32 2 37 30 67
 contact@educator.ge
ყრილობის ბოლო დღეს - 1400 დელეგატი დაემშვიდობა ერთმანეთს. თუმცა, მიზნად უამრავი გეგმა და მიმართულება არის დასახული განათლების ინტერნაციონალის მსოფლიო ყრილობის დელეგატების ინიციატივებით.
ერთკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლების ინტერნაციონალის მე-8 მსოფლიო ყრილობამ მნიშვნელოვანი რეზოლუციები მიიღო: განათლების სფეროს დასაქმებულთა სათანადო დასაქმების პირობების შექმნის მოთხოვნების თაობაზე; განათლების დეკოლონიზაციის, თანამედროვე მონობის და ბავშვთა შრომის წინააღმდეგ; ადრეული განათლების უზრუნველყოფისა და განათლება მშვიდობისთვის სტრატეგიებისა და მექნიზმების განსაზღვრის შესახებ; ,,განათლების ინტერნაციონალის” ოთხწლიანი სტრატეგია დამტკიცდა და სხვა...
,,ჩვენი ამოცანები ძალიან მარტივია: ჩვენ გვინდა შევცვალოთ სამყარო”- ხაზგასმით აღნიშნა EI-ის პრეზიდენტმა სუზან ჰოპგუდმა.
დასკვნით სიტყვაში, განათლების ინტერნაციონალის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ დელეგატს ნდობისთვის. სუზან ჰოპგუდი შემდგომი ოთხი წელი განათლების ინტერნაციონალს უხელმძღვანელებს. თუმცა მან აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ყველასთან ერთდ შეძლებს განათლების ინტერნაციონალის ახალი პოლიტიკის რეალიზებასა და დანერგვას, წარმატება კი ყველასთან ერთად მათ ქვეყნებში მუშაობის შედეგად მიიღწევა. ,,განათლების ინტერნაციონალის მე-9 მსოფლიო ყრილობამდე მიზანი მარტივია: შევცვალოთ მსოფლიო, რისთვისაც დემოკრატიის, ადამიანის და პროფკავშირის უფლებების დაცვა; თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა, მასწავლებლის პროფესიის, ჩვენი როლის გაძლიერება, ყველასათვის უფასო, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გარანტიების შექმნა არის აუცილებელი”.
2020 წელი ,,გაეროს მდგრადი განვითარების ამოცანების” ბოლო ათწლეულის დასაწყისია. აღნიშნულ ფაქტთან მიმართებში, სუზან ჰოპგუდმა ხაზი გაუსვა შემდეგს ,,ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში კვლავ უთანასწორობის ფაქტებია, რაც ნეგატიურ გავლენებს ახდენს საზოგადოებების წევრებსა და უმცირესობებზე, ადამიანის უფლებების უგულებელყოფისა და განათლების სფეროს პრივატიზების შემთხვევებია”.
EI-ის პრეზიდენტმა შეახსენა მთავრობებს ვალდებულებების შესრულებისკენ. ,,მართონ”და დააფინანსონ განათლება იმისთვის, რომ ყველა მოსწავლე უზურნველყოფილი იყოს სათანადოდ. ,,ჩვენ ვერ შევეგუებით გამოწვევებს ჩვენს პლანეტაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე, ხარისხიანი უფასო განათლების და ჩვენს პროფესიაზე თავდასხმას... ჩვენ უნდა ავაშენოთ ფუნდამენტი და გავძლიერდეთ. ორგანიზება არის გარდაუვალი გზა... ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძოლებთ“- აღნიშნა მან.