32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შედეგადაც, მოსამართლე თამარ ლაკერბაიამ დააკმაყოფილა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგების- გიული ლაღიძის, მაია ბურდულისა და  ქეთევან არზიანის სასარჩელო მოთხოვნები- კერძოდ, უკანონოდ სცნო გათავისუფლების თაობაზე გამოცებული ბრძანებები და დამსაქმებელს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

  პედაგოგები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტის     საფუძველზე:

დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.

გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, სადაც რეალურად არ მომხდარა პედაგოგთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმება და დამსაქმებელს წინასწარ ჰქონდა განზრახული გიული ლაღიძესთან, მაია ბურდულთან და ქეთევან არზიანთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა.

გაიმართა რამოდენიმე სასამართლო პროცესი, სადაც გათავისუფლებული მასწავლებლების ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე. დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა გათავისუფლების თაობაზე ბრძანებების კანონთან შესაბამისობა და გიული ლაღიძესთან მიმართებაში ისიც აღიარა, რომ შრომითი ხელშეკრულების რეალურ საფუძველს წარმოადგენდა საპენსიო ასაკი, რაც პირდაპირ წარმოადგენს დისკრიმინაციას.

ხანგძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები - კერძოდ, გათავისუფლების ბრძანებები გამოცხადდა ბათილად და დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა. რაც შეეხება თანამდებობაზე აღდგენას, ამასთან დაკავშირებით ითქვა უარი, ვინაიდან ფაქტობრივად აღარ არსებობს აღნიშნული პოზიციები. მოსარჩელეთა სურვილის შემთხვევაში, სპმთპ დაეხმარება მათ სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ნაწილის გასაჩივრებაში, მეორე ინსტანციის სასამართლოში.

ამჟამად, სპმთპ აგრძელებს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვა-წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და გვჯერა მათი წარმატებით დასრულების!