32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 

                                                                      სტატია  გამოქვეყნებულია  ინტერნეტპორტალ "პროგრესნიუსში"  2019 წლის   26 დეკემბერს

ლუკა სირაძის ტრაგედიის შემდეგ, მთავრობა კერძო სკოლებისთვის ახალი რეგულაციების შექმნაზე და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ დახვეწაზე ალაპარაკდა. „ვფიქრობთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რომლებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ კერძოა, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის განცალკავებული და განყენებული სამყაროა და არ უნდა შეეხოს თუნდაც მკაცრი რეგულაციები“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორ „უფეშქაშა“ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიზნესს სახელმწიფოს ქონება, რამდენად კონკურენტუნარიან განათლებას აძლევს კერძო სკოლა და რატომ აქვს კერძო სკოლის მასწავლებელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულზე ნაკლები ანაზღაურება? კერძო სკოლებში არსებული ვითარებისა და დაგეგმილი ცვლილებების  შესახებ „პროგრესნიუსს“ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მაია კობახიძე ესაუბრა:

_ დავიწყებ იმით, რომ პედაგოგთა პროფკავშირი იცავს მასწავლებლის უფლებებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე, მაგრამ ჩვენი წევრების და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ღერძი ბავშვი და ქვეყნის მომავალი თაობა გახლავთ. რა თქმა უნდა, სკოლას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მოსწავლის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. სკოლა და ოჯახი – ეს ორი ინსტიტუტი მხარდამხარ, ჰარმონიულად უნდა ზრუნავდნენ მოსწავლის აღზრდასა და განათლებაზე. რაც შეეხება 15 წლის მოზარდის ტრაგედიას, ვფიქრობ, ამაში ცალსახად, სკოლის დადანაშაულება შეუძლებელია, მაგრამ სკოლას უდიდესი ბერკეტები გააჩნია იმისთვის, რომ მოსწავლის სწორ განვითარებას შეუწყოს ხელი. სამწუხაროდ, სკოლებში აღმზრდელობითი მუშაობა მოისუსტებს და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ გაძლიერდეს ეს მიმართულება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვი თავისი დროის თითქმის ნახევარს სკოლაში ატარებს, აუცილებელია, რომ სკოლამ მისი ფსიქიკისა და სულიერების სწორად განვითარებისათვის იზრუნოს. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით „მწვანე სკოლაში“ მუშაობა არ განხორციელებულა, ამიტომ მიმართეს კანონის ისეთ ფორმას, როგორიც არის სამართალდამცავებისთვის ბავშვის გადაცემა. გამოძიების პროცესში, ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია.
_ დღეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კერძო სკოლების უმეტესობა და მათ შორის, „მწვანე სკოლაც“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში ოპტიმიზირებულ-ლიკვიდირებული საჯარო სკოლების ბაზაზე გაიხსნა. ყველას გვახსოვს, როგორი გამალებული ტემპებით მიდიოდა სკოლების მილევად რეჟიმში გადაყვანა, ლიკვიდაცია, კაპიკებად გაყიდვა და შემდეგ ამ შენობებში ძვირადღირებული კერძო სკოლების გახსნა. ისიც ყველამ ვიცით, ვინ დგას ამ სკოლების უკან..
_ რა თქმა უნდა, მილევადი პროცესები ხელოვნურად შექმნეს, რომ საჯარო სკოლებს დაპატრონებოდნენ და ეს პროცესები განსაკუთრებით, 2010, 2011-2012 წლებში გააქტიურდა. სამიზნე იყო სკოლა და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მისი შენობა რომელიმე სუბიექტის ხელში აღმოჩენილიყო. ძალიან ცუდი და მძიმე პროცესები გამოვიარეთ და სკოლამდელ დაწესებულებებში კრიზისი რომ შეიქმნა, ისიც ამ განუკითხაობის დამსახურებაა. გემახსოვრებათ, რომ სკოლებთან ერთად, ძალიან ბევრი საბავშვო ბაღი გაიყიდა, ახლები კი იმ რაოდენობით ვერ აშენდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. სწორედ ამიტომაა, რომ საჯარო ბაღის თითო ჯგუფში თუ საჯარო სკოლის თითო კლასში 30 ბავშვზე მეტია, რაც განათლების ხარისხზეც უარყოფითად მოქმედებს და ბავშვის ჯანმრთელობაზეც.  ჩვენი პროფკავშირი და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა კრიტიკული დამოკიდებულებით გამოვირჩევით კერძო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმართ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, რასაც საქართველოს კონსტიტუციაც განსაზღვრავს. დიახ, ჩვენ ვეწინააღდეგებით კერძო სკოლების სიმრავლეს, თუმცა მთლიანად აკრძალვის არც უფლება და არც სურვილი არ გვაქვს. ჩვენ არავის ვუკრძალავთ იყიდოს, გააკეთოს, ააშენოს, მაგრამ საჯარო სკოლას არავინ უნდა შეეხოს. ის, რომ საჯარო სკოლა შეისყიდონ და ამის ხარჯზე შექმნან ბიზნესი და ფუფუნება, ამის წინააღმდეგი ვართ. არაკეთილსინდისიერად, კანონდარღვევით მიტაცებული სახელმწიფო ფართები და შენიღბული ფორმით შესყიდვები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
_ როგორ ფიქრობთ, უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო კერძო სკოლას, სადაც სწავლის საფასური 5000, 10 000, 15 000 ლარი და მეტია?
_ რაც შეეხება კერძო სკოლების დაფინანსებას, ხშირად მომსმენია ზოგიერთი ექსპერტისა და განათლების სპეციალისტის მოსაზრება, რომ სახელმწიფო კერძო სკოლას არ უნდა აფინანსებდეს, ვინაიდან ეს კერძო სექტორში ჩარევას და ბიზნესზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას ნიშნავს. ასე განხილვა არასწორად მიმაჩნია. სახელმწიფო აფინანსებს თავისი მოსწავლეების განათლებას იმის მიუხედავად, სად სწავლობენ ისინი, ამიტომ დაფინანსება იმის მიხედვით არ გაიცემა მოსწავლე საჯარო სკოლაში სწავლობს თუ  კერძოში. ალბათ, კითხვა სხვაგვარად უნდა დაისვას – როგორ იყენებს კერძო სკოლა ვაუჩერულ დაფინანსებას და რა თანხას ხარჯავს სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის. მშობლებმაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს ვაუჩერული დაფინანსება და მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური რას ხმარდება და რა სერვისებს სთავაზობს კერძო სკოლა მოსწავლეს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს თემები ბოლომდე დამუშავებული არ არის და არის შემთხვევები, როცა კერძო სკოლის სწავლების ხარისხი  არაფრით განსხვავდება საჯარო სკოლის სწავლების ხარისხისგან. განსხვავება შეიძლება მხოლოდ ინფრასტრუქტურებში იყოს. მიმაჩნია, რომ ავტორიზაციის დროს ეს საკითხები ჯეროვნად უნდა დაიხვეწოს და დამუშავდეს ისე, რომ ბიზნესი არ დაზარალდეს.
_  ამისთვის რა უნდა გაკეთდეს?
_ გარკვეული სტანდარტი უნდა დაწესდეს რომელსაც სახელმწიფო გააკონტროლებს და ამ სტანდარტის ზემოთ ბიზნესს უნდა ჰქონდეს განვითარების სრული თავისუფლება. ამ თეზისის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ კერძო სკოლა არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არ არის ჩვეულებრივი კერძო საწარმო, რომელიც პროდუქციას უშვებს. საქმე გვაქვს ქვეყნის მომავალ თაობასთან, რაზეც ძირითადად, პასუხისმგებელია სახელმწიფო, ამიტომ აფინანსებს რა კერძო სკოლას, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება კერძო სკოლებს სტანდარტის ქვედა ზღვარი დაუწესოს და მისი კონტროლის მექანიზმები ჰქონდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამასთან ერთად, კერძო სკოლას უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება ამ სტანდარტის ზემოთ და სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის დამოუკიდებელი იყოს.
_ როგორც მასწავლებელთა უფლებების დამცველი, რით ახსნით, რომ ხშირად, ძვირადღირებული კერძო სკოლის პედაგოგს საჯარო სკოლის პედაგოგზე დაბალი ანაზღაურება აქვს?
_ დიახ, დასამალი არ არის, რომ ზოგიერთ კერძო სკოლაში პედაგოგთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური პირობები საჯარო სკოლების პედაგოგებთან შედარებით, ბევრად უარესია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, შრომის კოდექსით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, საჯარო და კერძო სკოლებისათვის ეს ერთი და იგივე არ არის. ხშირ შემთხვევაში, კერძო სკოლებში საქართველოს ორგანული კანონი, შრომის კოდექსის მოთხოვნები დარღვეულია და შრომის კოდექსის მოთხოვნები შრომით ხელშეკრულებებში არ აისახება. საქმე იქამდეც მიდის, რომ კერძო სკოლებში მასწავლებლები ზაფხულის შვებულებისა და ბიულეტენის ანაზღაურებას არ იღებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რაში იხარჯება მშობლების მიერ გადახდილი სწავლის საფასური და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსება? სწორედ ასეთი კითხვების არსებობის გამო, უნდა ჩატარდეს ავტორიზაცია და უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები კერძო სკოლების მიმართ. პედაგოგთა შრომითი, სოციალ-ეკონომიკური სამართლებრივი უფლებების დაცვისათვის  უნდა შემუშავდეს მექანიზმები და დაწესდეს იმ ტიპის სტანდარტი, რომელიც თანხვედრაში მოვა საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის შესახებ განათლების მინისტრის ბრძანებაში არის ნორმა, რომლის მიხედვით, კერძო სკოლისათვის ეს  ბრძანება ნებაყოფლობითია. ჩვენ, პროფკავშირმა მოვითხოვეთ, რომ ის სავალდებულო გამხდარიყო კერძო სკოლისთვისაც და ეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესასრულებელია, ვინაიდან სწორედ ეს ბრძანებაა, რომელიც დირექტირს უზღუდავს მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის ერთპიროვნულად დაწესებას. ეს ბრძანება პროფკავშირსაც აძლევს შესაძლებლობას დაიცვას მასწავლებლის უფლებები და აარიდოს ზოგიერთი დირექტორის მხრიდან ზეწოლას, დევნას და უსამართლო დისციპლინური სახდელების დაწესებას.
_ დღეს ამის გაკეთებას ვერ ახერხებთ?
_ კერძო სკოლაში, რომელიც ჩვენი წევრია, ასეთი პრობლემები აღარ არსებობს და ეს საკითხები მოგვარებულია, მაგრამ ისეთ კერძო სკოლაში, რომელიც ასეთი ტიპის ნორმატიული აქტით არ ხელმძღვანელობს, ბუნებრივია იღებენ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას მასწავლებლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაწესების თაობაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ ბრძანება არეგულირებს მასწავლებლის ანაზღაურებადი შვებულების ვადებს და ის უნდა იყოს არანაკლებ 40 სამუშაო დღე. არსებობს ასევე, ჯანმრთელობის მინისტრის ბრძანება დროებითი შრომისუუნარობის წესის თაობაზე და ქვეყნის ყველა უწყება ამ ბრძანებით  სარგებლობს. მათ შორის, ჩვენც, არასამთავრობო ორგანიზაცია პროფკავშირი ასეთი კანონდებლობის მიხედვით გავცემთ ბიულეტენის ანაზღაურებას. გამოდის, რომ კერძო სკოლები, რომლებიც არ ასრულებენ ასეთი ტიპის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს კანონს არღვევენ. დიახ, შრომის კოდექსის დარღვევაა, როცა მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება  უფორმდება თითო წლით, სექტემბრიდან ივლისამდე იმისათვის, რომ ზაფხულის შვებულება არ მისცენ. ასევე, ჩვენს ქვეყანაში არსებობს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რომელიც კერძო სკოლასაც ეხება და საჯაროსაც. ეს კონცეფცია კერძო სკოლას უამრავ ვალდებულებას აკისრებს, მაგრამ ძალიან ბევრ კერძო სკოლაში მხოლოდ ერთი დარაჯის იმედად არიან. როდესაც სწავლა-სწავლების ხარისხზე მიდის საუბარი, აქაც უამრავი პრობლემაა, რადგან ზოგი სკოლა ჩაერთო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, ზოგმა კი თავი შეიკავა.
_ რატომ?
_  იმიტომ, რომ ამ ბრძანების მიხედვით, უფროს და წამყვან მენტორ მასწავლებლებს საკმაოდ მომხიბვლელი სტატუსის დანამატები აქვთ და როგორც ჩანს, კერძო სკოლას ამ დანამატების გაცემა არ უნდა. რა თქმა უნდა, ეს ყველა კერძო სკოლას არ ეხება, მაგრამ საერთოდ, ერთიან საკანონმდებლო ბაზაში უნდა მოექცეს კერძო სკოლაც და საჯაროც. ვიმეორებ, ეს არ არის შემთხვევა, როცა კერძო საწარმო ფინჯანს აწარმოებს და ის ხარისხიანი იქნება ან უხარისხო. აქ საქმე გვაქვს ბავშვთან და კანონის ყველა მოთხოვნა შესრულებული უნდა იყოს მთლიანად ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თავისი კერძო და საჯარო სკოლის ჩათვლით.
_ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კერძო სკოლა ამას კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევად შეაფასებს.
_ როდესაც ასეთი პროტესტი და ამბიცია აქვთ, რომ მათ საქმიანობაში  არავინ უნდა ჩაერიოს, კეთილსინდისიერად უნდა იმუშაონ. შეისყიდონ ფართი ან აიღონ შენობა იჯარით, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მოსწავლისთვის გამოყოფილი ვაუჩერი შენობის იჯარაში და კომუნალურ გადასახადებში არ უნდა გადაიხადონ.
_ ასეთი შემთხვევებიც არსებობს?
_ დიახ, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ხდება. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ვაუჩერი ბავშვის აღზრდას და განათლებას მოხმარდეს, შენობის სხვადასხვა ხარჯების ანაზღაურებას ხმარდება და ბუნებრივია, ამის წინააღმდეგი ვართ. საერთოდ, განათლების სისტემის პრივატიზება არ შეიძლება. განათლების სისტემა უნდა იყოს სახელმწიფო და ყველა ბავშვს თანაბრად უნდა შეეძლოს ხარისხიანი განათლების მიღება. თანაბარი უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებისათვის – ეს არის პროფკავშირების ძირითადი მოთხოვნა.

http://progressnews.ge/daushvebelia-rotsa-kerdzo-skola-mostsavlis-vauchers-komunalur-gadasakhadebshi-da-shenobis-ijarashi-kharjavs/?fbclid=IwAR2eWUNmv1T9O6FPp2ub2Ny-JbB2rRLu1SRDcUDHHX66P-FluvyCROEacz8