებზე, რომლებიც არიან უფლებამოსილი პირები რეგისტრაცია გაიარონ მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამაზე. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, მასწავლებლობის მაძიებლად რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირებია:
1. 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმებამდე ჩააბარონ იმ საგნის გამოცდა, რომლის სწავლებაც სურთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
3. მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისათვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.
🔽 რას მოიცავს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა:
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების მიხედვით მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას, ესენია: აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი, რომელიც ითვალისწინებს მაძიებლისთვის როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, აგრეთვე პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და გავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
🔽 როგორ მოხდება მაძიებლისათვის გავლილი კურსის შეფასება?
მასწავლებლობის მაძიებლისლობის პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, სკოლის დირექტორი აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსის შეფასებას ახორციელებს ცენტრი, ხოლო პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შეფასებას– ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვლება წარმატებულად გავლილად, თუ მასწავლებლობის მაძიებელი აკადემიურ და პედაგოგიური პრაქტიკის კურსში შეფასდება დადებითად.
🔽 მოხდება თუ არა მაძიებლობის პროგრამის გავლის პერიოდის ანაზღაურება და რა იქნება მათი საქმიანობა ამ პერიოდში?
რასაკვირველია, მაძიებლობის პროგრამის პერიოდი ანაზღაურებადია, ვინაიდან, პედაგოგები ამ დროს ჩვეულებრივ ასწავლიან საგანს და ამის პარალელურად გადიან მასწავლებლობის მაძიებლობის კურსს მაძიებლობის პროგრამაზე. ამ პერიოდში მათი ანაზღაურება უტოლდება პრაქტიკოსი მასწავლებლის ანაზღაურებას.
🔽 რატომ არ მიეცემა დანამატი სრულად უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე?
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 126/ნ ბრძანების მოთხოვნების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ უცხოენის პედაგოგებს ეძლევათ სრულად სტატუსის დანამატი.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმა დისკრიმინაციულია სხვა საგნის პედაგოგთა მიმართ .ასეთი მიდგომები უარყოფითადმოქმედებსმასწავლებელთა მოტივაციასა და სწავლების ხარისხზე, ასევე, ქმნის ეჭვს სხვა საგნების აქტუალურობასა და თანაბარ მნიშვნელოვნობასთან დაკავშირებით.
ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის ივლისს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ინიციატივით მიმართა განათლების მინისტრს და მოითხოვა ცვლილებების განხორციელება კანონში. განათლების მინისტრმა დადებითად გადაწყვიტა საკითხი და განათლების სამინისტროში შემუშავდა პროექტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანებაში ცვლილებების შესახებ ,,თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია, დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, მასწავლებელს დანამატი უნდა მიეცეს სრულად“. მინისტრების ცვლილებების გამო, გადაწყვეტილების მეღება დროში გაიწელა და ეს საკითხი შეჩერდა. ჩვენ არაერთგზის შევახსენეთ მინისტრებს და მოვითხოვეთ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელება.
ზემოაღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ხშირად მოგვმართავენ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნის მასწავლებლები, რომელთაც გააჩნიათ სამართლიანი პროტესტი და გულისტკივილი.
იმედი გვაქვს პრობლემა საბოოლოდ გადაიჭრება უახლოეს მომავალში. საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი ძალას არ იშურებს ამის გამოსასწორებლად.
ანანო ფანჩულიძე, გიორგი ნანობაშვილი
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტები
2020 წელი 6 თებერვალი
კულტურულ-საგანმანათლებლო ყოველკვირეული გაზეთი:
,,ახალი განათლება”