26 ივნისს, ქალაქ გურჯაანში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის მე-11 საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას, ორგანიზაციის დელეგატებთან, სოციალურ პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე ესწრებოდა.
კონფერენცია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ესმა არსენიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ფიქსირდება.
საანგარიშო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, რომელმაც მონაწილეებს სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიმართვა გააცნო. მან დეტალურად მიმოიხილა პრეზიდენტის ინიციატივით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პედაგოგთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი სკოლამდელი აღზრდის სექტორსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ პრობლემებზე გაკეთდა.
კონფერენციის ფარგლებში დელეგატებმა ასევე განიხილეს ორგანიზაციის მომავალი ორი წლის სამოქმედო გეგმა. მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციების გაძლიერებასა და მათი ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის პრეზიდენტის, მაია კობახიძის მიმართ და იმედი გამოთქვეს, რომ პროფკავშირი და მისი რაიონული ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას.