სპმთპ-ის ქედას რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია
2026 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ქედას რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია, რომელზეც ორგანიზაციის ოთხწლიანი საანგარიშო პერიოდის საქმიანობა შეჯამდა.
ღონისძიებას ესწრებოდა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე. მან დელეგატების წინაშე დეტალურად მიმოიხილა სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის ინიციატივებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და პედაგოგთა სასიკეთოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
კონფერენციის მსვლელობისას, ქედას რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თეიმურაზ შერვაშიძემ დელეგატებთან ერთად იმსჯელა ქედას მუნიციპალიტეტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ პრობლემებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალმთიანი რეგიონების სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მყარი გარანტიების შექმნასა და გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოფლებში მოსახლეობის მიგრაციის შემცირებისა და ადგილზე ხალხის დამაგრებისათვის. კონფერენციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროფკავშირი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.
ქედას რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ისინი ინტენსიურ რეჟიმში იღებდნენ საჭირო თანადგომას როგორც პროფესიულ, ისე შრომით და სოციალურ საკითხებთან მიმართებით. წევრებმა გაწეული თავდადებული მუშაობისთვის თეიმურაზ შერვაშიძეს მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიების საზეიმო ნაწილში, ნათია კორძაძემ, ორგანიზაციის პრეზიდენტის, მაია კობახიძის სახელით, თეიმურაზ შერვაშიძეს პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადასცა. თეიმურაზ შერვაშიძემ აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის ლიდერს, მაია კობახიძეს და აღნიშნა, რომ ეს ჯილდო ქედას ორგანიზაციის თითოეულ წევრს ეკუთვნის.
მოხსენების დასასრულს, ქედას რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და აქტივისტებს გაწეული შრომისთვის, აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თემურ მჭედლიძეს მუდმივი თანადგომისთვის და სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, რომლის უშუალო ძალისხმევითა და ლიდერობით ბევრი პრობლემური საკითხი განათლების სამინისტროს დონეზე პედაგოგთა სასარგებლოდ დადებითად წყდება.