„ჩვენი ძალა ერთიანობაშია, ურთიერთპატივისცემასა და ღირებულებებშია“ – 2026 წლის 10 ივნისს, სპმთპ-ის დმანისის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხების თანმიმდევრობით წარიმართა.
სპმთპ-ის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მაია მურჯიკნელმა, დმანისის მუნიციპალიტეტში მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა, რომელიც მოიცავდა 2022 წლის ივნისიდან დღემდე პერიოდს. კონფერენციას ესწრებოდნენ: 47 დელეგატი, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუნუ მეტრეველი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე და ადგილობრივი სკოლების დირექტორები.
კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, გაშამ სულეიმანოვის სიურპრიზს უკავშირდებოდა, რომელმაც სპმთპ-ის პრეზიდენტ მაია კობახიძეს პიროგრაფიით (ხეზე წვით) შესრულებული ულამაზესი პორტრეტი გადასცა.
მაია კობახიძე: „ეს საოცარი ნახატი ჩემთვის უძვირფასესი და სრულიად მოულოდნელი სიურპრიზია! ბატონი გაშამი ფლობს ამ ერთ-ერთ უძველეს ხელოვნებას, სათუთად გადასცემს მას თაობებს და მოხარული ვარ, რომ დღეს მეც გავხდი მისი შემოქმედების ნაწილი. დიდი მადლობა მას ასეთი შემოქმედებისთვის — ეს მაძლევს მეტ მოტივაციასა და ძალას მასწავლებელთა უპირობო მხარდაჭერაში! ჩვენ ვართ დიდი გაერთიანება, რომელიც ბატონი გაშამის მსგავს, უამრავ თავდადებულ და პროფესიონალ პედაგოგს აერთიანებს. სწორედ ამ ერთობით ვაძლიერებთ ჩვენს ორგანიზაციას!“
კონფერენციის დელეგატებსა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ყულიაშვილმა და რესურსცენტრის უფროსმა მაია ხმალაძემ. მათ ხაზი გაუსვეს მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას, აღნიშნეს მათი როლი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში და მადლობა გადაუხადეს პროფკავშირს სოციალური დიალოგის ფარგლებში გაწეული საქმიანობისთვის.
მაია მურჯიკნელი: „დმანისის ორგანიზაცია აერთიანებს 600-მდე წევრს, თუმცა ეს მხოლოდ ციფრი არ არის — ამ რიცხვის უკან დგანან ადამიანები: პედაგოგები, სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. პროφკავშირის მთავარი მისია სწორედ მათი მხარდაჭერა და თანადგომაა. მადლობას ვუხდი ორგანიზაციის პრეზიდენტს იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც რაიონის დონეზე გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული წევრის მიმართ ვიყოთ თანამდგომი და თანმიმდევრული, რათა დავეხმაროთ წევრებს პროფესიული თუ სამართლებრივი მიმართულებით. ამ გზაზე უდიდესი მაგალითი და მოტივაციაა ჩვენი პრეზიდენტი, მაია კობახიძე — პროფესიული ერთგულების სიმბოლო. განსაკუთრებული მადლობა ვიცე-პრეზიდენტებს — მარი ალუღიშვილსა და ნათია კორძაძეს, ასევე რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ მაია ხმალაძეს მუდმივი მხარდაჭერისთვის“.
კონფერენციის დელეგატებსა და სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიმართვისთვის. მან სიღრმისეულად ისაუბრა ორგანიზაციის გეგმებზე, ადრეული განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე გამოწვევებსა და სამომავლო სტრატეგიულ ნაბიჯებზე.
კონფერენცია ინტერაქტიული დიალოგის რეჟიმში წარიმართა — სიტყვით თავად დელეგატებიც გამოვიდნენ. მათ არაერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრეს. გამომსვლელებმა დიდი მადლიერება გამოხატეს გაწეული შრომისთვის, ხაზი გაუსვეს მიღწეულ წარმატებებს და განსაკუთრებულად შეაფასეს მაია კობახიძის თავდაუზოგავი საქმიანობა და თითოეული მასწავლებლის გვერდით დგომა.
კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა:
• არაქართულენოვანი პედაგოგების მხარდაჭერა: კონფერენციაზე ხაზი გაესვა სპმთპ-ის მხრიდან არაქართულენოვანი მასწავლებლების სისტემატურ პროფესიულ მხარდაჭერას. სპმთპ-ის პროფესიული განვითარების ცენტრი იყო პირველი, ვინც მათ პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარა. სწორედ მაია კობახიძის ინიციატივით განხორციელდა კანონში ის ცვლილებები, რომლებმაც პედაგოგებს ახალი შესაძლებლობები მისცა.
• ვადების გახანგრძლივება: სპმთპ-ის ინიციატივითა და ვადების გახანგრძლივებით, მასწავლებლებმა შეძლეს სრულყოფილად მიეღწიათ პროფესიული ზრდისთვის.
• საერთაშორისო პროექტი: აღინიშნა დანიურ-ქართული საერთაშორისო პროექტი, რომელშიც 10 ადგილობრივი პედაგოგი მონაწილეობდა. პროექტმა მათ საშუალება მისცა, გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება, დაენერგათ და კოლეგებს შორის გაევრცელებინათ თანამედროვე მეთოდოლოგიები.
• სკოლების ავტორიზაცია: დმანისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძესა და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარეს, როლანდ ხოჯანაშვილსა დმანისის სკოლებისადმი გადაუდ ებელი დახმარებისთვის, რამაც წარმატება მოუტანა და მიულოცა ბოსლების, დიდი დმანისისა და მაშავერის საჯარო სკოლებს ავტორიზაციის მოპოვება.
კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა ერთხმად გამოუცხადეს ნდობა მაია მურჯიკნელს და მას მომდევნო ვადით მანდატი გადასცეს.
ერთობლივ სამომავლო მიზნებად დასახელდა: ორგანიზაციის წევრთა რაოდენობის ზრდა, ტრენინგების არეალის გაფართოება, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და სკოლებს შორის უფრო მჭიდრო, თანამშრომლობითი კავშირების ხელშეწყობა.
დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობის აღსანიშნავად სიმბოლური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.