მიმდინარე წლის 26 ივნისს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) სამგორის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის 107 დელეგატის, პროფაქტივის, საპატიო და მოწვეული სტუმრების წინაშე ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში შეაჯამა რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა გულიკო ამილიძემ.
სამგორის რაიონული ორგანიზაციის მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია განსაკუთრებული დღე იყო მისი ლიდერისა და სამგორის რაიონის სპმთპ-ის წევრებისთვის.
კონფერენციის მსვლელობისას სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, გულიკო ამილიძეს გადასცა საპატიო ჯილდო — პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თავის გამოსვლაში გულიკო ამილიძემ აღნიშნა, რომ ეს აღიარება მისი რაიონის თითოეული წევრის დამსახურებაა. მაია კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გულიკო ამილიძის როლს სპმთპ-ის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და მისი აღდგენა-განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ვრცლად ისაუბრა პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიღწეული საკანონმდებლო ინიციატივების შესრულებაზე, სამართლებრივ ასპექტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატებმა სპმთპ-ის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. პრეზიდენტის მხრიდან მათ მიიღეს კვალიფიციური პასუხები, რის საფუძველზეც პროფკავშირის მიდგომები დადებითად შეაფასეს. დელეგატებმა სრული მხარდაჭერა და ნდობა გამოხატეს ორგანიზაციის პრეზიდენტის სტრატეგიების მიმართ.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, სკოლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორები. კონფერენციის 104-მა დელეგატმა გულიკო ამილიძეს ერთხმად გამოუცხადა ნდობა, 4-წლიანი მანდატი გადასცა და ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია.
„მადლობა სპმთპ-ის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს ჩემდამი გამოხატული ნდობისა და დაფასებისათვის, ასევე დელეგატებს, რომლებმაც ერთხმად გამომიცხადეს ნდობა და მომცეს შესაძლებლობა, კვლავ ვუხელმძღვანელო სამგორის რაიონულ ორგანიზაციას“ — აღნიშნა გულიკო ამილიძემ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) სამგორის რაიონული ორგანიზაციის მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე წარდგენილ მოხსენებაში ხაზი გაესვა პროფკავშირების უალტერნატივო როლს დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში, რაც სათავეს ჯერ კიდევ 1907 წლიდან იღებს. ორგანიზაცია ამაყობს თავისი ძლიერი გუნდითა და პრეზიდენტ მაია კობახიძის ლიდერობით, რომლის ავტორიტეტიც აღიარებულია ევროპულ და საერთაშორისო ასპარეზზე (მათ შორის EI-სა და ETUCE-ში) და რომელიც სულ ახლახან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის 2026-2028 წლების დელეგატად აირჩიეს. სწორედ ეს ძლიერი მმართველობა, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ერთიანობის პრინციპები წარმოადგენს იმ საძირკველს, რომელსაც სამგორის რაიონული ორგანიზაცია ეფუძნება, აღინიშნა საანგარიშო მოხსენებაში.
სამგორის რაიონულ ორგანიზაციაში, რომელიც დღეისათვის ათასზე მეტ წევრს აერთიანებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი საბჭოს წევრების ჩართულობასა და პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეების აქტიური საქმიანობის ხელშეწყობას, რაც წევრთა ინტერესების მოკვლევასა და დადგენას ემსახურება, რათა სწორად წარიმართოს საქმიანობა რაიონულ დონეზე.
დემოკრატიულ მართვასა და წევრებთან მჭიდრო, ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველადი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, რაიონის თავმჯდომარე ინტენსიურად სტუმრობს პირველად ორგანიზაციებს ადგილზე, რათა მოუსმინოს წევრებს. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა რაიონული საბჭოს 14 სხდომა, სადაც 33 პირველადი პროფკომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად მტკიცდებოდა ორგანიზაციის ბიუჯეტი და სამუშაო გეგმები. წევრებთან მუდმივი კავშირის შესანარჩუნებლად ყოველი ორშაბათი საინფორმაციო დღედაა გამოცხადებული. პარალელურად, თავმჯდომარე პირადად სტუმრობს სკოლებსა და ბაგა-ბაღებს, რათა თითოეული წევრის პრობლემასა თუ წარმატებას ადგილზე გაეცნოს და მათ საჭიროებებს ოპერატიულად უპასუხოს.
მოხსენებაში ვრცლადაა წარმოდგენილი პედაგოგთა პროფესიული ხელშეწყობისა და სოციალური მხარდაჭერის წარმატებული მაგალითები, როგორიცაა სპმთპ-ის ,,პროფესიული განვითარების ცენტრისა’’ და ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი ტრენინგები. ორგანიზაცია აქტიურად ზრუნავს წევრთა ჯანმრთელობასა და მატერიალურ პრობლემებზე, სთავაზობს მათ შეღავათიან საგზურებს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ახორციელებს საინტერესო პროექტებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდული პროექტები: „აფხაზეთი საქართველოა“ და დებატების კონკურსი, რომელთა გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები, სახელმწიფო უწყებებისა და სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მხარდაჭერით, ტაო-კლარჯეთისა და ბაკურიანის საგზურებით დაჯილდოვდნენ.
დამსწრე აუდიტორიამ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წარმოებული სტრატეგიისთვის. იმედი გამოითქვა, რომ სპმთპ კვლავაც შეძლებს აქტიურ მუშაობას სკოლამდელი აღზრდის პერსონალის შრომის ღირსეული ანაზღაურების, ერთიანი სახელფასო პოლიტიკის, აღმზრდელ-პედაგოგთა სტატუსისა და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხების მოგვარების მიმართულებით.
სპმთპ მადლობას უხდის სამგორის რაიონის სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორებს დემოკრატიული პარტნიორობისთვის, წევრებს კი მოუწოდებს სოლიდარობისა და ერთსულოვნებისკენ, რადგან სწორედ ორგანიზაციის მრავალრიცხოვნობასა და ერთობაშია მათი მთავარი სიძლიერე.
სპმთპ მადლობას უხდის ქ.თბილისის N182 საჯარო სკოლის დირექტორს ნანა ნათიძეს კონფერენციის მასპინძლობისთვის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის